შეიცავს თუ არა ვაქცინა ნანონაწილაკებსა და თხევად კრისტალებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

80
VIEWS

24 აგვისტოს ფეისბუკ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ თხევადი კრისტალების შემცველი ნანოვაქცინების შესახებ ორი სქრინი გამოაქვეყნა.  სქრინებზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინები ნანონაწილაკებს შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია, რამდენადაც მათ ორგანიზმში შეღწევა და სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლიათ. პოსტის მიხედვით, ვაქცინები თხევად კრისტალებსაც შეიცავს, ხოლო თავად ნანონაწილაკები H1N1 ვაქცინებშიც არის აღმოჩენილი, რომლებიც გაყიდვაში 2009 წელს შევიდა.

1

გავრცელებული მტკიცება, თითქოს ნანოტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინები, რომლებიც ნანონაწილაკებს და თხევად კრისტალებს შეიცავენ, ჯანმრთელობისთვის საშიშია, დეზინფორმაციაა. COVID-19-ის რნმ ვაქცინების შემადგენლობაში ნანონაწილაკები ლიპიდების სახით გვხვდება, თუმცა ისინი ვაქცინის დაცვასა და უჯრედებამდე მის უსაფრთხოდ გადატანას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება თხევადი კრისტალებს, მას ვაქცინები არ შეიცავს, თუმცა თხევადი კრისტალები უსაფრთხოა და დაშვება, რომ მისი მეშვეობით ადამიანების კონტროლი ხდება, კონსპირაციული თეორიაა. დეზინფორმაციულია ასევე მტკიცება, რომლის მიხედვითაც, ნანონაწილაკები H1N1 ვაქცინებშიც იყო აღმოჩენილი.

  • რა როლს ასრულებენ ლიპიდური ნანონაწილაკები mRNA ვაქცინებში?

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ზოგიერთი ვაქცინა Messenger RNA ვაქცინების ტიპს მიეკუთვნება. ამ ტიპის ვაქცინებში გამოყენებული მესენჯერული რნმ კორონავირუს SARS-CoV-2-ის „სპაიკ“ ცილის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. რნმ ცხიმოვან კაფსულებშია შეფუთული, რომელსაც ლიპიდურ ნანონაწილაკებს უწოდებენლიპიდები წყალში უხსნადი მოლეკულებია, რომელთაც განსხვავებული აგებულება აქვთ და, შესაბამისად, ორგანიზმში განსხვავებული ფუნქციაც აკისრიათ. ლიპიდები ინახავენ სამარაგო ენერგიას, უზრუნველყოფენ იზოლაციას, ქმნიან უჯრედულ მემბრანებს, წარმოადგენენ ჰორმონების საშენ მასალასაც. ლიპიდური ნანონაწილაკები  (LNP) „მიმწოდებელი მანქანების“ ფუნქციას ასრულებენ და ისინი mRNA ვაქცინის უჯრედებამდე უსაფრთხოდ  გადატანას უზრუნველყოფენ. ინფორმაციული რნმ-ის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, უჯრედი იწყებს  „სპაიკ“ ცილის წარმოქმნას, რომელიც შემდეგ ორგანიზმს სხვა ვაქცინების მსგავსად ასწავლის, როგორ გამოიმუშაოს იმუნიტეტი. ლიპიდური ნანონაწილაკები, ისევე როგორც ინფორმაციული რნმ საზიანო არ არის, რამდენადაც ვაქცინაციის საშუალებით ორგანიზმში მოხვედრილი ნივთიერებები ინექციიდან რამდენიმე დღეში ნადგურდება.

ნანონაწილაკები, 100 ნანომეტრზე ნაკლები ზომის, მიკროსკოპული ნაწილაკებია, მათ საერთო არაფერი აქვთ მიკროჩიპის ტექნოლოგიასთან ან 5G ქსელებთან. გრიფიტის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორის, ნაიჯელ მაკმილანის მიხედვით, ტექნოლოგია, რომელიც რობოტებს ან კომპიუტერებს საშუალებას მისცემს ლიპიდური ნანონაწილაკების საშუალებით ვაქცინაში მოხვდეს, არ არსებობს. AFP FactCheck-თან საუბრისას პროფესორმა აღნიშნა, რომ  Pfizer-BioNTech-ის mRNA ვაქცინებში არსებული ლიპიდური ნანონაწილაკები ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ცხიმებისგან (ქოლესტერინი) ან მცენარეული ცხიმებისგან (მარგარინი) შედგება.

კანადური ბიოტექნოლოგიური კომპანიის Acuitas Therapeutics მიხედვით, ლიპიდური ნანონაწილაკები ვაქცინის დამცველ ფუნქციას ასრულებს და ვაქცინის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ mRNA-ის დანიშნულების ადგილამდე მისვლას უზრუნველყოფს.

პრეპარატები, რომლებიც ლიპიდურ ნანონაწილაკებს იყენებს, 1990-იანი წლებიდან არის მოხმარებაში და ამ დრომდე  FDA-სა და  EMA-ს მიერ 20-ზე მეტი ასეთი წამალია დამტკიცებული. ეს მედიკამენტები ძირითადად სიმსივნის მკურნალობასა და გენურ თერაპიაში გამოიყენება.

  • რა ვიცით თხევადი კრისტალების შესახებ?

თხევად კრისტალებს ევროპაში და აშშ-ში ამჟამად ავტორიზებული ვაქცინები არ შეიცავენ. თხევადი კრისტალები ზოგიერთ ვაქცინებში შეთავაზებული იყო როგორც დანამატი, ვაქცინის დამხმარე საშუალება, თუმცა მისი კვლევა ჯერ მხოლოდ კლინიკურ დონეზე, ცხოველებში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინები რომც შეიცავდნენ თხევად კრისტალებს, მათ ტვინის უჯრედების ელექტრომაგნიტური ველების მიკრო რეცეპტორებად გარდაქმნა არ შეუძლიათ.

თხევადი კრისტალების მიერ გონების კონტროლის შესახებ კონსპირაციები 1996 წლიდან ვრცელდება. შეთქმულების თეორიის მიხედვით, ვაქცინაცია ადამიანების ტვინში „თხევადი კრისტალების“ დანერგვას ისახავს მიზნად, რომელიც შემდეგ დისტანციურად  ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით გააქტიურდება და ადამიანის გონების გაკონტროლება, მათი ზომბირება მოხდება.  ერთ-ერთი კონსპიროლოგი პიერ ჟილბერი 1996 წელს “წინასწარმეტყველებდა”, რომ 2000 წლისთვის ადამიანები ზომბებად გადაიქცეოდნენ და სამყაროს დასასრული დადგებოდა.

თხევადი კრისტალები, მატერიის მდგომარეობაა, რომელსაც როგორც თხევადი, ასევე მყარი თვისებები აღენიშნება.  თხევადი კრისტალები გვხვდება როგორც ცოცხალ ორგანიზმებში (მათ შორის, ადამიანის ორგანიზმში), ისე სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობასა და ყოველდღიური მოხმარების საგნებში.  როგორიცაა: მაგალითად, თხევადკრისტალური მონიტორი.

საფრანგეთის საავიაციო სკოლის ელექტროობისა და ტელეკომუნიკაციების სპეციალისტის, ელენ გალიესის მიხედვით, თხევადი კრისტალები მაგნიტურ ველებზე  არ რეაგირებენ და შესაბამისად, მათი გამოყენებით ადამიანების გონების მართვა შეუძლებელია.

თხევადი კრისტალების შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

  • შესაძლებელია თუ არა თხევადი კრისტალებით ადამიანების “დაზომბირება”?
  • შეიცავს თუ არა H1N1-ის ვაქცინები ნანონაწილაკებს?

წარსულში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც H1N1-ის ვაქცინაში ნანორობოტები იყო აღმოჩენილი. აღნიშნული მტკიცებით, ნანორობოტი ადამიანისთვის სახიფათო მომწავლავ პათოგენებს შეიცავდა, რაც ნანოტექონოლოგიის მავნებლობას უსვამდა ხაზს. რეალურად, ნანოტექნოლოგიას და კონკრეტულად კი ნანომასალებს უჯრედისთვის ანტიგენის მიწოდების კარგი უნარი აქვთ. შესაბამისად, მეცნიერები ცდილობენ ტექნოლოგიური პროგრესის ეს თვისება ვაქცინების შექმნისთვის გამოიყენონ. უშულოდ H1N1-ის ვაქცინის წარმოებაში ნანოტექონოლოგიის ჩართულობა მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებულ ექპერტიმენტს მოიცავს. ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით, ვაქცინამ დადებითი შედეგი თაგვებზე აჩვენა და კვლევა ამ მიმართულებით გრძელდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist