სხვადასხვა

სპეკულაციები სკოლამდელი აღზრდის ახალი სტანდარტის შესახებ

14 ნოემბერი, 2017

2017 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში, ერთი მხრივ გადაცემის წამყვანმა ნინო რატიშვილმა, მეორე მხრივ კი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მთავრობის მიერ დამტკიცებული სკოლამდელი აღზრდის შესახებ ახალი სტანდარტი ჰომოფობიურ კონტექსტში და თავსმოხვეულ ვალდებულებად განიხილეს, რომლის მიზანი ქალთა და კაცთა ტრადიციული როლების შეცვლაა.

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: ესეც არის იმ იდეოლოგიის და იმ კამპანიის ნაწილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ [ჰომოსექსუალებზე] და წინა კითხვის გაგრძელებაა, ხო?! მე ვფიქრობ რომ ესეთი სტანდარტების დანერგვაც საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს აკრძალული. აი, ზუსტად ეს არის თავს მოხვევა ჩემი შვილების მომავალზე და ზუსტად ეს არის დამახინჯება მათი მომავლის...

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: არ უნდა ცდილობდეს საბავშვო ბაღი და სკოლა პატარა გოგონაში, მანდილოსანში აღზარდოს სურვილი, იყოს ბეტონის ჩამსხმელი მშენებელი, ეს იდიოტობაა, არ უნდა იყოს ასეთი მცდელობები...

ნინო რატიშვილი: ანდა ბიჭი თმაშობდეს თოჯინებით და დედოფალათი...

დავით თარხან-მოურავი: მანდილოსანმა მანდილზე უარი არ უნდა თქვას და მამაკაცმა კაცობაზე უარი არ უნდა თქვას და ესეც ბრძოლას საჭიროებს...“

სკოლამდელი აღზრდის შესახებ ახალი სტანდარტის მსგავსს ინტერპრეტაცია, რომელსაც სხვა წყაროებიც ავითარებენ, სპეკულაციურია, რადგან იგი ინკლუზიურ აღზრდას უკავშირდება და მიზნად ბავშვთა სასწავლო პროცესში თანაბარ ჩართულობას ისახავს, მიუხედავად მათი რელიგიური, ეთნიკური, გენდერული კუთვნილებისა და სხვა რაიმე ნიშნისა.

რას ითვალისწინებს ახალი სტანდარტი?

სკოლამდელი აღზრდის სტანდარტი მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა და ის ძალაში 2018 წლიდან შევა. სპეკულაციების ტალღა სტანდარტის მე-19 მუხლს უკავშირდება, რომელიც ინკლუზიური განათლების საკითხებს მოიცავს. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგებმა ბავშვები გენდერული ნიშნით არ უნდა გამოარჩიონ და ხელი უნდა შეუწყობენ გოგოებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: “სტანდარტი - პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის თანაბარ ჩართულობას განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა. სტანდარტის ინდიკატორები:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თანაბრად ურთიერთობენ თითოეულ ბავშვთან - არ გამოარჩევენ მათ შესაძლებლობების, გარეგნული თავისებურებების,  რელიგიის, ასაკის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, სოციალური მდგომარეობის და სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით;

ბ) დაწესებულების გარემო მორგებულია თითოეული ბავშვის საჭიროებებზე;

გ) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი ბავშვებს არ გამოარჩევენ  გენდერული ნიშნით - ხელს უწყობენ გოგოებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.”

სტანდარტის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აღმზრდელ-პედაგოგმა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპები უნდა გაითვალისწინოს, გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლასა და თანასწორობის ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი ნინო ბესელია “მითების დეტექტორთან” აღნიშნავს, რომ სტანდარტის გარშემო გავრცელებული სპეკულაციები საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაა. მისი განმარტებით, ინკლუზიური მიდგომის შესახებ მუხლი ყოველდღიურ საქმიანობაში გოგოსა და ბიჭის თანაბარ ჩართულობას და გარემოს მოვლაზე თანაბარი პასუხისმგებლობების აღებას ისახავს მიზნად, როგორიცაა საწოლის ალაგება, მაგიდის გადაწმენდა და სხვა.


UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე კი განმარტავს, რომ დამტკიცებული სტანდარტის მიზანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის ხარისხისის გაუმჯობესებაა. მისივე თქმით, ის პუნქტები, რომლებიც ინკლუზიურ მიდგომასა და საგანმანათლებლო პროცესში გოგოსა და ბიჭის თანაბარ მონაწილეობას ეხება, საქართველოს ეროვნულ  და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობებსა და ღირებულებებს ეფუძნება.


სპეკულაციების სხვა წყაროები

გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი მიდგომა დასავლეთისგან თავსმოხვეულ ნორმად და იდენტობის დაკარგვის საფრთხედ ჰომოფობიურ კონტექსტში სხვა წყაროებმაც განიხილეს. ესენია: ულტრანაციონალისტური გამოცემა “ალტ-ინფო” და მასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი “ანტილიბერალური კლუბი”, ასევე დეკანოზი დავით ისაკაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერი ავთანდილ უნგიაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

გზავნილები და წყაროები სკოლამდელი აღზდის სტანდარტების შესახებ

 

პატრიოტთა ალიანსი

 

“მანდილოსანმა მანდილზე უარი არ უნდა თქვას და მამაკაცმა კაცობაზე უარი არ უნდა თქვას და ესეც ბრძოლას საჭიროებს”

 

დავით ისაკაძე, დეკანოზი

 

“ეს ძალიან დიდი ხიფათის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის"

 

ავთანდილ უნგიაძე, მმკ

 

“საბავშვო ბაღებიდან უკვე იწყება ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის ზომბირება, რომ თურმე ბიჭი და გოგო კი არ არიან ისინი, არამედ რაღაც გაურკვევლი სქესის.”

 

ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი, ალია

 

“ბიჭებს თოჯინებით ათამაშებენ და გოგონებს იარაღით, მათ ფსიქოლოგიურად განაწყობენ, რომ მომავალში გენდერული ბალანსი მოიშალოს.”

 

ალტ-ინფო

 

“ბავშვებს იმის სწავლებას დაუწყებენ, რომ გენდერი არა ბიოლოგიურად განსაზღვრული, არამედ არჩევითი მოვლენაა და ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს, რომელ გენდერთან ახდენს თვითიდენტიფიკაციას.”

 

ანტილიბერალური კლუბი

 

“გენდერული იდეოლოგიის სასწავლო სისტემაში შეტანა აუცილებლად გულისხმობს უკვე ბაღის ასაკიდან ბავშვებისთვის იმის სწავლებას, რომ ტრანსგენდერობა ნორმაა.”

 

დავით ფერაძე, საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

 

“ბიჭუნას პრინცესას როლი მისცეს, გოგონას კი - უფლისწულის. ბავშვის ქალურად ჩაცმა როგორ არ მოახდენს მის ფსიქიკასა და სექსუალურ ორიენტაციაზე გავლენას?”

 

თამთა მეგრელიშვილი, იურისტი

 

“ამ მოცემულობით ბავშვს ბაღის ასაკიდანვე ვუმახინჯებთ აზროვნებას! ის ჩათვლის რომ გენდერი არჩევითი მოცემულობაა!”


მოამზადა ლიანა ელოიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია