სხვადასხვა

Sova.news-ი საქართველოდან Роскомнадзор-მა სტატიაში 2 სიტყვის “გამოტოვების” გამო რუსეთში დაბლოკა

21 სექტემბერი, 2017

2017 წლის 6 სექტემბერს რუსეთის გენერალური პროკურორის გადაწყვტილების საფუძველზე რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოში დარეგიტრირებული რუსულენოვანი გამოცემა sova.news-ი დაბლოკეს. გამოცემის ცნობით, დაბლოკვის მიზეზი მათი სტატია “Военный министр ИГ Тархан Батирашвили оставил завещание моджахедам” (ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მინისტრმა თარხან ბათირაშვილმა მოჯაჰედებს ანდერძი დაუტოვა) გახდა.

რუსეთის  “კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის” იგივე Роскомнадзор-ის დაბლოკილი საიტების/სტატიების სიაში sova.news-ის რუსეთის ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდვის საფუძვლად  რუსეთის კანონმდებლობაა მითითებული, კერძოდ: ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ რუსეთის ფედერაციული კანონის 15.3 მუხლი, რომელიც რუსული კანონმდებლობის დარღვევით გავრცელებულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საკითხებს არეგულირებს.

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მედია საშუალებები ვალდებულები არიან დაიცვან შემდეგი წესები:

  • “ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ფედერაციული კანონის” ფარგლებში ლიკვიდირებული ან აკრძალული საზოგადოებრივი გაერთიანებების ან სხვა ორგანიზაციების გაშუქებისას, მიუთითონ, რომ აღნიშნული გაერთიანებები ან ორგანიზაციები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლიკვიდირებული/აკრძალულია.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ მედია საშუალება ექსტრემისულ მასალას ავრცელებს.  აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში მედია საშუალებების პასუხისმგებლობა ითვალისწინებს როგორც იურიდიული პირის მიმართ 40-50 ათას რუბლის ოდენობის ჯარიმასა და შესაბამისი ჟურნალისტური მასალის გავრცელების შეწყვეტას, ასევე მედია საშუალების საქმიანობის შეჩერებას.

Sova.news-ის დაბლოკვის საფუძველი სწორედ აღნიშნული კანონმდებლობის დარღვევა გახდა,  კერძოდ, Роскомнадзор-ი საქართველოში დარეგისტრირებულ გამოცემას ედავება, რომ მან თარხან ბათირაშვილის შესახებ მომზადებულ მასალაში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინ  სიტყვები “რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია” არ მიუთითა. მიუხადავად იმისა, რომ Sova.news-ის ვებ-გვერდი 6 სექტემბრს რუსეთის ტერიტორიაზე სრულად დაიბლოკა, Роскомнадзор-ის ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ შეზღუდვა არა გამოცემას, არამედ ერთ კონკრეტულ სტატიას შეეხებოდა.

"
წყარო: sova.news

Sova.news-ის რედაქციისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ ამოქმედდა მათზე რუსეთის ფედერაციის კანონი, რადგან გამოცემა საქართველოშია რეგისტრირებული. ამასთან სტატიის გამო რუსეთის ტერიტორიიდან საიტზე წვდომის გაუქმება რუსული კანონმდებლობის დარღვევით მოხდა, რომლის თანახმად, მასალის დაბლოკვამდე/მედია საშუალების საქმიანობის შეჩერებამდე, პროკურატურა ვალდებულია, რედაქციას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნოს.  Sova.news-ის რედაქციას კი წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია.

რუსულ ბაზარზე დაბრუნების მიზნით, რედაქციამ სტატია წაშალა და ე.წ. ბლოკლისტიდან sova.news-ის ამოღების თხოვნით Роскомнадзор-ს წერილობით მიმართა. 2 კვირიანი შეზღუდვის შემდეგ Роскомнадзор-მა რუსეთის ტერიტორიაზე sova.news-ის წვდომა აღადგინდა. ამასთან, sova.news-ის რედაქციამ რუსულ კანონმდებლობასთან კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ ამიერიდან ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ხსენების დროს აღნიშნავს, რომ ორგანზიაცია რუსეთში აკრძალულია.

Sova.news: “არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Sova-ს რედაქცია კომპრომისზე მიდის და მზად არის ისლამური სახელმწიფოს შესახებ მასალებში ფორმულირება “რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული ორგანიზაცია” გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობია ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზეა აკრძალული, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ჩვენი მედია საშუალებაა დარეგისტრირებული.”

Дождь-ის გამოცდილება

კანონმდებლობის მედიის შინაარსობრივი რეგულაციის მიზნით გამოყენებას ტელეკომპანია Дождь-ის შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი, როდესაც 2016 წლის 5 ივლისს ჰქონდა მოძრაობა “ანდიმაიდანმა” ტელეკომპანიის წინააღმდეგ რუსეთის გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა. “ანტიმაიდანის” განმარტებით, Дождь-ი “ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ” ფედერაციულ კანონს არღვევდა, რადგან ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” შესახებ 32-მდე მასალაში ფრაზა “რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია” მითითებული არ იყო.

"
"
რფ-ს კანონმდებლობის და პრაქტიკის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან

რუსეთის ფედერაციაში ექსტრემისტული საქმიანობის გაშუქებისა და ექსტრემისტული მასალების გავრცელების შესახებ მედიის შინაარსობრივ რეგულირებას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს.

Human Rights Watch-ის შეფასებით “ექსტრემიზმის” შესახებ რეგულაციებს რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 2014-2016 წლებში “ექსტრემისტული გამოხატვის” გამო ბრალდებების 85 % ონლაინ გამოხატვას ეხებოდა, პასუხისმგებლობა კი როგორც ჯარიმებსა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ასევე პატიმრობას გულისხმობდა. HRW-ის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლის პერიოდში “ექსტრემისტული გამოხატვის” გამო პატიმრობის მისჯის რაოდენობა 54-დან 94-მდე გაიზარდა. მაგალითად, 2015 წლის დეკემბერში ბლოგერს ქალაქ ტომსკიდან 5 წლიანი პატიმრობა სწორედ “ექსტრემიზმის” გამო შეეფარდა. მან Youtube-ზე და სოციალურ მედიაში ღიად გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში. მომდევნო წელს კიდევ ერთ ბლოგერს “ტერორიზმის საჯაროდ გამართლების” მოტივით 2,5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მას შემდეგ, რაც მან სირიაში რუსეთის სამხედრო ჩართულობა გააკრიტიკა.

რეპორტიორების საღვრებს გარეშე-ს(RWB) შეფასებით, 2012 წელს ვლადიმირ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, ვებ-გვერდების დაბლოკვა და დრაკონული კანონები მკვეთრად გაძლიერდა. წამყვანი დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემები ან ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა, ან საერთოდ დაიხურა.

პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი, რომელსაც RWB ითვლის, რუსეთში ყოველწლიურად უარესდება. 2016 წლის მდგოამრეობით, პრესის თავისუფლების ინდექსი რუსეთში 49.03-ია, რაც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მხრივ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სიტუაციას ასახავს.