თვალსაზრისი

საქართველოს ახალი ომები ინტერნეტ სივრცეში

9 იანვარი, 2020

“დეზინფორმაცია და პროპაგანდა ახლა ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხეა,” - ამბობს ნინო გოგუაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი. ჯგუფი 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა არა კონკრეტულ მოვლენაზე საპასუხოდ, არამედ ყალბი ამბებისგან შექმნილი საფრთხის გასაანალიზებლად, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში - განმარტავს გოგუაძე. ყალბი სტატიები და პროპაგანდა ინტერნეტ სივრცეში მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის - ქვეყნისთვის, რომელმაც მხოლოდ 30 წლის წინ მოიპოვა საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა და თავის დიდ მეზობელთან კონფლიქტი დღემდე აქვს. პირდაპირი დასახელების გარეშე, გოგუაძესთან საუბარში სწორედ რუსეთია “სპილო ოთახში”.

კიბერომი ბევრად სერიოზული საკითხი ხდება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ათასობით ქართულ,  მათ შორის მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და ასევე სახელმწიფო უწყებების, ადმინისტრაციებისა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. აღნიშნული ვებ-გვერდები ან სრულიად გაითიშა ან ხელმისაწვდომი იყო ყოფილი პრეზიდენტის ფოტოგამოსახულებით, რომელსაც ახლდა წარწერა „I’ll be back“ (მე დავბრუნდები)

სტატიის წერის დრომდე გაურკვეველია, ვინ იდგა კიბერშეტევის უკან- სააკაშვილი, რომლის პარტია “ნაციონალური მოძრაობა” 2004-2012 წლებში მართავდა საქართველოს და ორი ვადით, 2013 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თუ ეს უფრო მეტად რუსეთის ძალის დემონსტრირება იყო, ოკესტრირებული კრემლის მიერ, როგორც ამას მრავალი დამკვირვებელი და ექსპერტი ვარაუდობს. ასევე ბუნდოვანია, კიბერშეტევა  ამ დროს რატომ განხორცილდა - დაგეგმილ არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორია და ორ ქვეყანას შორის, მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. 

“შეტევის შესახებ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია და არ გვინდა, რომ სპეკულაციებს მივმართოთ,” - ეს იყო გოგუაძის ერთადერთი კომენტარი. ყალბ ამბებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ის თავისი კომიტეტის პირველ ანგარიშზე საუბრობდა, რომელიც საჯარო იქნება და სავარაუდოდ 2020 წელს გამოქვეყნდება.

“ყალბ ამბებთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია” - ამბობს თამარ კინწურაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი და მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი. “შედეგად, 18-დან 34 წლამდე მოსახლეობის მესამედზე მეტს ტელევიზიების მიმართ ნდობა არ აქვს” - ციტირებს ის ბოლოდროინდელ კვლევას - ეს არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 70%-ზე მეტისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო ჯერ კიდევ ტელევიზიაა. უნდობლობის მიზეზი დიდწილად ყალბი ამბების ტალღაა, რომელიც რუსული მედიიდან, დეფლექციური წყაროებიდან და ფეისბუკიდან  ათასობით საქართველოს მოქალაქეების სიახლეების ველში ხვდება. 

ეს ყალბი ამბები ამტკიცებს, რომ ევროკავშირი  ცდილობს, “ლგბტ-კულტურა” და “არასწორი” ღირებულებები მოახვიოს თავს საქართველოს, რომელიც კონსერვატიული ქვეყანაა და სადაც მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან დიდ ძალას ფლობს. ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ ბიოლოგიურ იარაღს ქმნის საქართველოს ლაბორატორიაში, რომელიც სინამდვილეში ბიომედიცინისა და ინფექციური დაავადებების კვლევითი ცენტრია. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ ნატოში გაწევრიანება ქვეყანას გაზრდილი სამხედრო დანახარჯების გამო გააღარიბებს და უგულვებელყოფენ იმ ფაქტს, რომ სამხედრო ხარჯები ახლაც დიდია. 

და რა თქმა უნდა, საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (“სამხრეთ ოსეთი”) რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, 200 000 მოქალაქე დევნილია და ორივე  მხრიდან რამდენიმე ასეული სამხედრო დაიღუპა. დღემდე, ეს ორი რეგიონი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ რეგიონის მოსახლეობას საქართველოსაგან დამოუკიდებლობის მოპოვება სურდა. რუსული ვერსიით, ეს ოკუპაცია მათი გათავისუფლება და მეტი ავტონომიურობის მინიჭება იყო. ქართული პერსპექტივით კი ომი და ორი რეგიონის ოკუპაცია საბჭოთა კავშირის პერიოდში და მას შემდეგ  დაპირისპირებებისა და რუსეთის დანაშულის ერთ-ერთი კულმინაცია იყო.

ბოლოდროინდელი ჰაკერული თავდასხმა  ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო 2008 წლის ომის  შემდეგ, როდესაც მოსკოვი კიბერ-ომს აგვისტოს ომის დაწყებამდე და მიმდინარეობისას აწარმოებდა. “ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ჩვენი მედეგობისა და პარალიზების შეკავების უნარის გამოცდა იყო” - ამბობს კინწურაშვილი. შესაძლოა, აღნიშნული თავდასხმის რეალური მიზეზები არც გამოვლინდეს. საქართველოში განხორციელებული კიბერ-შეტევების 90%  დაუდგენელია და ეს ბოლოდროინდელი დიდი კიბერ-თავდასხმაც არ არის გამონაკლისი. 

როცა საქმე ყალბ ამბებს ეხება, მისი საფუძვლებისა და მიზნების დადგენა მარტივია, მათ შორის მათთან საბრძოლველი გზების მოძებნაც კი. ორგანიზაციები, Factcheck.ge და Myth Detector, ადამიანური რესურსის, დროისა და ფინანსური სახსრების ინვესტირებას ახდენენ იმ მიზნით, რომ სიმართლე და ყალბი ამბები ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. ისინი ასევე ცდილობენ, გაასწორონ ფაქტობრივი შეცდომები ან თუნდაც გამოგონილი ისტორიები, პარაგრაფები. განსაკუთრებით დიდ კამათსა და დისკუსიას საქართველოში LGBT თემის უფლებები და მიგრაცია/ლტოლვილების საკითხები იწვევს, რაც სოციალურ მედიაში მნიშვნელოვან, ხშირ შემთხვევაში სიძულვილით და ცრურწმენებით გაჯერებულ რეაქციას იწვევს. უმცირესობების, ტროლების ან კომპიუტერული ბოტების მიერ გავრცელებული ყალბი ამბები და მათზე მომზადებული სტატიების ნაწილი იმ მკითხველებზეც ახდენს გავლენას, ვისაც შედარებით პროგრესული შეხედულებები გააჩნით. სოციალური მედიის ეპოქაში საზოგადოებრივი დებატებისა და გრძნობების მოწამვლა, განადგურება და ექსპლუატაცია საკმაოდ მარტივია. 

ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ “ლიბერალური დასავლეთისა” და ევროკავშირის ღირებულებები არ არის ეჭვქვეშ დაყენებული. სოციალურ მედიაში კამათის ობიექტად უახლესი და არც თუ ისე უახლესი ისტორიაცაა. რუსული მედია საშუალებები “Russia Today” და “Sputnik” აქტიურად პროპაგანდირებენ მოსაზრებას, რომ საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომის დროს “სწორ მხარეს “ იდგა და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ისინი მიზანმიმართულად ივიწყებენ იმ ფაქტს, რომ ჰიტლერმა და სტალინმა პოლონეთის დაყოფისა და განადგურების გეგმა ერთმანეთთან შეათანხმეს, გულაგის სისტემაზე, რომ არაფერი ვთქვათ - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი. გაფრინდაშვილი მრავალპროფილური ორგანიზაცია “Grass”-ის დირექტორია, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, ვებ-გვერდ Factcheck.ge-ს მეშვეობით, ყალბ ამბებთან ბრძოლაა.

რუსული პროპაგანდა წარმატებით მუშაობს, ამბობს გაფრინდაშვილი: მოსახლეობის 42%-ს სჯერა, რომ საბჭთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო. უფრო მეტიც, 57% ფიქრობს, რომ სტალინმა ისტორიაში ძირითადად დადებითი როლი ითამაშა. “რა თქმა უნდა ისტორია საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ ეს შეხედულებები კვლავ ფართოდაა გავრცელებული იმ ქვეყანაში, რომელმაც 30 წლის წინ მიიღო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა და არც ცდილობს, საკუთარი ისტორია კრიტიკულად შეაფასოს და გაასუფთავოს”.

საპარლამენტო გამოძიებასადმი გაფრინდაშვილის დამოკიდებულება არც თუ ისე ოპტიმისტურია: “ჯერ კიდევ არაფერია გაკეთებული. თუმცა, სულ მცირე, ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია და საკითხის აღიარება მოხდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი. სანამ სახელმწიფო სერიოზულ ძალისხმევას არ მიმართავს ყალბი ამბების კონტროლისა და მათთან ბრძოლისთვის, იქამდე factcheck.ge გააგრძელებს სიმართლის ნახევარ-სიმართლისგან და აშკარა ტყუილებისგან გარჩევას. ეს არ არის მარტივი საქმე: გაფრინდაშვილის გუნდი რამდენიმე საათის, ან დღის შემდეგ რეაგირებს იმ გზავნილებზე, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია და რომელთაც უკვე ზიანი მიაყენეს. ფაქტების შეფასებას, ორმაგ გადამოწმებას და ზუსტი წყაროების მოძებნას საკმაო დრო სჭირდება. 

სანამ ფაქტ-ჩექინგი მომზადდება, სხვა  ყალბი ამბები უკვე ვრცელდება, მაგალათად ის, რომ “დასავლეთელები” ტანსაცმელს ადამიანის კანისგან ამზადებენ ან ტიპიურ ევროპელებს სქესობრივი კავშირი აქვთ ცხოველებთან (ორივე ინტერნეტ-სივრცეშია მოძიებული). მიუხედავად ამისა, გაფრინდაშვილი და მისი გუნდი არ ნებდება. უზარმაზარი რაოდენობის ყალბ ამბებთან ბრძოლა უთანასწოროა, მაგრამ იმ დროს, როცა ირგვლივ ამდენი ტყუილია, სიმართლე ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. 


ფლორიან ბაიერი
ფრილანსერი ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს