მიგრანტები

“საქართველოს და მსოფლიოს” 4 ტყუილი ევროპაში მუსლიმების რაოდენობაზე

24 ივლისი, 2019

2019 წლის 17 ივლისს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “2050 წელს გერმანია მუსლიმანური ქვეყანა იქნება, საფრანგეთში კი 7 წლის შემდეგ ყველა მეხუთე მცხოვრები - მუსლიმი”. სტატიაში განხილულია ევროპის ქვეყნებში მუსლიმი მოსახლეობის ზრდის პერსპექტივები, რის მიზეზებადაც მიგრაციასა და მუსლიმების შობადობის ზრდა მიიჩნევა. სტატიაში მოყვანილია არასწორი სტატისტიკური მონაცემები 4 ევროპულ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომლებიც როგორც მუსილმთა ამჟამინდელ რაოდენობასა და შობადობის მაჩვენებლებს, ასევე პროგნოზებს შეეხება. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია და ჰოლანდია.

მართალია ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ მოყვანილი მონაცემები 7-8 წლის წინანდელია, თუმცა არ ასახელებს არცერთ წყაროს, კვლევას ან დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც იხელძღვანელა სტატიის მომზადებისას, ხოლო სათაური ტოვებს აღქმას, რომ მასალა ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

ტყუილი #1:  საფრანგეთში ერთი მუსლიმი ქალი საშუალოდ 8 ბავშვს აჩენს

რეალური ფაქტი:  საფრანგეთში ერთი მუსლიმი ქალი საშუალოდ 2.9 ბავშვს აჩენს.

როგორც “საქართველო და მსოფლიოს”’ სტატიაშია აღნიშნული, საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებში შობადობის კოეფიციენტი საშუალოდ 8.1-ია.  სინამდვილეში, Pew Research Center-ის 2015-2020 წლების შობადობის საერთო რეიტინგზე დაყრდნობით, საფრანგეთში არამუსლიმ მოსახლეობაში შობადობის მაჩვენებელი არის 1.9, ხოლო საშუალოდ ერთი მუსლიმი ქალი არა 8.1-ს, არამედ 2.9 ბავშვს აჩენს.

"

ტყუილი #2: ბელგიაში მოსახლეობის 25% და ახალშობილთა 50% მუსლიმია

რეალური ფაქტი: ბელგიის 11.31 მილიონი მოსახლიდან მხოლოდ 7.6% არის მუსლიმი, შობადობის 2.6 კოეფიციენტით 

უახლესი მონაცემები, რაც მუსლიმი მოსახლეობის შობადობის კოეფიციენტზე მოიპოვება, Pew Research Center-ის 2016 წლის კვლევაა. ბელგიის მოსახლეობის მხოლოდ 7.6% არის მუსლიმი. შობადობა კი აღნიშნული კვლევის მიხედვით, ერთ მუსლიმ ქალზე საშუალოდ 2.6 ბავშვია. არამუსლიმებში ეს მაჩვენებელი 0.9-ით ნაკლებია და 1.7-ს უტოლდება.

შედარებისთვის, ბელგიის საერთო მოსახლეობა 2016 წელს 11.31 მილიონი იყო, საიდანაც მუსლიმების რაოდენობა დაახლოებით 0.8 მილიონს შეადგენდა. “საქართველო და მსოფლოს” სტატიის მიხედვით მუსლიმთა და არამუსლიმთა ახალშობილების რაოდენობა თანაბარია, რაც რეალობას არ შეესაბამება. ბელგიაში მუსლიმთა რაოდენობის და მათი შობადობის კოეფიციენტის გათვალისწინებით, თვალსაჩინოა, რომ 0.8 მილიონი მუსლიმი შობადობის 2.6 კოეფიციენტით არ უტოლდება 10.5 მილიონ არამუსლიმს, რომელთა ანალოგიური კოეფიციენტი 1.7-ს აღწევს. 

""

ტყუილი #3: 2050 წელს გერმანია მუსლიმანური ქვეყანა იქნება

რეალური ფაქტი: Pew Research Center-ის პროგნოზით, გერმანიაში მუსლიმთა რაოდენობა 2050 წლისთვის ნულოვანი, საშუალო და მაღალი მიგრაციის პირობებში საშუალოდ 10.8% იქნება

Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, გერმანიაში მოსახლეობის რელიგიური განაწილების ერთ-ერთ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სამომავლო მიგრაციის დონეა. პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის მუსლიმი მოსახლეობის წილი გერმანიაში მიგრაციის მაჩვენებლის სამი სხვადასხვა დონის მიხედვით, მათ შორის, ნულოვანი, საშუალო და მაღალი მიგრაციის პირობებში საშუალოდ 10.8%-ზე მეტი არ იქნება, ხოლო ყველაზე დიდი მაჩვენებელი, მიგრაციის მაღალ პირობებში 19.7%-ია. რაც შეეხება მიგრაციის ნულოვანი დონის შემთხვევას, მუსლიმთა რაოდენობამ გერმანიაში, Pew Research-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის 8.7% უნდა შეადგინოს.

"

ტყუილი #4 2027 წელს ყოველი მეხუთე ფრანგი, ხოლო 15 წლის შემდეგ   ჰოლანდიის მოსახლეობის ნახევარი მუსლიმი იქნება

რეალური ფაქტი: 2030 წლისთვის მუსლიმი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი საფრანგეთში სავარაუდოდ 10.3% იქნება, ხოლო ჰოლანდიაში  - 7.8%.

Geworld.ge-ს სტატია ამტკიცებს, რომ 2027 წლისთვის საფრანგეთში ყოველი მეხუთე მუსლიმი იქნება, ხოლო ჰოლანდიაში მოსახლეობის ნახევარი ასევე მუსლიმი იქნება. 

Pew Research-ის მომზადებული კვლევის (The Future of the Global Muslim Population) თანახმად, 2010 წელს მუსლიმთა წილი საერთო მოსახლეობაში საფრანგეთში - 7.5%, ჰოლანდიაში კი 5.5 პროცენტი იყო, ხოლო 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებლებმა შესაბამისად, 8.8% და 7.1%-ს მიაღწიეს.  კვლევაში აღნიშნულია, რომ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთსა და ჰოლანდიაში ბოლო რამდენიმე წელში არსებულ ტენდენციიის მიხედვით, 2030 წლისთვის მუსლიმი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი საფრანგეთში სავარაუდოდ 10.3%, ხოლო ჰოლანდიაში 7.8% იქნება.

შესაბამისად, ჰოლანდიელთა არა ნახევარი, არამედ მოსახლეობის დაახლოებით 1/12 იქნება მუსლიმი, ხოლო საფრანგეთში კვლევის პროგნოზის თანახმად, ყოველი მეათე ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ “საქართველო და მსოფლიოს” ეს მონაცემი, წყაროს მითითების გარეშე, გაორმაგებულად აქვს წარმოდგენილი.

"


მოამზადა გიორგი ყარალაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია