სანტა კლაუსის ქრისტიანული საფუძვლები და საშობაო ტრადიციები

24 დეკემბერი, 2015

შობა-ახალ წელს მილიონობით ბავშვი სანტა კლაუსისგან საჩუქრებს ელოდება. თეთრწვერა მოხუცი კეთილ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს - ასეთი არის წარმოდგენა სანტა კლაუსზე. დასავლეთის ქვეყნებში ოჯახურ დღესასწაულად უფრო მეტად შობა ითვლება. გარდა იმისა, რომ შობა ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ თანამედროვე სანტა კლაუსის სახე ქრისტიანულ რელიგიაში ცნობილ წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოსი წმინდა ნიკოლოზი 257 წელს მცირე აზიაში ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. იგი მცირე ასაკიდანვე ეუფლებოდა რელიგიურ განათლებას. მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და ოჯახის ქონება მემკვიდრეობით მას დარჩა. წმინდა ნიკოლოზს იცნობდნენ როგორც კეთილ ადამიანს და მის ქველმოქმედებაზე არაერთი ლეგენდა არსებობს.

ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდა ნიკოლოზმა გაიგო ამბავი ერთი ღარიბი ადამიანისა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მას კი საამისო შესაძლებლობა არ გააჩნდა. წმინდა ნიკოლოზი სამჯერ ჩუმად ესტუმრა მის სახლს. ის ბუხრის საკვამურიდან ჩადიოდა და ყოველ ჯერზე წინდაში ჩადებულ ფულს ტოვებდა. აქედან მოდის წარმოდგენა, რომ სანტა კლაუსიც ბუხრის საკვამურში ჩადის და იქ საგანგებოდ დატოვებულ წინდებში საჩუქრებს არიგებს. წმინდანის ხსენების დღე 6 დეკემბერია (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ძველი სტილით 19 დეკემბერს აღნიშნავს), რამაც მისი სახელი შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს კიდევ უფრო დაუკავშირა. დღესაც, ხორვატიასა და უნგრეთში, ასევე ჰოლანდიაში საჩუქრებს შობასთან ერთად სწორედ 6 დეკემბერს ჩუქნიან ერთმანეთს. წმინდა ნიკოლოზის თაყვანისცემა ევროპაში VI- VIII საუკუნიდან იწყება.

1

შუა საუკუნეებში წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სასწაულები და ადგილობრივი საახალწლო ტრადიციები ერთმანეთს დაუკავშირდა. ვიქტორიანულ ეპოქაში არაერთმა ავტორმა წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული ლეგენდები თავიანთ ნაწარმოებებში ასახა. 1823 წელს დაიწერა დასავლეთში ცნობილი ლექსი "წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა". ზოგიერთი მას ჰენრი კლარკს, ზოგი კი ჰენრი ლივინგსტონ უმცროსს მიაწერს. პირველად სწორედ ამ ლექსში იქნა გამოსახული სანტა კლაუსი, რომელიც ირმებშებმული ეტლით ესტუმრება სახლებს და ბუხრის წინ დატოვებულ წინდებში ტოვებს საჩუქრებს.

სხვადასხვა ქვეყნებში სანტა კლაუსს სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგალითად ჰოლანდიაში გარდა სინტერკლაასისა, მას კერსტმანსაც (Kerstman) უწოდებენ, ლუქსემბურგში კლისჩენს (Kleeschen) პოლონეთში წმინდა ნიკოლოზს (Swiety Mikolaj), იტალიაში ბაბო ნატალეს (Babbo Natale), ჩეხეთსა და სლოვაკეთში - მიკულაშს (Mikuláš), უნგრეთში მიკულასს (Mikulás), უკრაინაში მიკოლაის (Mykolaj).

 შეერთებულ შტატებში საშობაო საჩუქრების ავტორი გერმანული წარმოშობის მიგრანტების მიხედვით, კრის კრინგლე იყო. ეს სახელი დღესაც გამოიყენება, თუმცა ნაკლებად პოპულარულია. გერმანელების გარდა, წმინდა ნიკოლოზის ისტორიები კონტინენტზე ჰოლანდიელმა მიგრანტებმაც ჩაიტანეს. ნიუ იორკში მცხოვრები ჰოლანდიელი ახალმოსახლეები წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს ყოველი წლის 6 დეკემბერს აღნიშნავდნენ. ინგლისურენოვანი მოსახლეობა მონაწილეობას მათ დღესასწაულებშიც იღებდა. 

2

ჰოლანდიელები წმინდა ნიკოლოზს Saint Nikolaas-ს უწოდებდნენ, თუმცა სწრაფად საუბრისას ხშირად ეს სიტყვა როგორც Sinterklaas-ი აღიქმებოდა. ინგლისურენოვან მოსახელობას კი ეს სიტყვა ესმოდა როგორც სანტა კლაუსი. (წმინდა ნიკოლოზი - Saint Nicolas; ჰოლანდიურად - Sint-Nicolaas - Sinterkaas - Santa Claus). ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ამერიკაში სანტა კლაუსი იგივე წმინდა ნიკოლოზი და საჩუქრები არა წმინდა ნიკოლოზის დღეს, არამედ შობის დღესასწაულს უკავშირდება. სანტა კლაუსის თანამედროვე სახე - თეთრწვერა მოხუცი, რომელიც წითელ 
ხიფთანშია გამოწყობილი სულაც არ ჰგავს ადრინდელ სანტა კლაუსს. ამერიკულ პრესაში სახელწოდება სანტა კლაუსი
პირველად 1773 წელს გაჩნდა. ამერიკელი მწერლის ვაშინგტონ ირვინის მიხედვით, სანტა კლაუსი მსუქანი ჰოლანდიელი
მეზღვაური იყო, მწვანე ფორმაში ჩაცმული. თავად ირვინი ირლანდიელი იყო და ამიტომ ბევრი მწვანე ტანსაცმელში გამოწყობილ
სანტას მის მიერ გამოგონილად თვლის. სანტას პირველი ილუსტრაცია თომას ნესტის (Thomas Nast) მიერ 1863 წელსაა შესრულებული.
ამ სურათზე სანტა ამერიკის დროშის ფერებშია გამოწყობილი. გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს შტატებში სამოქალაქო ომი
მიმდინარეობდა.მისი ნახატი ძალიან პოულარული იყო. უკვე 1881 წლის ილუსტრაციაში სანტა კეთილი მოხუცია, რომელსაც
თან საჩუქრები დააქვს და ჩიბუხს ეწევა.    

3

თანამედროვე სანტას იერსახე დიდად არის დაკავშირებული კოკა-კოლასთან. 1931 წელს მხატვარმა ჰადონ სანდბმლომმა (Haddon Sundblom) გამოიყენა ნესტის ილუსტრაცია და მასზე დაყრდნობით შექმნა კოკა-კოლას სანტა. იგი პროდუქტის ლოგოს ფერებშია გამოწყობილი და ჩიბუხის ნაცვლად კოკა-კოლა უჭირავს. სწორედ ასეთი სახის სანტა კლაუსი გავრცელდა თანამედროვე მსოფლიოში და ის პოპ-კულტურის ერთ-ერთ სახედ  იქცა.

მიუხედავად ე.წ. "კოკა-კოლას სანტას" პოპულარობისა, რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე იყენებენ სანტა კლაუსის სახეს, რომელიც ან წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული ან სასულიერო პირია.  მიუხედავად იმისა, რომ სანტა-კლაუსის თანამედროვე სახე სათავეს შეერთებულ შტატებში იღებს და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია, დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ისევ აქტიურად იყენებენ სანტა კლაუსის ადგილობრივ როგორც სახელს, ასევე მის - სახეს, ჩაცმულობას. შობის დღესასწაული საშობაო ზღაპრის (ქრისტეს შობის ამბავი), სანტა კლაუსისა და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მსგავსი ტრადიციები სათავეს ქრისტიანული რელიგიიდან იღებენ და ადგილობრივი კულტურების დამახასიათებელი ნაწილია.

საშობაო ტრადიციები

დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით არაერთი ტრადიცია და სიმღერა არსებობს. ზოგიერთი მათგანი სათავეს ადგილობრივი კულტურიდან იღებს, უმეტესობა კი ისევ ქრისტიანულ თემატიკაზეა შექმნილი. ასე მაგალითად, ცნობილია სიმღერა "შობის 12 დღე" (The 12 Days of Christmas). სიმღერა ეხება ცნობილ ტრადიციას, როდესაც შობის დღესასწაულს 25 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, 12 დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ის დაიწერა მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკე მრევლში. 1558-1829 წლების ინგლისში კათოლიკე ეკლესია ლეგალური არ იყო და მის მრევლს წესებისა და კათოლიკური მრწამსის დაცვა ფარულად უხდებოდა. ეს ლექსი სწორედ ასეთ გარემოში დაიწერა და მიზნად ისახავდა ქრისტიანული სიმბოლოებისა და ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემას. ყოველი დღე და ციფრი ქრისტიანულ სიმბოლოს განასახიერებს, ასე მაგალითად: პირველი დღე - ჯვარცმულ ქრისტეს, სამი ფრანგული ქათამი სამ ღვთიურ საჩუქარს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს, 4 მოჭიკჭიკე ჩიტი განასახიერებს 4 სახარებას, 7 გედი განასახიერებს სამების 7 საჩუქარს (კორინთელების მიმართ წერილი, 12:8-11, რომაელების მიმართ წერილი 12) და ა.შ.

ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებში, ასევე ჰოლანდიაში, შობის მეორე დღეს (26 დეკემბერი) აღნიშნავენ ე.წ. "საჩუქრების დღეს" (ინგლისურად Boxing Day). ტრადიციის მიხედვით, შუა საუკუნეებში ეკლესიებში ღარიბი ხალხისთვის გამზადებული იყო შესაწირი ყუთები. 26 დეკემბერს ამ ყუთებს ხსნიდნენ და გაჭირვებულებს საჩუქრებს ურიგებდნენ. ჰოლანდიაში ნივთებს აგროვებდნენ გოჭის ფორმის თიხის ყუთებში და მათ საშობაოდ ამტვრევდნენ. ეს ტრადიცია ამ ქვეყნებში დღემდეა შემორჩენილი და ადგილობრივი კულტურის სახეს წარმოადგენს. გარდა ამისა, შვედეთში 26 დეკემბერს აღინიშნება წმინდა სტეფანეს დღე. ის იყო შვედი მისიონერი, რომელიც მე-9 საუკუნეში წარმართებმა აწამეს. გადმოცემის მიხედვით, მას ცხოველები, განსაკუთრებით კი ცხენები უყვარდა. ამ დღეს ზოგიერთ გერმანულ სოფელში ცხენების დოღი იმართება. ეს და სხვა დღესასწაულები ნაწილია შობისშემდგომი 12 დღიანი დღესასწაულისა.

მართლმადიდებლურ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, საბერძნეთი, რუსეთი შობის დღესასწაულამდე 40 დღით ადრე იწყება საშობაო მარხვა. გარდა რელიგიური თემატიკისა, შობის დღესასწაული საერო და ადგილობრივი ტრადიციებითაა გაჯერებული. ოჯახურ გარემოში დღესასწაულის შეხვედრა, სასაჩუქრე წინდების გამზადება, საშობაო ზარებით კარის ან ბუხრის მორთვა, ელფების მინიატურული თოჯინებით, სათამაშოებით ნაძვის ხის ან ეზოს მორთვა მრავალ ქვეყანაში შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.

საიტზე whychristmas.com თავმოყრილია საშობაო თემატიკის ინფორმაცია. მომხმარებელს შეუძლია ნახოს არაერთი ქვეყნის საშობაო ტრადიცია, გაეცნოს მათ კულტურას და გაიგოს ძალიან ბევრი რამ შობის დღესასწაულზე, მის მნიშნველობასა და სიმბოლოებზე. აქვეა საქართველოს განყოფილება, სადაც კარგადაა ნაჩვენები ჩვენი საშობაო წეს-ჩვეულებები. საიტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ალილოს ტრადიციას, თოვლის პაპას, რომელიც თავის კოშკში ცხოვრობს და ახალ წელს ბავშვებს სტუმრობს. აღნიშნული პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნების საშობაო ტრადიციების პოპულარიზაციას და საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

ინფოგრაფიკა იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/1Pmck8z

მოამზადეს ზურა წურწუმიამ და დალი ქურდაძემ