ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

საიდან იღებს სათავეს კონსპირაციები, თითქოს კოვიდის პანდემია მოსახლეობის შესამცირებლად და ფარმაცევტული კომპანიების გასამდიდრებლად დაიგეგმა

15 ოქტომბერი, 2020

11 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ნონა აღდგომელაშვილმა საჯარო ჯგუფში  ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი/covid-19 გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის აცხადებს, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული მოვლენების განვითარება წინასწარ დაგეგმილი აფიორაა. მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული ზომები, როგორიც არის ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, ტესტირება, თვითიზოლაცია, კარანტინი, ონლაინ სწავლება და ა.შ. ორ მიზანს ემსახურება: 1.მოსახლეობის შემცირებას და 2.ვაქცინაციის საშუალებით ფარმაცევტული კომპანიებისათვის ფინანსური მოგების მოტანას, რასაც ასევე მოსახლეობის შემცირება მოჰყვება. პოსტში  რუსულენოვანი წყარო stoppanika.ru  არის მითითებული. 15 ოქტომბრის მდგომარეობით პოსტს 139 გაზიარება, 88 კომენტარი და 168 რეაქცია აქვს. 

"

მტკიცებები, თითქოს პანდემია და მასთან გასამკლავებლად მიღებული ზომები სინამდვილეში მოსახლეობის შემცირებასა და ვაქცინაციის საშუალებით ფარმაცევტული კომპანიებისათვის მოგების მოტანას ემსახურება, კონსპირაციებია. მოსახლეობის შემცირების შესახებ მტკიცება ბილ გეტსის  განცხადების არასწორი ინტერპრეტაციიდან იღებს სათავეს. ხოლო, კონსპირაცია, თითქოს ვაქცინაცია ფარმაცევტული კომპანიების გამდიდრებას ემსახურება ანტი-ვაქსერული ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია.

მტკიცება, თითქოს ვაქცინაციის საშუალებით მოსახლეობის შემცირება იგეგმაბა კონსპირაციაა, რომელიც ბილ გეტსის  განცხადების არასწორი ინტერპრეტაციიდან იღებს სათავეს.

კოსპირაცია, თითქოს კოვიდ-19-ის ვაქცინის საშუალებით მოსახლეოპის შემცირება იგეგმება  აქტიურად ზიარდება სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ონლაინ გამოცემებში. ამ კონპირაციას ძირითადად ბილ გეიტსის სახელს და მის 2010 წლის საჯარო გამოსვლას უკავშირებენ. 2010 წელს Ted Talk-ში გამოსვლისას ბილ გეიტსმა წარმოადგინა წინადადება “განახლება ნულისკენ”, სადაც CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის თვალსაზრისით. 

ბილ გეიტსი: “მსოფლიოში დღეს 6,8 მლრდ ადამიანია. ეს რაოდენობა მოიმატებს დაახლოებით 9 მლრდ–მდე. თუ ჩვენ ჩავატარებთ დიდ სამუშაოს ახალი ვაქცინების შესაქმნელად ჯანდაცვაში, რეპროდუქციული ჯანდაცვის სფეროში, ის (მოსახლეობის ზრდის ტემპი ), შესაძლოა, შევამციროთ 10 ან 15 პროცენტით”.

ბილ გეიტსის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციით, თითქოს ბილ გეიტსი ადამიანების გამრავლების უნარის დაქვეითებას და ამ გზით მოსახლეობის შემცირებას ცდილობს.

რეალურად, “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი საუბრობს არა მოსახლეობის შემცირებაზე, არამედ მისი ზრდის ტემპის შენელებაზე. ეს საკითხი  ფაქტჩეკინგის პლატფორმებმა PolitiFact-მა და Snopes-მაც გადაამოწმეს. გეიტსი აღნიშნავს, რომ ვაქცინები დიდ მნიშვნელობას ატარებს განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რაც თავის მხრივ, ბილ გეიტსის აზრით, შეანელებს მოსახლეობის ზრდას.  ბილ გეიტსი ფიქრობს, რომ როდესაც მეტი ბავშვი გადარჩება, მშობლები გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაკლები ბავშვი ჰყავდეთ. ქალებს ეყოლებათ იმდენი ბავშვი, რომ შეძლონ მათი შენახვა, განათლების მიცემა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც არის წინაპირობა სიღარიბის დასაძლევად და ცხოვრების დონის ასამაღლებლად. რაც შეეხება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის საკითხს, ბილ გეიტსის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის შენელება ასევე შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვებს. “მითების დექტექტორი” ამ კონსპირაციის შესახებ ადრეც წერდა:

საიდან იღებს სათავეს მითი ბილ გეიტსისა და ვაქცინების შესახებ 

Snopes-ის თანახმად, ბილ გეიტსისა და მისი მეუღლის მელინდას საქველმოქმედო ფონდი (BMGF)  ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელსაც ოფისები მთელს მსოფლიოში აქვს, მათ შორის ინდოეთში, სადაც BMGF სიღარიბის დაძლევასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობს. გეიტსების ფონდი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაცია PATH-ს, რომელმაც 2009 წელს ინდოეთის რამდენიმე ღარიბ რეგიონში 20 000 გოგონას პაპილომავირუსის აცრა უფასოდ გაუკეთა. აცრის შემდეგ 7 გოგონას დაღუპვას ინდოეთში სკანდალი მოჰყვა. მართალია, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგონების სიკვდილს ვაქცინებთან კავშირი არ ჰქონია (მაგალითად, ერთი მათგანი გველმა დაკბინა, ხოლო მეორე -  ჭაში დამხრჩვალი იპოვეს), ჭორები ბილ გეიტსთან დაკავშირებით დღემდე არ ცხრება. მაგალითად, 2017 წელს გავრცელებული ცნობების მიხედვით, გეიტსის საქველმოქმედო ორგანიზაციას და PATH-ს ინდოეთი დაატოვებინეს. გავრცელებულ ხმებს 2017 წელს ინდოეთის მთავრობაც სიცრუე უწოდა. ორივე ორგანიზაცია განაგრძობს ქვეყანაში მუშაობას.

ამერიკელი მილიარდერი თავადაც გამოეხმაურა ბოლოდროინდელ ისტორიებს, რომლებიც გეიტსის სახელს ჩიპებთან, ვაქცინებთან და კორონავირუსის პანდემიასთანაც აკავშირებენ.  "ამის უარყოფაც კი რთულია, ეს ყველაფერი იმდენად სულელური და უცნაურია, რომ გამეორებაც კი გარკვეულ სიმყარეს სძენს", - განაცხადა გეიტსმა ჟურნალისტებთან სატელეფონოს საუბრისას. 

კონსპირაცია, თითქოს ვაქცინაცია ფარმაცევტული კომპანიების გამდიდრებას ემსახურება ანტი-ვაქსერული ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია

ბილ გეიტსის და ენტონი ფაუჩის მიერ ვაქცინებიდან მოგების მიღების შესახებ მტკიცება, კონსპირაციაა, რაც ადრეც ვრცელდებოდა. აღსაშნავია, რომ snopes-ის თანახმად, QAnon-ისა და ანტი-ვაქსერული ჯგუფები კოვიდ-19-ის პანდემიამდეც ნერგავდნენ მოსაზრებას, რომ ვაქცინაცია დიდი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური ინტერესებით არის ნაკარნახევი. QAnon-ის ჯგუფის წევრეი კონსპირაციების თეორიებს ავრცელებენ და ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში, ბიზნესსა და მედიაში ელიტურ, სატანურ პედოფილებთან  საიდუმლო ომს აწარმოებს. ამ ჯგუფის მიერ გავრცელებული კონპსირაციები სხვადასხვა სახისაა და ხშირად ერთმანეთთანაც მოდის წინააღმდეგობაში.

BBC-ის მიხედვით, ანტი-ვაქსერული ჯგუფები ნერგავენ მოსაზრებას, რომ პანდემია გამოგონილია და  მთელი მოსახლეობის ვაქცინაციას ისახავს მიზნად. მაგალითად,  იტალიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც იტალილიელი ფარმაკოლოგი აცხადებდა, რომ პანდემია მოგონილია და ვაქცინაციით ფინანსური სარგებლის მისაღებად შეიქმნა. ვიდეო ფეისბუკში 700 00-ჯერ გაზიარდა. BBC-ის თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კოვიდ-19-ის პანდემია გამოგონილია, ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ვაქცინას შექმნის, ფინანსურ მოგებას მიიღებს, თუმცა, განცხადება, რომ ამ მოტივით გამოიგონეს პანდემია, მტკიცებულებების გარეშეა.

Associated Press-ის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ჯგუფები კოვიდ-19-ის ვაქცინის წინააღმდეგ ეჭვს თესავენ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ჯერ არ არსებობს. 


მოამზადა მარიამ ნებიერიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია