'საქართველო და მსოფლიო' დიქტატორებს აიდეალებს

25 აპრილი, 2018

მედია პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, რომელიც არაერთხელ გამხდარა ყალბი ინფორმაციის გავრცელების წყარო, ისტორიული ფაქტების ფაბრიკაციისა და მიჩქმალვის გზით  დიქტატორების გაიდეალებას ცდილობს, რასაც, ერთის მხრივ, ანტიდასავლური განწყობების გაღვივების, მეორე მხრივ კი, საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივების მიზნით იყენებს.
"

      1. იოსებ სტალინის და ფრანსისკო ფრანკოს დიქტატორული რეჟიმების განდიდება

“სტალინი და ფრანკო” საქართველო და მსოფლიოს მიერ 2018 წლის 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალაა, რომელშიც ფაქტების დამახინჯებით და არასწორი კონტექსტის შექმნით საბჭოთა და ესპანელი დიქტატორების გაიდეალება ხდება. ფრანსისკო ფრანკო წარმოჩენილია, როგორც დაქუცმაცებული ესპანეთის ერთადერთი მხსნელი და გამაერთიანებელი, თუმცა უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ესპანეთის მრავალპარტიულობითა და ხელისუფლების გაუთავებელი ცვლით დასუსტებული ესპანეთის „გაერთიანება“ ფრანკოს მმართველობამ განუსაზღვრელი რაოდენობის პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ასი ათასობით ადამიანის ქვეყნიდან გასახლებით და რეჟიმის მიერ მტრად შერაცხული ადამიანების საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნის ხარჯზე მოახდინა.

რეალური ფაქტები

  • ფრანსისკო ფრანკო ესპანეთის ხელისუფლებაში სამოქალაქო ომის შემდგომ  მოვიდა და 1937 წელს იდეოლოგიურად განსხვავებული ორი პარტია „ესპანეთის ფაშისტური პარტია“ და „მონარქისტები“  გააერთიანა. მისი მმართველობის ქვეშ გაერთიანებული პარტია  ერთადერთ ლეგალურ პარტიად გამოცხადდა. 1939 წელს ფრანკოს მთავრობამ მიიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობის კანონი, რომელიც მეორე ესპანური რესპუბლიკის მხარდამჭერების წინააღმდეგ იყო მიმართული და ოპოზიციის გასანადგურებლად ფრანკოს მთავარ იარაღს წარმოადგენდა. კანონის მიღების შემდეგ, ნახევარი მილიონი ადამიანი სასამართლოს წესით იდევნებოდა.  
  • “თეთრი ტერორის” სახელით მოიხსენიებენ ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდსა და ფრანკოს დიქტატურის დროს პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების დევნის სერიას, რომელიც ნაციონალისტების მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყო მიმართული. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არ არის ცნობილი, რადგან ბევრი მათგანი დაიკარგა, თუმცა ზოგიერთი მონაცემით, მათი რიცხვი 200,000-დან 400,000-მდეა. 1940 წელს ფრანკოს ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს კატალონიის მთავრობის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.
  • სამოქალაქო ომის დასასრულს ასი ათასობით ადამიანი ქვეყნიდან გააძევეს. ლტოლვილები მიყავდათ საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის საკონცენტრაციო ბანაკებში. ესპანეთში არსებობდა ასევე მირანდა დე ებროს ბანაკი, სადაც ადამიანებს „განსაწმენდად“ გზავნიდნენ. გერმანიაში, მაუთხაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 5000 ესპანელი პოლიტიკური პატიმარი  დაიღუპა.  
  • ფრანკოიზმის დაკარგული ბავშვები -  ამ ტერმინით მოიხსენიებენ ფრანკოს სამხედროების მიერ ციხეში მყოფი ან რეპრესირებული რეპსუბლიკელი მშობლებისთვის მოტაცებულ ბავშვებს, რომელთა რაოდენობა  30,000-ს აღწევს.
  • ფრანკოს ესპანური ნაციონალიზმი ხასიათდებოდა ესპანეთის კულტურული მრავალფეროვნების წინააღმდეგ ბრძოლით. მაგ. სარდანა, როგორც კატალონიის ნაციონალური ცეკვა, აკრძალული იყო . 1960 წლებამდე ფრანკოს რეჟიმი კრძალავდა კატალონიურ და ბასკურ ენებზე საუბარს, დაშვებული იყო მხოლოდ კასტილიური ესპანურით საუბარი.   

ფრანკოს მმართველობის მიმოხილვის პარალელურად, სტატიის ავტორი სტალინის გაიდელებასაც ახდენს, თუმცა  კონკრეტული არგუმენტების, სტატისტიკის და სანდო წყაროების გარეშე.

  • საბჭოთა ეკონომიკის განდიდება

"
მანეთისა და ამერიკული დოლარის ღირებულების შედარება - არასწორია, რადგან საბჭოთა რუბლი არ ფუნქციონირებდა როგორც ვალიუტა საბაზრო ეკონომიკაში. საბჭოთა ეკონომიკაში ცენტრალურად დაგეგმილი კვოტები აკონტროლებდა პროდუქციის წარმოებას, რუბლი არ იყო საერთაშორისოდ გადაცვლადი ვალუტა, ხოლო მისი ექსპორტი აკრძალული იყო. რუსეთის ბანკის არქივში არსებული მონაცემებით, რუბლის ოფიციალური გაცვლითი კურსი სტალინის მმართველობის პერიოდში დოლარისას არ აღემატებოდა.

  • სტალინური ეპოქის მწერლობისა და მეცნიერების აყვავების პერიოდად წარმოჩენა

"
პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც 1917 წლიდან რუსეთში, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო,  ყველა სოციალურ ფენას და კლასს შეეხო, განსაკუთრებით კი სწორედ ინტელიგენცია დაზარალდა. რეპრესიის მხვერპლი გახდნენ მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი,  დირიჟორი ევგენი მიქელაძე, პოეტი პაოლო იაშვილი და სხვები. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა. სტატიის ავტორის მხრიდან განსაკუთრებით ცინიკურია ტიციან ტაბიძის ხსენება, რომელიც 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

  • სტალინის მიერ სსრკ-ში შემავალი სახელმწიფოების მიმართ გატარებული რეპრესიული პოლიტიკის უარყოფა  

"
საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიები არა მხოლოდ ინდივიდუალურ პირებს, არამედ მთლიანად ეთნიკურ, სოციალურ, რელიგიურ ჯგუფებსაც ეხებოდა.  მათ შორის პოლონელები, რუმინელები, ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები,ვოლგისპირელი გერმანელები,ფინელები, ყირიმელი თათრები, ყირიმელი ბერძნები, ყალმუხები, ბალყარელები, ყარაჩაელებს,თურქი მესხები,ჩეჩნები და სხვა. ისინი გადაჰყავდათ დაუსახლებელ ტერიტორიებზე ციმბირსაა და ყაზახეთში.

"

      2. ლავრენტი ბერიას გამართლება

2018 წლის 4 აპრილს, სტალინსა და ფრანკოზე სტატიის გარდა,  „საქართველო და მსოფლიოს“ ისტორიის რუბრიკაში ლავრენტი ბერიაზეც გამოქვეყნდა მასალა, სათაურით, “ლავრენტი ბერია. რა გააკეთა მან სსრკ-ისა და საბჭოთა ადამიანებისთვის”. მასალა იწყება მტკიცებით, რომ, სისხლიან რეპრესიებში ლავრენტი ბერიას  არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიტის ხელმძღვანელად მხოლოდ 1938 წელს დაინიშნა, „დიდი ტერორი“ კი 1937 წელს დაიწყო.

"

აღნიშნული მტკიცება მანიპულაციურია, რადგან ლავრენტი ბერია მანამდე საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების წევრი იყო და 1924 წელს აგვისტოს აჯანყების ჩახშობას ხელმძღვანელობდა, რომელშიც ქართველები  ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად იბრძოდნენ. 1938 წელს, როდესაც ბერია  შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის უფროსად დაინიშნა, მან მართლაც დაიწყო რეპრესიების შერბილება, რადგან ამით სსრკ-ს ეკონომიკას სერიოზული ზიანი ადგებოდა, თუმცა ლიბერალიზაცია მხოლოდ დროებითი იყო. 1940 წლისთვის რეპრესიები კვლავ გამკაცრდა. ამ პერიოდში ბერია პოლონელებისა და ბალტიის ქვეყნების მოსახლეობის, როგორც პოლიტიკური მტრების, დეპორტაციას დაუსახლებელ რეგიონებში ხელმძღვანელობდა.

  • 1940 წელს ლავრენტი ბერია „კატინის ტრაგედიის“ შემოქმედი იყო, რომლის დროსაც 22,000 პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს.
  • ბერიას ბრძანებით დახვრიტეს ქართველი ინტელექტუალები, მაშ შორის მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, ნიკოლო მიწიშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვები.
  • ბერია მესხთა იძულებით დეპორტაციას ხელმძღვანელობდა. 1944 წლის 15 ნოემბერს მესხეთის მოსახლე ათეულობით ათასი ადამიანი ყოველგვარი ახნსა-განმარტების გარეშე სატვირთო მატარებელში შეყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. ამ დღეს საერთო ჯამში   19 818 ოჯახი გადაასახლეს.

      3. მუამარ კადაფის გაიდეალება

კიდევ ერთი დიქტატორი, რომლის განდიდებასაც „საქართველო და მსოფლიო“ პერიოდულად ახდენს, მუამარ კადაფია. მასალებში აღწერილია ლიბიის ყოფილი დიქტატორის მიერ გატარებული რეფორმები, ის წარმოჩენილია, როგორც ქვეყნისთვის თავდადებული მმართველი, ხოლო მის სიკვდილთან დაკავშირებით განვითარებულია შეთქმულების თეორია, თითქოს ის ამერიკელი პატრონების დავალებით “ალ-კაიდას” მებრძოლებმა მოკლეს.

ჩამოთვლილი მტკიცებების დასაბუთებისთვის მასალებში არ ხდება კონკრეტული ფაქტების დასახელება. გამოცემა დიქტატორს „ბოროტ“ დასავლეთთან მებრძოლ პატრიოტად წარმოაჩენს და უგულებელყოფს კადაფის მრავალწლიანი მმართველობის პერიოდში ლიბიაში არსებულ მძიმე მდგომარეობას. კადაფის საქმიანობის ცალმხრივად აღწერისა და ისტორიული ფაქტების მხოლოდ ნაწილობრივი მიმოხილვის მიზანია მკითხველში დიქტატორის მიმართ თანაგრძნობის, ხოლო დასავლეთის მიმართ უნდობლობის გაჩენა.

იხ. Timeline

ფოტოები: The Telegraph, The Atlantic, Fanack.com


პროპაგანდის მეთოდები

ისტორიული ფაქტების გაყალბება - ფაქტების ფაბრიკაცია ან მათი განზრახ მიჩქმალვა.

ე.წ “კარტების დაწყობა” -  ინფორმაცია ნაწილობრივ მართალია, თუმცა ხდება ფაქტების შერჩევითი მიწოდება. კრემლისტური პროპაგანდა აღნიშნულ ტექნიკას ყალბი ნარატივების ჭეშმარიტებაში აუდიტორიის დარწმუნებისთვის იყენებს.

მოსაზრების ფაქტებად წარმოჩენა - დეზინფორმაციის ავტორის მოსაზრება წარმოჩენილია როგორც რეალური ფაქტი


დღეს რომ ფრანკოს დროინდელ ესპანეთში ან იოსებ სტალინის და ლავრენტი ბერიას დროინდელ სსრკ-ში ვცხოვრობდეთ, რომელსაც“საქართველო და მსოფლიოს“ სტატიები აიდეალებენ, თქვენ ამ მასალას ვერ წაიკითხავდით. სსრკ-ში მასობრივი კომუნიკაციის ყველა საშუალება უკიდურესი სიმკაცრით კონტროლდებოდა.  ესპანეთში 1938 წელს მიღებული კანონით, მედიასაშუალებები ცენზურის ქვეშ იმყოფებოდა.


მოამზადა ნანუკა მიქელაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია