სხვადასხვა

შეუძლია თუ არა ამერიკელ კონგრესმენს ტვიტერს ძროხის ყალბი პროფილის გამო უჩივლოს?

26 ივნისი, 2020

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დევინ ნუნიესმა სასამართლოში შვიდი საჩივარი მედია კომპანიების, აქტივისტებისა და ერთ-ერთი საგამოძიებო კვლევითი ფირმის წინააღმდეგ შეიტანა. ნუნიესი მათ შეთქმულებაში მონაწილეობაში და მისი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. ამას გარდა დევინ ნუნიესმა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ორი პაროდიული ანგარიშის გამო “დევინ ნუნიესის ძროხა” (Devin Nunes’ Cow) და “დევინ ნუნიესის დედა” (Devin Nunes’ Mom) ტვიტერსაც უჩივლა. კონგრესმენი აცხადებს, რომ აღნიშნული პროფილები ახდენდნენ მის დისკრედიტაციას და ხელს უშლიდნენ არჩევნების პროცესში, რის შედეგადად, ნუნიესის აზრით, 2018 წლის არჩევნები იმაზე მცირე განსხვავებით მოიგო, ვიდრე ჩვეულებრივ. დევინ ნუნიესი ტვიტერს უმოქმედობაში ადანაშაულებს და თვლის, რომ მსგავსი კონტენტის გავრცელება ტვიტერმა არ უნდა დაუშვას.

"

'

მოსამართლე ჯონ მარშალმა ამ საკითხთან დაკავშირებით 19 ივნისს გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნა, რომ კონგრესმენი დევინ ნუნიესი ტვიტერს ვერ უჩივლებს იმ ანგარიშებისთვის, რომლებიც ნუნიესის დედისა და ძროხის პაროდიას აკეთებენ. ფედერალური კანონის მიხედვით, სოციალური მედიის კომპანიებს არ აქვთ პასუხისმგებლობის აღების ვალდებულება იმ კონტენტზე თუ რას აქვეყნებენ მომხმარებლები პლატფორმაზე. ერთადერთი გამონაკლისი ხდება მაშინ, როდესაც ტვიტერი თავად არის ჩართული კონტენტის შექმნასა და განვითარებაში, ამ შემთხვევაში კი თავად ნუნიესიც თანხმდება, რომ ასეთ ფაქტს ტვიტერის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

მოსამართლე მარშალის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ საქმე არ განიხილება, უბრალოდ ტვიტერი მოპასუხე მხარეს აღარ წარმოადგენს, ხოლო საქმე მიმდინარე რჩება ორი პაროდიული პროფილის წინააღმდეგ. კონგრესმენი ნუნიესი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ დარჩა, რადგან მას სურდა ტვიტერი იძულებული გაეხადათ გაემჟღავნებინა ამ ორი პროფილის იდენტობა.

“დევიდ ნუნიესის ძროხის” ავტორმა კომენტარზე უარი განაცხადა.