ისტორია

შარპევილის ხოცვა-ჟლეტიდან სსრკ-ს დანაშაულებამდე

21 აპრილი, 2020

2020 წლის 7 აპრილს „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “თავისუფალი სამყარო” მხარს უჭერდა აპარტეიდს”. სტატიაში სხვადასხვა მოვლენის ინტერპრეტაციით “საქართველო და მსოფლიო” ამტკიცებს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთი რასობრივ დისკრიმინაციას უჭერდა მხარს, საბჭოთა კავშირი აპარტეიდს გმობდა. სტატიის ავტორი ასევე უგულებელყოფს თავისუფალი სამყაროს მიერ 21 მარტს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, თითქოს დასავლეთმა 60-იანი წლების რასიზმი დაივიწყა. სტატია ეყრდნობა Риа Новости-ზე ვლადიმირ კორნილოვის მიერ გამქოვეყნებულ სტატიას, იდენტური სათაურით “როგორ უჭერდა თავისუფალი სამყარო აპარტეიდს მხარს”. Geworld-ს წყარო დასახელებული აქვს, თუმცა პირველწყაროზე გადასასვლელი ბმული მითითებული არ არის.

'"

შარპევილის ხოცვა-ჟლეტა

1960 წლის შარპევილის ხოცვა-ჟლეტა სახმრეთ აფრიკის პოლიციამ მოაწყო და მათ ის ადამიანები ემსხვერპლნენ, რომლებიც რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. სამხრეთ აფრიკის სიმართლისა და შერიგების კომისიამ 1998 წელს აღწერა ის, თუ რა სიმძიმით დაარღვია პოლიციამ ადამიანის უფლებები ამ მოვლენის დროს. ამ ქმედებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია სხვა ქვეყნებში. 1960 წლის 20 მარტს სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის მებრძოლებმა ნანა მაჰომომ და პიტერ მოლოციმ გადაკვეთეს საზღვარი და გავიდნენ ბეჩუანალანდში, რომელსაც ბრიტანეთი აკონტროლებდა, რათა საერთაშორისოდ გაეხმაურებინათ ეს ფაქტი. 

საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია

  • 1960 წლის აპრილში გაერომ მიიღო  რეზოლუცია 134, რომელიც სამხრეთ აფრიკას მოუწოდებდა უარი ეთქვა რასობრივი დისკრიმინაციის პოლიტიკაზე.
  • გაეროში შეიქმნა აპარტეიდთან ბრძოლის სპეციალური კომისია, რომელმაც 1963 წელს გამოსცა  რეზოლუცია 181, რომელიც სხვა ქვეყნებს უკრძალავდა სამხრეთ აფრიკისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ამ როზოლუციის გამოცემიდან რამდენიმე დღეში ინგლისმა და აშშ-მა შეწყვიტეს სამხრეთ აფრიკის იარაღებით მომარაგება;
  • 1966 წელს შარპევილის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლისა და აპარტეიდთან მებრძოლი ადამიანების პატივსაცემად გაერომ  21 მარტი რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა.
  • 1989 წელს აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა გამოაქვეყნა კულტურული ბოიკოტის პოლიტიკის  დოკუმენტი, რომელიც ამბობდა, რომ სამხრეთ აფრიკაში კულტურის წარმომადგენლები, სმახიობები და აკადემიკოსები არ უნდა ჩამოსულიყვნენ.
  • პაპმა იოანე პოლ II  დაგმო აპარტეიდი და 1985 წელს სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სასამართლოს ტრიბუნალზე.
  • 1993 წელს ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა ჩამოაყალიბეს ევროპული  კომისია რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ.

თავისუფალი სამყაროსგან განსხვავებით, თანამედროვე რუსეთი სსრკ-ს დანაშაულებების აღიარებასა და ისტორიის გადაფასებას არ ახდენს, პირიქით, კრემლი პროპაგანდის საბჭოთა მემკვიდრეობას აგრძელებს და როგორც საშინაო, ასევე საგარეო დონეზე ისტორიული ფაქტებს უარყოფს და ისტორიის რევიზიონიზმს ეწევა. 

„საქართველო და მსოფლიო“ დასავლეთის საპირწონედ საბჭოთა კავშირი მოჰყავს, სადაც გამოცემის მტკიცებით, რასიზმსა და ჩაგვრას ადგილი არ ჰქონია. თუმცა ცნობილი სსრკ-ს ნაციონალიზმის პოლიტიკა და ეთნიკური ნიშნით დიდი გადასახლებები, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რუსიფიკაციის პოლიტიკით კი  სსრკ საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ კულტურებსა და ტრადიციებს. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ სსრკ-ს დანაშაულებების არასრულ სიას. 

  • ჩეჩენი და ინგუში მოსახლეობის  გენოციდი და დეპორტაცია სტალინის მმართველობის დროს 23 თებერვალი, 1944 წელი. სტალინურმა რეჟიმმა დაადანაშაულა ჩეჩნები (და ინგუშები) ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და სსრკ-ს სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმოფანტა.
  • სტალინის ეპოქის დიდი  წმენდა (1936-1938 22 წწ.), რომლის სამიზნეც მწერლები, კულტურის წარმომადგენლები და სხვა პირები გახდნენ, რომლებსაც რეჟიმი ხალხის მტრად ჩათვლიდა.
  • 1929 წლიდან 1953 წლამდე  გულაგი დაახლოებით 14 მილიონმა ადამიანმა გამოიარა. მათგან 1,6 მილიონზე მეტი დაიღუპა. შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო.ეს იყო საბჭოთა კავშირის პოლიტიკის სადამსჯელო სისტემის ნაწილი, სადაც პატიმრები სასჯელის მოხდასთან ერთად იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა (როგორც წესი ფიზიკურ) სამუშაოს, ხშირად ძალიან ცუდ ან თითქმის გაუსაძლის პირობებში.
  • სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების გადასახლება და  დევნა; 1935 წელს 7000 – დან 9000-მდე ფინელთა პირველი ჯგუფი მასობრივად ეთნიკური ნიშნით გადაასახლეს, ლემბენოვისა და ნიკულიასის ოლქებიდან, ლენინგრადის რეგიონიდან. საბჭოთა კავშირმა ისინი ღალატში დაადანაშაულა და გააძევა საბჭოთა საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  1936 წელს კი დაახლოებით 35,700 პოლონელი, რომლებიც ცხოვრობდნენ უკრაინულ საზღვართან და დაახლოებით 20,000 ფინელი გლეხი, იმავე მიზეზით ყაზახეთში გადაასახლეს. 1937 წელს მასიური დეპორტაციის პირველი მასშტაბური ოპერაცია მოხდა საბჭოთა კავშირის შორეულ აღმოსავლეთში. დაახლოებით 175,000 კორეელი, რომლებიც ცხოვრობენ ჩინეთისა და კორეის საზღვრების გასწვრივ, იძულებით გადაასახლეს ყაზახეთსა და უზბეკეთში. მათ ბრალი იაპონიასთან ჯაშუშობაში დასდეს. გაძევების შემდეგ, კორეელები  უმძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. 1940 წელს (წითელი არმიამ პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილის ტერიტორიების ანექსირება მოახდინა) დაახლოებით 250,000 პოლონელი და ათასობით უკრაინელი და ბელარუსელი გადაასახლეს სამი ძირითადი ტალღით ციმბირში და ცენტრალურ და შორეულ აღმოსავლეთ აზიაში.
  • სტალინის მიერ ხელოვნურად მოწყობილი  დიდი შიმშილობა (გოლოდომორი) უკრაინაში. მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და სხვადასხვა მონაცემებით 2,2 -10 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
  • საბჭოთა კავშირის 11 აგვისტოს, 1937 წლის ბრძანების  ( NKVD Order 00485 ) თანახმად პოლონელი ინტელიგენციის, პოლონეთის სამხედრო ორგანიზაციის წევრების, ლტოლვილების, პოლიტიკური ემიგრანტების და პოლონეთის სოციალისტური პარტიის ყოფილი წევრების, ხოცვა-ჟლეტა. საბჭოთა კავშირმა მათ ბრალი ღალატში, ჯაშუშობაში და ფაშისტურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში დასდო.
  • 1937-1938 წლების რეპრესიები და “კულაკური ოპერაცია”, რომლის დროსაც უამრავი დამიანი გადაასახლეს და დახვრიტეს. საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სისხლიან ოპერაციათა შორის, ყველაზე მასშტაბური იყო, ე.წ. „კულაკური“ ოპერაცია, რომელიც სსრკ შინსახკომის № 000447 ოპერატიული ბრძანების საფუძველზე განხორციელდა. 1937 წლის 30 ივლისს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნ.ი.ეჟოვის მიერ ხელმოწერილი ეს  ბრძანება დაედო საფუძვლად რეპრესიული აქციის განხორციელებას. კულაკური ოპერაცია - ეს იყო პროცესი შეძლებული გლეხობის და სხვა „ანტისაბჭოთა“ ელემენტების წინააღმდეგ. „კულაკური ოპერაციის“ ფარგლებში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) მასშტაბით მსჯავრი დაედო დაახლოებით 800 ათას ადამიანს. მათგან თითქმის ნახევარს, დახვრეტა მიესაჯა. მათ შორის, საქართველოში "კულაკური ოპერაციის" ფარგლებში სულ გასამართლდა 21.107 ადამიანი, რომელთაგან 10.563-ს დახვრეტა, ხოლო 10.544-ს გადასახლება მიესაჯა. ვრცლად მონაცემები იხილეთ  idfi.ge.
  •  სანდარმოხის წმენდა (1937-1938), რომლის შედეგადაც 3000-მდე უკრაინელი მხატვარი, მწერალი და ცნობილი სახე მოკლეს. სანდარმოხი არის ტყის მასივი, რომელიც 12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს მედვეჟიეგორსკიდან, კარელიის რესპუბლიკაში, სადაც უმეტესობა უკრაინელი იყო დამარხული. უკრაინელებთან ერთად 58 სხვა ეროვნების დახვრეტილი ადამიანების საფლავიც აღმოაჩინეს. 

Storymap მოამზადა გოგა ქათალანძემ


მოამზადა გოგა ქათალანძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია