ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

შექმნეს თუ არა რუსებმა COVID 19-ის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატები?

2 აპრილი, 2020

28 და 30 მარტს “სპუტნიკ საქართველოს” ქართულ და რუსულენოვან საიტებზე გამოქვეყნდა ორი სტატია, რომელიც ირწმუნება, რომ რუსეთში კორონავირუსის სამკურნალო ახალი პრეპარატი შექმნეს. 28 მარტს სპუტნიკმა ჯერ ქართულენოვანი სტატია გამოაქვეყნა, სათაურით “რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი წარადგინეს,” ხოლო შემდეგ, 30 მარტს რუსულ ენაზე იმავე შინაარსის ინფორმაცია შემდეგი სათაურით “რუსეთში COVID-19 საბრძოლველად 3 წამალი შეიმუშავეს” (В России разработали три лекарства для борьбы с COVID-19) გამოქვეყნდა. ჯამში ორივე სტატია 4 სხვადასხვა პრეპარატს - მეფლოქუინს (Mefloquine), რემდესივირს (Remdesivir), ქლოროქუინსა (Hydroxychloroquine/Chloroquine) და ფორტეპრენს (Fortepren) ასახელებს. 

""

28 მარტის ქართულენოვანი სტატიის სათაური ძირითად ტექსტს არ შეესაბამება და ის მანიპულაციური შინაარსისაა. სათაური “რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი წარადგინეს” არსებულ კონტექსტში მკთხველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთში ახალი წამალი გამოიგონეს, თუმცა უშუალოდ ტექსტში სხვა ინფორმაცია ვრცელდება. ქართულენოვან სტატიაში სათაურის შემდეგ წერია, რომ “რუსმა ექიმებმა კორონავირუსის მკურნალობის სქემა ჩინური და ფრანგული გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავეს”. რეალურად სტატიაში სხვა ქვეყნების გამოცდილებით სამკურნალო სქემის და არა პრეპარატის შემუშავებაზე საუბარი. 

დასახელებული მედიკამენტები შექმნილია COVID 19-ის ვირუსის აღმოჩენამდე, არა რუსეთში არამედ სხვა ქვეყნებში და სხვა დაავადებების სამკურნალოდ აქამდეც გამოიყენებოდა.

ექიმი არჩილ მარშანია “მითების დეტექტორთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ დასახელებული წამლები არც რუსეთშია შექმნილი და არც ახალია.  

არჩილ მარშანია:  “რემდესივირი და ქლოროქუინი ახალი წამლები არ არის. ქლოროქუინით მკურნალობდნენ მალარიას, რემდესივირი კი შექმნილი იყო ებოლას საწინააღმდეგოდ და უბრალოდ, ახლა სატესტო რეჟიმში ცდიან ახალ კორონავირუსზე.”


 

  •  მეფლოქუინი (Mefloquine) 1980-იან წლებში აშშ-ის არმიის კვლევითი პროგრამის ფარგლებში მალარიასთან საბრძოლველად შეიქმნა. პირველად პრეპარატი 1985 წელს წარადგინეს და 1989 წელს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა. 
  •  რემდესივირი (Remdesivir) 2015 წელს ამერიკულმა კომპანია Gilead Sciences-მა ებოლას ვირუსული დაავადების წინააღმდეგ შექმნა.
  •  Hydroxychloroquine აშშ-ში 1955 წელს დამტკიცდა, ხოლო  Chloroquine 1934 ჰანს ანდერსაგმა აღმოაჩინა. ეს პრეპარატები მალარიის  სამკურნალოდ გამოიყენება. 
  •  ფორტეპრენი (Fortepren) შედარებით ახალი მედიკამენტია და ქრონიკული ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენება. 

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) ჯერ კიდევ 21 მარტს  გაავრცელა ინფორმაცია კლინიკებისთვის COVID 19-ის პაციენტთა თერაპიული ალტერნატივების შესახებ, სადაც აღნიშნულია რომ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ასეულობით კლინიკაში  უკვე მიმდინარეობს ცდები რემდესივირის, ქლოროქუინისა და ჰიდროქსიქლოროქუინის გამოყენების თაობაზე. ხოლო, 28 მარტს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ოფიციალურად  გამოსცა ნებართვა ჰიდროქსიქლოროქსინისა და ქლოროქსინის გამოყენების თაობაზე COVID 19-ით დაავადებულ გარკვეულ პაციენტებში.

მარშანია აღნიშნავს, რომ დასახელებული მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, ისინი ძლიერი წამლებია, რომლებიც ახლა ექსპერიმენტულად ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება და მას ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. მისი თქმით, ნებისმიერი მედიკამენტი უნდა იყოს დანიშნული მხოლოდ ექიმის ოფიციალური რეკომენდაციით, რის შემდეგაც მოხდება მკურნალობის მონიტორინგი.


მოამზადა ნესტან ანანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია