Самиздат ანუ დისიდენტური გამომცემლობის ისტორიიდან

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

187
VIEWS

საბჭოთა კავშირის მკაცრი ცენზურის პირობებში მოსახლეობის ანტისაბჭოთა ნაწილი სხვადასხვა გზით ალტერნატიული ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას მაინც ახერხებდა. აკრძალული ლიტერატურის კითხვასთან და ფარულად დასავლური რადიოს მოსმენასთან ერთად სსრკ-ში აქტიურად მოქმედებდა იატაქქვეშა სტამბები, სადაც სსრკ-ის პროპაგანდისა და ძალადობრივი რეჟიმის საწინააღმდეგო მასალები იბეჭდებოდა.

 

ასეთ არალეგალურ გამომცემლობას სამიზდატი ეწოდებოდა (რუს. თვითგამოცემა). ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პოპულარული დისიდენტურ მოძრაობაში იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდგომ გახდა. თავდაპირველად არალეგალური გამომცემლობა სსრკ-ში აკრძალული მწერლების პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული, თუმცა შემდგომ წლებში საქმიანობის სფერო გაფართოვდა და მასალები სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნდებოდა.
;
ვლადიმერ ნაბოკოვის არალეგალურად გამოცემული ნაშრომები

სამიზდატის გაზეთების თემატიკიდან შესაძლებელია გამოიყოს შემდეგი:

  1. საბჭოთა პოლიტიკის კრიტიკა;
  2. დისიდენტური მოძრაობების აქტივობები და საქმიანობის ანგარიშები;
  3. საბჭოთა კავშირის დამოკიდებულება ეთნოსებთან და რელიგიებთან;
  4. იდეოლოგია, კულტურა, ეკონომიკა, სამართალი;
  5. ანტისაბჭოთა დემონსტრაციების შესახებ ინფორმაცია;
  6. აკრძალული ლიტერატურა;
  7. რელიგია;
  8. ნაციონალიზმი.

სამიზდატში ჩართული თითოეული პირი KGB-სგან მკაცრად იდევნებოდა და მათი გამოვლენის შემთხვევაში, ისინი ისჯებოდნენ. დევნის კულმინაციამ 70-იან წლებში მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირმა ორი გავლენიანი დისიდენტი, პიოტრ იაკირი და ვიქტორ კრასინი, დასაჯა. მათ ბრალად სხვა ანტისაბჭოთა მოქმედებასთან ერთად ანტისაბჭოთა დოკუმენტების დუპლიკაცია და გავრცელება ედებოდათ. აღნიშნულმა მოქმედებამ სამიზდატის პრაქტიკაში ჩართული ბევრი ანტისაბჭოთა პირი საკმაოდ დააშინა.

;
პიოტრ იაკირი და ვიქტორ კრასინი, 1973 წელი.

70-იანი წლების დევნისა და დასჯის მიუხედავად, გორბაჩოვის ღიაობის პოლიტიკამ 80-იან წლებში სამიზდატს მეტი თავისუფლება და შესაძლებლობა მისცა. მართალია ამ პერიოდში პრესაზე მონოპოლია მაინც სახელმწიფოს ჰქონდა, თუმცა არალეგალური სტამბები უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ და ნაკლებად ჰქონდათ შიში დევნისა და რეპრესიის. საბჭოთა კავშირის რღვევასთან ერთად არალეგალურმა გამომცემლობამ თავისი ფუნქცია დაკარგა, რადგან სახელმწიფოებში თავისუფალი პრესა გაჩნდა.

  • ლიტერატურა

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სამიზდატის ფუნქცია პოლიტიკური ხასიათის პამფლეტების გავრცელება კი არა, არამედ აკრძალული ლიტერატურის პოპულარიზაცია იყო. ამ პრაქტიკის წამოწყების პირველ ხანებში დისიდენტები აქტიურად ავრცელებდნენ კლასიკურ, იქამდე გამოუქვეყნებელ ლიტერატურას, სსრკ-ის მიერ აკრძალულ ნაწარმოებებსა და მე-20 საუკუნის უცხოურ ლიტერატურას.

როგორც საბჭოთა დისიდენტრი და რუსი მწერალი ანდრეი სინიავსკი (საიდუმლო სახელი აბრამ ტერცი) იხსენებს, საბჭოთა მწერლებს იმის იმედიც არ ჰქონდათ, რომ დამოუკიდებლად შექმნილი მათი რომელიმე ნაწარმოები გამომცემლობისა და მაკონტროლებლის (გლავლიტის) გავლით გამოქვეყნდებოდა, ამიტომ ხშირად ისინი თვითცენზურას მიმართავდნენ. მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გამომცემლობის ყველაზე ლიბერალურად განწყობილმა თანამშრომელმა მას ერთხელ ასეთი რამ უთხრა:

“კარგი, შეგიძლიათ აიღოთ და გამოაქვეყნოთ, თუ გსურთ როგორც არალეგალური ბროშურა, მაგრამ ჩვენი ჟურნალი ამ მასალების გამოქვეყნებით თავს საფრთხეში ვერ ჩაიგდებს.”

სინიავსკის აზრით, სამიზდატმა მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი მწერლის ფსიქოლოგიაში შეასრულა და ის ერთგვარად გაათავისუფლა, საშუალება მისცა, რომ დაეწერა ის, რაც მას სურდა, რამაც საბოლოო ჯამში საბჭოთა სივრცეში ლიტერატურის მნიშვნელოვნად განვითარება გამოიწვია.

;
საბეჭდი მანქანები, რომლებიც სამიზდატისთვის გამოიყენებოდა

სამიზდატური საქმიანობა განსაკუთრებით ვრცელი ზომის ლიტერატურისთვის არც თუ ისე მარტივი იყო, ვინაიდან საჭირო ტექნიკასთან წვდომა ყველა ადამიანს არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ მწერლები სახლებში არსებულ საბეჭდ მანქანებს იყენებდნენ და თავიანთ ლიტერატურას ხელიდან ხელში ასე ავრცელებდნენ. ამ პერიოდს რუსი პოეტი ანა ახმატოვა პრე-გუტენბერგის ერად მოიხსენიებს, რადგან ჯერ კიდევ არ იყო საბეჭდი ტექნიკა განვითარებული, ხოლო ვლადიმერ ბუკოვსკი საბეჭდი მანქანის მნიშვნელობას ასე გადმოსცემს:

ვლადიმერ ბუკოვსკი, მწერალი და დისიდენტი: “მე საბეჭდ მანქანას მონუმენტსაც კი დავუდგამდი”.

საბჭოთა კავშირში სამიზდატის მეთოდით გამოცემულ წიგნებს შორის აღსანიშნავია ალექსანდრე სოლჟენიცინის “არქიპელაგი გულაგი”, მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”, “ძაღლის გული”, ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო” და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში “არქიპელაგი გულაგი” პირველად ზვიად გამსახურდიას ინიციატივით და სამიზდატის ფორმით დაიბეჭდა და გავრცელდა.

;
მიხეილ ბულგაკოვის “ძაღლის გული”, სამიზდატის ვერსია. ოდესა, 1970

  • ანტისაბჭოთა გამოცემები

ლიტერატურასთან ერთად შემდგომ პერიოდში დისიდენტებმა პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტებისა და გაზეთების დაბეჭდვა და გავრცელებაც დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის შექმნამდეც არსებობდა და ხშირად ინიციატორები სწორედ კომუნისტები იყვნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოში არსებული სოციალისტური იატაკქვეშა სტამბები, რომლებიც მეფის რუსეთის პერიოდში კომუნისტურ-სოციალისტურ გზავნილებს ავრცელებდნენ. თბილისში, ავლაბარში მუზეუმის ფორმით დღემდე არსებობს “სტალინის სახელობის არალეგალური სტამბა”.

;
იოსებ სტალინის საიდუმლო სტამბა თბილისში

პოლიტიკის მხრივ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში სამიზდატით განსხვავებული გზავნილები ვრცელდებოდა და ადგილობრივ კონტექსტზე იყო დამოკიდებული. დისიდენტების ძირითადი მიზანი ალტერნატიული “რეალური სიმართლის” მკთხველამდე მიტანა იყო.

ანტისაბჭოთა ჟურნალები, გაზეთები და სხვა დოკუმენტები 60-იან 80-იან წლებში საქართველოშიც აქტიურად იბეჭდებოდა და ისევე როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, აქაც მას სათავეში დისიდენტები ედგნენ. ამ მხრივ გამორჩეულია ზვიად გამსახურდიას და მისი გარემოცვის აქტიური საქმიანობა საბჭოთა კავშირში. სამიზდატის მეთოდით ზვიად გამსახურდია სხვადასხვა ჟურნალს გამოსცემდა, მათ შორის, „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვა. ამასთანავე, იატაკქვეშა ჟურნალ “სამრეკლოს” საქართველოს რესპუბლიკური პარტია (1979 წელი) გამოსცემდა.

ისევე როგორც სხვა რესპუბლიკების სამიზდატურ ჟურნალებში, ქართული ვერსიებიც ძირითადად ეროვნული სულისკვეთებით იყო შედგენილი. საბჭოთა კავშირის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობის კრიტიკასთან ერთად ეროვნული ღირებულებების შენარჩუნების საკითხი აქტიურად განიხილებოდა. ამ მხრივ გამორჩულია ჟურნალი “სამრეკლო”, რომელშიც განხილულია ქართული ენის, ეროვნული იდენტობის და სახელმწიფოებრიობის საკითხები.

;
ჟურნალ “სამრეკლოს” პირველი გვერდი, რესპუბლიკური პარტია, 1979წ.

კომუნისტების კრიტიკასთან ერთად ჟურნალში დისიდენტური საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციასაც ვხვდებით. მაგალითად, ერთ-ერთ ნაწილში სტატიის საიდუმლო ავტორი მოძრაობის მიზნებს ასახელებს:

  1. ადამიანის უფლებათა დაცვა;
  2. ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დაცვა;
  3. ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების ხელყოფისგან დაცვა.

ამასთანავე, ჟურნალში გამოქვეყნებულია პატრიოტული ტექსტები. პოეზიის ნიმუშები და თავად რესპუბლიკური პარტიის წესდება.

;
ჟურნალ “სამრეკლოს” პირველი გვერდი, რესპუბლიკური პარტია, 1979წ.

  • სამიზდატის სხვა ფორმები

პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხებთან ერთად, ხშირად სამიზდატის ფორმით სხვა ვიწრო თემებზე არსებული ინფორმაცია ქვეყნდებოდა. ამ მხრივ გამორჩეულია რელიგიური სამიზდატი, განსაკუთრებით, ორთოდოქსული და ბაპტისტური ნაბეჭდი მასალები, რადგან ეს ორი დენომინაცია ყველაზე დიდი იყო. ვინაიდან და რადგანაც საბჭოთა კავშირში რელიგია აქტიურად იდევნებოდა, რელიგიურ ორგანიზაციებს მრევლთან დაკავშირების ერთ-ერთ გამოსავლად სამიზდატი ესახებოდათ.

რელიგიური სამიზდატები ასევე იმ ინფორმაციასაც აღწერდნენ, თუ როგორ რეაგირებდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ეკლესიების დახურვაზე და რელიგიური ორგანიზაციების შეზღუდვაზე სსრკ-ში. გაზეთები არა მხოლოდ ქრისტიანულ ჯგუფებზე, არამედ ხშირად ებრაელებზეც ორიენტირდებოდა. სამიზდატები ფარავდნენ ინფორმაციას შემდეგ დენომინაციებზე: ადვენტისტები, 50-იანელები, კათოლიკეები, ბაპტისტები, რუსული, სომხური და ქართული ეკლესიები და სხვა.

;
სამიზდატის მეთოდით გამოცემული მარკოზის სახარება ბაპტისტი პასტორისა და დისიდენტის გეორგი ვინსის მიერ.

ებრაელების და სხვა ჩაგრული ჯგუფების დაცვის კუთხით გამორჩეული დისიდენტი იყო ვალერი ჭალიძე, რომელიც სოციალურ საკითხებზე იატაკქვეშა გაზეთსაც გამოსცემდა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული გაზეთით კოლეგების წინააღდმეგობის მიუხედავად, იმ პერიოდში ვალერი ჭალიძე სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვასაც ცდილობდა და იატაკქვეშა საქმიანობით ეწინააღდმეგებოდა საბჭოთა კანონს, რომელიც ჰომოსექსუალობის კრიმინალიზებას ახდენდა, რის საფუძველზეც ადამიანებს აპატიმრებდნენ.

;
ვალერი ჭალიძე


 

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist