იდენტობა

სასულიერო პირის დეზინფორმაცია, თითქოს რომის პაპი ლეოპარდებს ნათლავდა

6 თებერვალი, 2018

26 იანვარს, ონლაინ პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” მასალა, სათაურით “მამა გიორგი რაზმაძე: რომის პაპი მთავარი კომენდიანტია” გამოაქვეყნა. მართლმადიდებელი სასულიერო პირის გიორგი რაზმაძის კომენტარში აღნიშნულია, რომ რომის პაპი ფრანცისკეს წინამორბედი ლეოპარდებს ნათლავდა.

გიორგი რაზმაძე, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარი: „რომის პაპი მთავარი კომედიანტია, ამის წინა პაპი იყო ლეოპარდებს ნათლავდა და ახლა ამაზე მართლმადიდებელმა ყოველთვის კომენტარი აკეთოს სასაცილოც კია. ესენი დიდი ხანია განსაცდელში კი არა ჯოჯოხეთში იმყოფებიან და მაგას ვერ ხვდებიან.

26 იანვარი
Geworld.ge

მტკიცება, თითქოს რომის პაპ ფრანცისკეს წინამორბედი, ბენედიქტე XVI ლეოპარდებს ნათლავდა, სიცრუეა. ცხოველების ნათლობა ქრისტიანული რელიგიის არცერთ მიმართულებაში არაა მიღებული. მტკიცებულებების გარეშე ინფორმაციის გავრცელება პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ამ შემთხვევაში კათოლიკური ეკლესიის და რომის პაპის და დემონიზებას ისახავს მიზნად.  

მტკიცებულებების გარეშე ცხოველების ნათლობის რომის პაპთან დაკავშირება, მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური იმ ქრისტიანული წესის უგულვებელყოფას ახდენს, რომლის თანახმად, ცხოველების ნათლობა არცერთ ქრისტიანულ დენომინაციაშია არ არის მიღებული.

მტკიცებულებების გარეშე ინფორმაციის გავრცელება ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი პროპაგანდისტული ტექნიკაა. იგი გულისხმობს იმგვარი ფაქტებისა და განცხადებების მოხმობას, რომელთაც არავითარი ფაქტობირივი საფუძველი არ აქვთ.

გიორგი რაზმაძის შესახებ

გიორგი რაზმაძე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2016 წლის 30 სექტემბერს ის საქართველოში რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა. აქცია ლოზუნგით “პაპი სულიერი აგრესორია” აეროპორტის გზაზე მოეწყო. 2016 წელს გიორგი რაზმაძემ დედათა მონასტრისა და მრევლის წარმომადგენლებთან ერთად ჩაშალა ფესტივალი Tbilisi JAM! 2016.  გიორგი რაზმაძე  კრემლისტური გამოცემა Geworld.ge -ის ხშირი რესპონდენტი და ანტიდასავლური გზავნილების წყაროა. 2016 წლის 10 აგვისტოს, Geworld.ge -სთან ინტერვიუში მამა გიორგი რაზმაძემ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ნარკომომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას დაუკავშირა და მაგალითად ჰოლანდია მოიყვანა, რაც სტატისტიკური მონაცემებით არ დასტურდება.

ტეგები: