სხვადასხვა

საფრთხე, სექსი და ზიზღი - დეზინფორმაციის მიმზიდველობა EUvsDisinfo-ს წლის შეჯამებაში

30 დეკემბერი, 2019

EUvsDisinfo-მ წლის შემაჯამებელი ციფრები გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც 2019 წელს EUvsDisinfo-ს ბაზაში არსებულ კრემლის პროპაგანდისტულ ვიდეოებს Youtube-ზე 26 მილიონი ნახვა აქვს. 

EUvsDisinfo-ს თანახმად დეზინფორმაციის მიმზიდველობას 3 მთავარი ფაქტორი განაპირობებს: საფრთხე, სექსი და ზიზღი. საფრთხე ძირითადად კრემლისტური მედიის აუდიოვიზუალურ მასალებში გვხვდება. ძირითადი იდეა ისაა რომ რუსეთი გარშემორტყმულია ბოროტი, მუდმივად საფრთხისშემცველი დასავლეთით, რომელსაც არ რცხვენია ისტორიული რევიზიონიზმისა და ყალბი ბრალდებების.

Levada Center-ის გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების 42%-ს მსოფლიო ომის ეშინია, პუტინს მხოლოდ 39% ენდობა, 24% კი საერთოდ ვერ ასახელებს სანდო პოლიტიკოსს. ნდობას რუსული მედიაც კარგავს - ყოველი 3 რესპოდენტიდან მხოლოდ 1 ამბობს, რომ კრემლის მედიებს Pervyi Kanal-ს და Rossiya 1-ს ენდობა. ამის მიუხედავად ან შეიძლება სწორედაც ამის გამოც, რუსეთის მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტიდან სახელმწიფო მედიისთვის 1.3 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ყვითელი ჟილეტების დაუსრულებელი გაშუქება.

Russia Today-ს YouTube არხებმა არჩევნებთან დაკავშირებული მოსკოვის საპროტესტო აქციების მხოლოდ 10 ვიდეო გამოაქვეყნეს, ხოლო პარიზში ყვითელი ჟილეტების აქციების კი 1 973 (საშუალოდ 6.6 ვიდეო დღეში). 

პროპაგანდისთვის კრემლი ტვიტერსაც აქტიურად იყენებს. ტვიტერმა დაადგინა, რომ 9 მილიონი პოსტი რუსეთის ინტერნეტ კვლევის სააგენტოს ანუ “ტროლების ქარხანას” ეკუთვნოდა, აქედან 111 486 პოსტი MH17-ზე დეზინფორმაციას ეხებოდა.

მანიპულაცია

Stanford History Education Group-ის კვლევის მიხედვით, აშშ-ს გამოკითხული უფროსკლასელებიდან 90%-მა მედიაწიგნიერების ტესტის ორი მესამედი ნაწილიც ვერ გააკეთა სწორად. 

მოსწავლეების 52%-მა დაიჯერა, რომ უხმო, დაბალი ხარისხის ვიდეო, რომელიც აშშ-ის 2016 წლის არჩევნებზე ბიულეტინების ჩაყრას აჩვენებდა, თაღლითობის “დამაჯერებელ მტკიცებულებას” წარმოადგენდა. რეალურად, ვიდეო რუსეთში იყო გადაღებული  და ამ ტყუილის გაბათილება ინტერნეტში მარტივი ძიების შედეგად იყო შესაძლებელი.

თუმცა ყველაზე უარესი მაინც ისაა, რომ 5 ნორდიკული და ბალტიური ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ევროპაში კრემლისტური დეზინფორმაციის საფრთხე და არჩევნებში ჩარევის მცდელობები არაერთხელ დაფიქსირდა. კიბერშეტევები აღინიშნება კერძო კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზეც. მაგალითად, Microsoft-მა ევროპის მასშტაბით დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, think tanks-ებზე და არაკომერციულ ორგანიზაციებზე 104 კიბერშეტევის შემთხვევა აღმოაჩინა.

არჩევნებში ჩარევის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი მადაგასკარში მოხდა. BBC -ის გამოძიებამ გამოავლინა, რომ რუსებმა პრეზიდენტობის 6 კანდიდატს ფული შესთავაზეს.