მედია

სენსაციონალიზმი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია “მთავარზე” კორონავირუსის შესახებ

23 ივნისი, 2020

20 ივნისის “მთავარის” ეთერში გადაცემაში “მთავარი შაბათს” გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით “ნაყიდი COVID19”. სიუჟეტი არხმა ფეისბუქ გვერდზეც გააზიარა, ანოტაციით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი - ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის”. 

სიუჟეტი სასწრაფო დახმარების მანქანისა და სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი ექიმების გამუქებული კადრებით იწყება, რასაც ფონად მძიმე მუსიკა ახლავს. კადრების შემდეგ კი საუბარს რესპონდენტი იწყებს, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი გულის პრობლემებით გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა მას სხვა დიაგნოზის ჩაწერა შესთავაზეს. სიუჟეტი დაწყებისთანავე მძაფრ ემოციებს იწვევს. რესპონდენტის ინტერვიუს შემდეგ თხრობას ჟურნალისტი განაგრძნობს, რომელიც ამბობს, რომ ქალს გარდაცვალების მიზეზად covid-19-ის ჩაწერის სანაცვლოდ 10 000 ლარი შესთავაზეს.

სიუჟეტის ავტორი ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტები ბევრია, თუმცა ამაზე საუბარი არავის სურს. ჟურნალისტის მტკიცებით, თანხის სანაცვლოდ დიაგნოზის შეცვლის შეთავაზება ყველაზე ხშირად იმ რეგიონის მცხოვრებლებმა მიიღეს, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, ასეთის მაგალითად კი ჟურნალისტს მარნეული მოჰყავს.

“ამბის გასაგებად ჩაიხანაში მივედით. რაიონში მომხდარი ამბები აქ ყველაზე კარგად იციან. ინფორმაცია დაგვიდასტურეს. გვითხრეს, რომ ბოლო დროს თითქმის ყველა ოჯახში მიდიან, სადაც მიცვალებულია და რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გარდაცვლილი, კორონავირუსის ჩაწერას სთავაზობენ,” - ამბობს სიუჟეტის ავტორი. ამ განცხადების შემდეგ ამ თემაზე რამდენიმე რესპონდენტიც საუბრობს, თუმცა ინფორმაციას, სინამდვილეში, არცერთი მათგანი ადასტურებს და მხოლოდ გავრცელებულ ხმებზე დაყრდნობით საუბრობენ. “მთელი მარნეული საუბრობს”, “როგორც გავიგე, ადგილობრივი თვითმმართველობის დაბალი რანგის პირები მიდიან”, “მეც გავიგე, ჩაიხანაში საუბრობდნენ, რომ ვიღაცასთან მივიდნენ და ფული შესთავაზეს” - რესპონდენტების მხრიდან ამგვარ შეფასებებს ჟურნალისტი ფაქტის უტყუარ მტკიცებულებად წარმოაჩენს. 

ამის შემდეგ საკითხი უკვე პოლიტიკურ კონტექსტს იძენს და სიუჟეტის ავტორი კორონავირუსის სტატისტიკას არჩევნების თარიღის შესაძლო გადადებას უკავშირებს. თუმცა სტატისტიკის ხელოვნურ ზრდაზე დადასტურებულად არც ის ექსპერტები საუბრობენ, რომლებსაც სიუჟეტში ვხედავთ. ერთ-ერთი რესპონდენტი მხოლოდ ვარაუდობს და ამბობს, რომ “შესაძლებელია” სტატისტიკით მანიპულირება არჩევნების წინ ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს, მეორე რესპონდენტი კი გარდაცვალების მიზეზის გაყალბებას სერიოზულ საკითხს უწოდებს და ამბობს, რომ “თუ დადასტურდა, გამოძიება უნდა დაიწყოს”, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მარნეულში გავრცელებულ ინფორმაციაზე დადასტურებულად არც სხვა რესპონდენტები საუბრობენ. 

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი განათლების სისტემასაც ეხება. ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვას, თუ როგორი ფორმით ურჩევნიათ სექტემბრიდან მშობლებს სწავლის გაგრძელება, სიუჟეტის ავტორი იმ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გასამყარებლად იყენებს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გადაცვალების სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდა ხელისუფლებას არჩევნების გადავადების მიზნით სჭირდება. “რისთვის ემზადება ხელისუფლება? ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ ქართული ოცნება იმ რეიტინგების მიხედვით მიიღებს, რომელიც ზაფხულის ბოლომდე პარტიას ექნება. ბოლო მონაცემებით, ივანიშვილის გუნდის შედეგი არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ არ არის გამორიცხული, მმართველმა ძალამ პანდემიური ვირუსი სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს,” - ჟურნალისტი სიუჟეტს ამ სიტყვებით ასრულებს. 

აღსანიშნავია, რომ თითქმის 6 წუთიან სიუჟეტში მეორე მხარის - ბრალდების ადრესატის პოზიცია წარმოდგენილი არ ყოფილა. სიუჟეტში არ იყო არც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არც “ქართული ოცნებისა” თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების კომენტარები, არც ის ყოფილა აღნიშნული, მიმართეს თუ არა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მეორე მხარეს და მიიღეს თუ არა მათგან შესაბამისი ინფორმაცია.

“მთავარზე” გასულ სიუჟეტს 23 ივნისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა,

რომელმაც ბრალდებას აბსურდული უწოდა და თქვა, რომ ინფორმაცია სიმართლე რომც იყოს, კორონავირუსის გარდაცვალების სტატისტიკის ევროპულ ნიშნულამდე მიყვანას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.

ჯანმრთელობის თემის გაშუქება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს. დაუსაბუთებელმა ინფორმაციამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაამყაროს საზოგადოებაში არსებული ეჭვები და კონსპირაციები კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს და გავლენა ინდივიდის ჯანმრთელობაზე, ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე იქონიოს. “მითების დეტექტორი” ახალი კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ ჯანმრთელობის თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასა და კონსპირაციებს იკვლევს. აღსანიშნავია, რომ ნიჰილიზმი, უნდობლობა, ვირუსის არსებობაში ეჭვის შეტანა, ვაქცინისა და ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამეტების მიმართ უნდობლობა, კორონავირუსსა და 5G ინტერნეტს შორის კავშირების შესახებ კონსპირაციები ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა დანერგვასაც კრემლთან დაკავშირებული თუ ეკონომიკური მიზნის მქონე სხვა აქტორები მოსახლეობაში ცდილობენ. ჯანდაცვის თემაზე გავრცელებული ცრუ მკურნალობები თუ დაუსაბუთებელი ინფორმაცია სცდება პოლიტიკურ დღის წესრიგს და საფრთხეში აყენებს თითოეული ინდივიდის ჯანმრთელობას. 


მოამზადა სოფო გელავამ