სჯიან თუ არა კალიფორნიაში 1000 დოლარამდე საქონლის ქურდობისთვის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.7k
VIEWS

26 ივლისს, ალტ-ინფოს გადაცემის „ალტ-ანალიტიკა“ ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც ლიბერალიზმს მყარად აქვს ფესვები გადგმული, კრიმინოგენული სიტუაცია საგრძნობლად გაუარესებულია. ამის საილუსტრაციოდ, წამყვანმა კალიფორნიის შტატში გადაღებული ვიდეო კადრები მოიშველია, სადაც ჩანს, თუ როგორ იპარავენ კონკრეტული პირები მაღაზიის პროდუქციას ყოველგვარი შეფარვისა თუ წინააღმდეგობის გარეშე. ქარდავას თქმით, შტატის ლიბერალურმა ხელისუფლებამ  წვრილმანი ქურდობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რაც  ნებისმიერ ადამიანს მაღაზიაში შესვლისა და ყოველგვარი სასჯელის გარეშე 1000 დოლარამდე ღირებულების საქონლის მოპარვის საშუალებას აძლევს.

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: „ამ ლიბერასტებმა, ამ შტატის ხელმძღვანელობამ, რომელმაც საერთოდ გარეკა, მოახდინა მცირე ოდენობის ქურდობების დეკრიმინალიზაცია. თუ ადამიანი ქურდობს 1000 დოლარამდე, მასზე არ უნდა ხდებოდეს რეაგირება. ამან რა გამოიწვია, ტიპები ჩვეულებრივად შედიან მაღაზიაში და გამოაქვთ პროდუქტები. ეს არის ლიბერალური სიგიჟის ერთ-ერთი ნათელი ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.“

1

მტკიცება, თითქოს კალიფორნიის შტატში წვრილმანი ქურდობა დეკრიმინალიზებულია, მანიპულაციაა. რეალურად, 2014 წელს კალიფორნიის  შტატში ნამდვილად მოხდა წვრილმანი ქურდობის შესახებ კანონის გადახედვა, თუმცა ქურდობა დაუსჯელი არ რჩება. ცვლილება შეეხება 950 დოლარამდე ღირებულების პროდუქციის მოპარვას, რაც განისაზღვრა არა მძიმე სახის, არამედ წვრილმან დანაშაულად, რომელიც კანონის სრული სიმკაცრით არ ისჯება, თუმცა  გარკვეულ სადამსჯელო ღონისძიებებს მაინც ითვალისწინებს, მათ შორის, კონკრეტულ შემთხვევებში, თავისუფლების  6 თვემდე ვადით აღკვეთასაც კი. რაც შეეხება დანაშაულის სტატისტიკას, 2021 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, სან-ფრანცისკოში ქონების მოპარვა-ქურდობის მაჩვენებელი, რაც მაღაზიის ქურდობის ინდიკატორსაც მოიცავს, 3,1%-ით არის შემცირებული. 2017 წლიდან მოყოლებული შესამჩნევია მსგავსი ტიპის დანაშაულის რაოდენობის მკვეთრი კლება.

2014 წლამდე კალიფორნიის შტატის კანონმდებლობა წვრილმან ქურდობას  მძიმე დანაშაულად თვლიდა, რაც სადამსჯელო ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით ითვალისწინებდა. კალიფორნიის სამართლებრივი ორგანოს 47-ე ნორმის საფუძველზე მოხდა იმ გარემოებებათა სიის დავიწროება, რომლებიც მძიმე დანაშაულად ჩაითვლებოდა. კანონის ცვლილების მიზანი აღმკვეთი სასჯელის მხოლოდ სერიოზულ და ძალადობრივ აქტებზე კონცენტრირება იყო, რითაც შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე პასუხისგების ალტერნატივები (ჯარიმა, პრობაცია) გამოიძებნებოდა, ხოლო პატიმრების რაოდენობის შემცირებით დაზოგილი თანხა კი განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და მენტალური პრობლემების მქონე პირთა მკურნალობას მოხმარდებოდა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის პროფესორების მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ შტატის კანონმდებლობის 47-ე ნორმას  კრიმინოგენულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. კერძოდ, ნორმის შემოღება კორელაციაში არ არის ისეთ მნიშვნელოვან დანაშაულებთან, როგორებიცაა მკვლელობა, გაუპატიურება, ქურდობა, ყაჩაღობა და ა.შ. იგივეს ადასტურებს 2021 წლის ივლისში კრიმინალური სამართლის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც 47-ე ნორმის გავლენა დანაშაულის საერთო დონეზე “მინიმალურია.”

რაც შეეხება ქარდავას მიერ ნაჩვენებ ვიდეო კადრებს, ინციდენტები სან-ფრანცისკოს რამდენიმე მაღაზიაში ნამდვილად მოხდა, თუმცა მსგავს ქმედებებს შტატში რეგულარული სახე არ აქვს და არც დამნაშავეები რჩებიან დაუსჯელები. სან ფრანცისკოს პოლიციის განცხადებით, დანაშაულის შესახებ საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება.

სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტის უახლესი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში კრიმინალის რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირებულია. საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული 6,8%-ით არის შემცირებული, ხოლო ქონების მოპარვა-ქურდობის მაჩვენებელი, რაც მაღაზიის ქურდობის ინდიკატორსაც მოიცავს, 3,1%-ით არის შემცირებული.

2
Რაც შეეხება ქონების მოპარვა-ქურდობის ყოველწლირ სტატისტიკას, 2017 წლიდან მოყოლებული შესამჩნევია დანაშაულის რაოდენობის მკვეთრი კლება.

3
წყარო: სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტი

გიორგი ქარდავას დასავლეთის ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე მანიპულაციური მტკიცებები წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:

  • სად უფრო უსაფრთხოა ცხოვრება – ლიბერალურ თუ ავტორიტარულ ქვეყნებში?
  • ალტ-ინფოს წამყვანი ამერიკას დემოკრატიას და ჩიკაგოს მერს უწუნებს

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist