პოლიტიკა

“საქინფორმის” ფოტომანიპულაცია აშშ-სა და უკრაინას ნაციზმის მხარდამჭერებად წარმოაჩენს

17 ნოემბერი, 2017

9 ნოემბერს ონლაინ გამოცემა საქინფორმმა რუსულენოვან ТАСС-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარია რუსეთის  მხრიდან გაეროში წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე ნაციზმის, ნეო-ნაციზმის და სხვა პრაქტიკების განდიდების წინააღმდეგ.  მასალაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ამგვარი დოკუმენტი გაეროში 2016 წელსაც წარადგინა, რომელსაც მხარი 136-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 48-მა თავი შეიკავა, ხოლო უკრაინა და აშშ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მასალაში მოყვანილია რუსი დიპლომატის გრიგორი ლუკიანცევის ციტატები და თანდართულია ფოტო, რომელზეც ამერიკის და უკრაინის დროშები სვასტიკასთან ერთადაა გამოსახული. ფოტოს თან ახლავს წარწერა, “აშშ-მა და უკრაინამ გაეროში ნაციზმის ჰეროიზაციის წინააღმდეგ რეზოლუციას მისცეს ხმა”.

"
საქინფორმის მასალა და ფოტო მანიპულაციურია, წარმოაჩენს მხოლოდ რუსეთის მხარის პოზიციას, არ განმარტავს უკრაინისა და აშშ-ის მიერ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოსვლის მიზეზებს და მიზნად ისახავს აშშ-ისა და უკრაინის ნაციზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებად წარმოჩენას. 2016 წელს რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი აშშ-მა გამოხატვის, შეკრების და გაეთიანების თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის არსებობით ახსნა. 2014 წლიდან, რეზოლუციის ყოველწლიურ განხილვაზე უკრაინის უარი დოკუმენტის მიერ სტალინის რეჟიმის დანაშაულებების არასათანადო ასახვითაა განპირობებული.

რეალური ფაქტები

2016 წლის 17 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა  კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად კენჭი ეყარა რეზოლუციას “ ბრძოლა ნაციზმის, ნეო-ნაციზმის და სხვა პრაქტიკების განდიდების წინააღმდეგ, რომლებსაც წვლილი შეაქვთ რასიზმის რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის გაღვივებაში. რეზოლუციას  131-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხოლო სამი ქვეყანა: აშშ, უკრაინა და პალაუ შეეწინააღმდეგა

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა აკრძალოს ნაცისტური რეჟიმის, მისი მოკავშირეებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების  პატივისცემის ნებისმიერი გამოხატვა, როგორც ოფიციალურად ასევე არაოფიციალურად.

2016 წელს, გაეროში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, აშშ მიიჩნევს, რომ რეზოლუციის რეკომენდაციები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას და გაერთიანების თავისუფლებას,  ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციას. ამასთან, აშშ-ის პოზიციის თანახმად, რეზოლუცია პოლიტიზირებული ხასიათისაა და რუსეთი მას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკური თავდასხმებისთვის იყენებს. განმარტებაში ასევე აღინიშნა, რომ აშშ გმობს ნაციზმის განდიდებას, რასიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის თანამედროვე ფორმებსა და  მათთან დაკავშირებულ შეუწყნარებლობას.

რეზოლუციის პროექტი  2012 წლიდან ყოველწლიურად განიხილება გაეროს გენერალური ასამბლეაზე და განსხვავებით უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული რეზოლუციებისა, მონაწილე ქვეყნებისთვის სამართლებრივად სავალდებულო არაა. 2014 წელს უკრაინა შეუერთდა, აშშ-ს და კანადას, რომლებმაც რეზოლუციის მხარდაჭერაზე  უარი განაცხადეს. ხმის მიცემისგან თავი 55-მა სახელმწიფომ შეიკავა, მათ შორის საქართველომ.  უკრაინის წარმომადგენლის განმარტებით, უკრაინის უარი განპირობებულია იმ მიზეზით, ,რომ რეზოლუცია არ გმობს სტალინის რეჟიმის დანაშაულებებს

ანდრეი ციმბალუკი, გაეროში უკრაინის წარმომადგენელი 2014 წელს: “იქამდე სანამ სტალინიზმი და ნეოსტალინიზმი არ იქნება გასამართლებული იმავე ხარისხით, როგორც ნაციზმი, ნეონაციზმი და შეუწყნარებლობის სხვა ფორმები, უკრაინა ვერ შეძლებს ამ დოკუმენტის მხარდაჭერას”.

კრემლისტური მედია: And you are a Nazi, too! (და შენც ნაცისტი ხარ!)

EU vs Disinfo-ს თანახმად, რუსეთის ინტერესების მოწინააღმდეგეთა დადანაშაულება ნაციზმში კრემლისტური პროპაგანდის ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა. ამ მხრივ ყველაზე ხშირი სამიზნე  უკრაინელები და ბალტიის  ქვეყნების მოსახლეობაა.

  • 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდგომ, პრო-რუსული სეპარატისტული გამოცემები და მეინსტრიმული რუსული მედია უკრაინას  ნაციზმის მხარდაჭერაში, ნეო-ნაციზმსა და ნაცისტურ ტერორში ადანაშაულებს.

"

  • რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა 2016 წლის ოქტომბერში უნგრეთში1956 წელს მომხდარი ანტი-საბჭოთა აჯანყება აშშ-ის და ნაცისტების მიერ  ორგანიზებულ ქმედებად მონათლა
  • 2017 წლის  იანვარში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნაცისტი კოლაბორაციონისტის ქალიშვილად შერაცხა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტია ფრილანდი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის კრიტიკოსია.

მოამზადა რავილ მამედოვმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტი

პროფილები: