სხვადასხვა

“საინფორმაციო სააგენტოს” სახელით და ძალადობრივი ჯგუფების მუშტით  TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის წინააღმდეგ

13 ივლისი, 2021

5 ივლისს "სირცხვილიას“ ოფისში ჟურნალისტებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად, რაც თბილისი პრაიდის ჩატარებას უკავშირდებოდა, “ტვ პირველის” ოპერატორმა ალექსანდრე ლაშქარავამ მძიმე დაზიანებები მიიღო, 6 დღის შემდეგ კი  ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 11 ივლისის 17:15 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკებზე მიანიშნეს (“სავარაუდო მიზეზად ზედოზირებაც განიხლება”),  ხოლო მოგვიანებით, 22:05 წუთზე გამართულ კიდევ ერთ ბრიფინგზე,  გარდცვლილის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაზე მინიშნების გარეშე ისაუბრეს.

შსს-ს პირველ ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე ლექსო ლაშქარავს გარდაცვალება ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა აქტორებმა დაუკავშირეს: სახელისუფლებო მედიამ (“მარშალპრესი”), ფეისბუკ ანგარიშებმა, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც საინფორმაციო პლატფორმები, მათგან ერთ-ერთი კი უშუალოდ 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს არის შექმნილი (საინფორმაციო სააგენტო, საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog), ხელისუფლების ინდივიდუალური მხარდამჭერები და ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები და ანგარიშები (!!მნიშვნელოვანი!!, ქეთი ვადაჭკორია). 

შსს-ს ბრიფინგამდე ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, კერძოდ, ლევან ვასაძის პარტიასთან დაკავშირებული ტვ “ალტ-ინფოს” წამყვანები, რომლებიც ამავდროულად თავად მონაწილეობდნენ 5 ივლისს კონტრაქციის ორგანიზებაში, სპეც-ეთერში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე კონსპირაციულ თეორიებს აჟღერებდნენ და მის გარდაცვალებაში შესაძლო დამნაშავეებად ლიბერალებს და დასავლეთს ასახელებდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ლექსო ლაშქარავას პერსონალური ინფორმაციაც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების მიხედვით, სოციალურ ქსელში პერსონალურ ინფორმაციას ის პირები ავრცელებდნენ, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ სისხლის სამართლის საქმის, ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებზე და სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  დაიწყო შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საზოგადოებრივი აზრის მომწიფება სხვადასხვა პლატფორმებით დაიწყო, რა დროსაც შემდეგი გზავნილები ვრცელდებოდა:

  • ლექსო ლაშქარავა ნარკომანია და წარსულში მრავალ დანაშაულთან არის აფილირებული;
  • ოპერატორის გარდაცვალება ნაციონალურ მოძრაობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებისთვის არის ხელსაყერლი; 
  • ლაშქარავას გარდაცვალება ნაციონალური მოძრაობის დაკვეთაა;
  • მიმდინარეობს ლაშქარავას ფლოიდიზაცია.

შსს-მდე ოპერატორის ზედოზირებით გარდაცვალებაზე “მარშალპრესი” წერდა

შსს-ს ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე “ერთიანობის დარბაზის” წევრმა იოსებ ხიმშიაშვილმა გაავრცელა პოსტი, სადაც ის ოპერატორის ძველ ნასამართლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი ოპერატორი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ხოლო მის გარდაცვალებას “ლგბტქ” პროპაგანდის მოყვარული მედია, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები თავის სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობენ. ხიმშიაშვილის პოსტი  სახელისუფლებო ონლაინ მედიამ “მარშალპრესმა” უცვლელი სახით შინაგან სამინისტროს პირველ ბრიფინგამდე გამოაქვეყნა. საკუთარ ფეისბუქ გვერდზე “მარშალპრესმა” აღნიშნული მასალა 11 ივლისის 15:58-ზე გამოაქვეყნა.

;;
პოსტს იმის შესახებ, რომ ლაშქარავა სხვადასხვა დროს მხილებული იყო დანაშაულებების ჩადენაში და იგი შესაძლოა ზედოზირების შედეგად ყოფილიყო გარდაცვლილი, შსს-ის ბრიფინგამდე სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილიც ავრცელებდა.

;
ვინ გამოაქვეყნა ლაშქარავას შესახებ პერსონალური ინფორმაცია?

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილმა მოგვიანებით ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური ინფორმაციაც გამოაქვეყნა.
;
მსგავსი შინაარსის პოსტები სხვადასხვა ჯგუფში გაზიარდა, მათ შორის იყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერი  ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე.

;
ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილის პოსტი გაზიარდა ჯგუფში პროტესტი! Protest! Протест! და Freshnews.ge, რომელშიც უმეტესად მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების მადისკრედიტირებელი პოსტები ვრცელდება.

 

იდენტური პოსტი 11 ივლისს ფეისბუკ გვერდმა საინფორმაციო სააგენტო გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ გვერდი 2021 წლის 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს არის შექმნილი და მასზე გამოქვეყნებული პირველივე პოსტი დასპონსორებული იყო.  12 ივლისს გვერდზე, რომელიც საინფორმაციო მედიად პოზიციონირებს, არც ერთი პოსტი აღარ არის ხელმისაწვდომი.
;

;
პოსტის ავტორად, რომელშიც ლექსო ლაშქარავას “დანაშაულებია” წარმოდგენილი, საინფორმაციო სააგენტოები “მარშალრესი” და “ტაონიუსი” ლაშა გეგეჭკორსა და ირაკლი ზაქარეიშვილს ასახელებენ. თავად ლაშა გეგეჭკორი წერს, რომ პოსტი სოციალური ქსელიდან აიღო და თავად მისი ავტორი არ არის.
;;
ლაშა გეგეჭკორს ასახელებს პოსტის ავტორად პროსახელისუფლებო და პრორუსული მედია Spacenews.ge-იც.
;
იდენტური პოსტი, რომელშიც ლექსო ლაშქარავას “დანაშაულებია” ჩამოთვლილი, გამოაქვეყნა ფეისბუკ გვერდმა საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს სახელით პოზიციონირებს და ხელისუფლების მხარდამჭერ მასალებს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტი დასპონსორებული იყო.
;
გარდა ამისა, ფეისბუკ გვერდს “საინფორმაციო ბლოგი” ლაშქარავას შესახებ კიდევ 5 პოსტი აქვს დასპონსორებუილი.

 

იდენტური პოსტი 11 ივლისს სხვა ინდივიდუალურმა ანგარიშებმაც გაავრცელეს, მათ შორის იყვნენ თათა მურაჩაშვილი და ანტივაქსერი თერაპევტი ნონა აღდგომელაშვილი.

;
ლექსო ლაშქარავას ნასამართლეობის შესახებ მონაცემები ფეისბუკ ჯგუფებში “,,სიმართლის გზა" , ჩვენ გვიყვარს საქართველო ❤️, "გაერთიანებული საზოგადოება"1.000.000 ქართველი გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ 2 ჯგუფში ინფორმაციას მარშალპრესის დირექტორი ოთარ სტეფანიშვილი აზიარებდა:

 

ალტ-ინფოს წამყვანების კონსპირაციები სპეც-ეთერში

11 ივლისს 15:10-დან თითქმის ერთი საათის განმავლობაში ალტ-ინფოს სპეცეთერში წამყვანებმა “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარაუდი გააჟღერეს, მათ შორის იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ძალა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამოყენებას რევოლუციური სცენარისთვის ცდილობდა. მათ განიხილეს ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, ნიკა გვარამის კომენტარიც და განავითარეს კონსპირაცია, რომ ლაშქარავა ლიბერალების და დასავლეთის მიერაა შეწირული:

ზურაბ მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “გვარამიამ თქვა, ემანდ არავინ არ დაწეროს, რომ მანდ ნარკოტიკული ზედოზირების გამო არის, თორემ მოგაკითხავთ ყველას”.

ირაკლი ყიზილაშვილი, ალტ-ინფოს წამყვანი: “ეს თუკი ასეა და თუკი შეწირული და მოკლულია ლიბერალების მიერ, ეგ ვისი დაკვეთით არის გაკეთებული, როგორ ფიქრობთ? ეგ არის გაკეთებული დასავლეთიდან”.

12 ივლისს, შსს-ს განცხადების შემდეგ ალტ-ინფოს წამყვანმა ზურამ მახარაძემ განაცხადა, რომ ის ვერსია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააჟღერა, მათთვის ცნობილი იყო და რადგან შსს-მ ეს “თემები დადო”, ღია საუბარი იმაზე, რაზეც მათ 11 ივლისის სპეც-ეთერის დროს მიანიშნეს:

ზურაბ მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “რაღაცებზე უბრალოდ მინიშნება გავაკეთეთ იმიტომ, რომ ახალგარდაცვლილ ადამიანზე შენ არ უნდა გააჟღერო რაღაც-რაღაცეები, ეთიკის ამბავია, თორე ეგ ინფორმაციები ჩვენთანაც მოდიოდა, მაგრამ რახან შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ფაქტიურად დადო თემები, უკვე იდეაში შეიძლება იმის საუბარი, რაც უკვე სინამდვილეში გუშინ სპეც-ეთერის დროს უკვე გასაგები იყო.”

ზედოზირების ვერსია “ალტ-ინფოს” წამყვანებმა 12 ივლისის ეთერში კიდევ უფრო განავითარეს, როცა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ოპერატორი ნარკოტიკით სპეციალურად მოკლეს, რათა რევოლუციური სცენარი გაეთამაშებინათ:

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ეს ადამიანი, როგორც საკრალური მსხვერპლი, გაუჩალიჩეს ზედოზირება და მოკლეს, არის, და მაგ ვერსიას აქვს არსებობის სრული ლეგიტიმური უფლება.”

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: “მე მგონია, რომ ეს არის კლასიკური ლიბერალური ხავერდოვანი რევოლუციის კაზუს ბელი, ანუ საკრალური მსხვერპლის ქეისი.”

ლაშქარავას გარდაცვალება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს აწყობდათ

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ფეისბუკ-ლაივი ჩაწერა ძალადობრივი ჯგუფის წევრმა დათო კუტალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მას ოპერატორის ცემასთან არავითარი კავშირი არ აქვს. კუტალაძე 12 ივლისს შსს-მ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა.

დათო კუტალაძე, ფეისბუკ ლაივი: “აი, თქვე არამზადებო, ნახე როგორი სათაური დაადეს, გადააზიარეთ ყველამ ვიდეო. ადამიანი ამბობს, არაფერი ისეთი ოდნავ დაზიანება მაქვსო, არანაირი საპრობლემო ჩხუბში მუჭი  ვის არ მოხვედრია, წარბი გამხეთქვია, თვალი გამსივებია, ჩხუბის ელემენტარული მოვლენაა, ამდენ ადამიანთან მოუწია შეხება და ადამიანი ამბობს, რაფერი ისეთი, ოდნავ დაზიანება მაქვსო, არანაირი საპრობლემოო. ვიდეოს ლინკს დავდებ და გადააზიარეთ ვაფშე ყველამ.  აი, ხომ გითხარით  მათ სჭირდებოდათ განდიდების (იგულისხმება განტევების) ვაცი, რომ გაეშვათ ევროპაში ნაცემი ჟურნალისტის სახე, რო მას შეეხნენ.” 

პოსტი, რომლის მიხედვითაც ლექსო ლაშქარავა თავად იმ ადამიანებმა მოკლეს, ვინც ახლა აქციებს მართავს, გამოქვეყნდა ჯგუფში: ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის § მარიამ ჭყონიას TVმედია:

;

ლაშქარავას გარდაცვალება ნაციონალური მოძრაობის დაკვეთაა

5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დააკისრა. ღარიბაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფების მხრიდან მასშტაბური პროვოკაცია იგეგმებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: “კითხვები დაისვა რა კავშირი ჰქონდა მაგალითად, ლგბტ თემს სააკაშვილთან, მე განვმარტე, რომ აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო "სირცხვილია", რომელიც იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ჩვენ ეს არ დავუშვით.”

ლაშქარავას გარდაცვალება “ასავალ-დასავალმა” სააკაშვილის მიზნად წარმოაჩინა: “სააკაშვილის მიზანი ასრულდა: ჟურნალისტი მოკვდა!”
;
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა ალტ-ინფოს მხარდამჭერმა ქეთი ვადაჭკორიამ.
;
ჟურნალისტის გარდაცვალება სააკაშვილის ოცნებად წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ლევან მამალაძემაც, რომელმაც გამოთქვა ეჭვი, რომ ჟურნალისტებზე ძალადობაში სააკაშვილის მიერ დაქირავებული რადიკალები მონაწილეობდნენ. 

ლევან მამალაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი: “სააკაშვილი დიდი ხანია ოცნებობდა ასეთ გარემოებაზე, რითაც შეძლებდა ქვეყანაში სიტუაციის არევას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ჯერ კიდევ მარტში ვამხილე სააკაშვილი, ხელისუფლების ჩამოშლისთვის ტვ პირველის გავლენიანი ჟურნალისტების შეწირვას რომ გეგმავდა! ყველას ემახსოვრება ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობის მკვლელობის შესახებ, რამხელა აქციები ააგორა მიშამ, თუმცა ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ ქონდა ამ ფაქტთან! ახლაც იგივესა შეეცდება!გამოძიებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს ვინ იყვნენ ლექსოზე თავდამსხმელები. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჟურნალისტებზე ძალადობაში სააკაშვილის დაქირავებული რადიკალები მონაწილეობდნენ და პროვოცირებას უკეთებდნენ ცემას!”

მამალაძის პოსტი გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესმა” და გაზიარდა შემდეგ ჯგუფშებში: დავასრულოთ ნაცები - Davasrulot Nacebi !!!, ბათუმი • 41 💫.

;
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ფეისბუკ მომხმარებელმა თათა მურაჩაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა:

;
ლექსო ლაშქარავას  ფლოიდიზაცია

ფეისბუკ გვერდზე ‼️მნიშვნელოვანი‼️ გარდა იმისა, რომ ლექსო ლაშქარავას “დანაშაულების სია” გამოქვეყნდა, პოსტზე თანდართულ ფოტოზე ნათქვამი იყო, რომ ლექსო ლაშქარავას ფლიოდიზაცია მიმდინარეობს და ამ მძიმე სურათის გამოყენება რევოლუციური მიზნებისთვის ხდება. ფეისბუკ გვერდი გვერდი 2021 წლის ივნისში შეიქმნა და სავარაუდოდ, პარტიის  “ერთობა, რაობა, იმედი” და ალტ-ინფოს მხარდამჭერი, არსენ ფოფხაძე მართავს, რომელიც 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.

;
შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადების გავრცელების შემდეგ ფეისბუკ გვერდმა შსს-ის განცხადებას შემდეგი კომენტარი დაურთო: “და აი, ამას ტენიან იმ 30 000 ადამიანს!?? ცუდია, რომ გაილახა მაგრამ ნარკოტიკებისგან მიდრეკილი მოგულავე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას არავის დავაბრალებინებთ.” მომდევნო პოსტში კი აღნიშნულია, რომ აქციაზე გამოსულ ჟურნალისტებს გარდაცვლილი ოპერატორი არ ადარდებთ.
;
5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები 50-მდე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე შეიჭრნენ თბილისი პრაიდისა და “სირცხვილიას” ოფისებში. ძალადობრივ კონტრაქციას წინ უძღოდა პრაიდის საწინააღმდეგო ერთთვიანი კამპანია, რომელშიც სასულიერო პირები, კრემლისტური მედია, ანტიდასავლური გამოცემები და სხვა აქტორები იყვნენ ჩართული.

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე და მათთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), პრესის თავისუფლების გლობალურმა ქსელმა (IPI) დარეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RWB)  გააკეთეს.


მოამზადა ანი ქისტაურმა