“საერთო გაზეთში” ვაქცინაციის შესახებ 8 ტყუილი და 2 მანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

63
VIEWS

18 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “საერთო გაზეთი”, რომელიც ბეჭდური სახითაც გამოდის, პოსტის სახით გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰომეოპათ თინა თოფურიასთან, სადაც ის კოვიდ19-ის პანდემიაზე და ვაქცინაციაზე საუბრობს. თინა თოფურია ახსენებს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, ბილ გეიტსს, იუნისეფს, ვაქცინათა ალიანსს GAVI და ამტკიცებს, რომ ყველა მათგანს მხოლოდ ბიზნეს ინტერესები ამოძრავებს, რის გამოც, თოფურიას თქმით, ქვეყნებს გამოუცდელ და საფრთხისშემცველ ვაქცინებს აწვდიან.

25 სექტემბრის 10:00 საათის მდგომარეობით პოსტს ათასზე მეტი გაზიარება აქვს. “საერთო გაზეთის” ფეისბუქ გვერდზე თინა თოფურიას ინტერვიუს ნაწილი 10 სექტემბერსაც გაზიარდა.

"

თინა თოფურია ძირითადად იმეორებს ძველ დეზინფორმაციულ განცხადებებს, რაც მან ტვ “ობიექტივის” ეთერში არაერთხელ გააკეთა. “მითების დეტექტორი” ამჯერად გთავაზობთ “საერთო გაზეთთან” თოფურიას ინტერვიუში გამოვლენილ დეზინფორმაციას და მტკიცებულებების გარეშე მოყვანილ გზავნილებს.

ტყუილი N1: ვაქცინა საშიშია, იმიტომ, რომ გენური ინჟინერიითაა შექმნილი

კოვიდ19-ის ვაქცინაზე მუშაობა გენური ინჟინერიით მიმდინარეობს, რაც ახალ მეთოდს წარმოადგენს, თუმცა თავად აღნიშნული მეთოდი არა საფრთხისშემცველი, არამედ ტრადიციულ მეთოდზე უპირატესია, იმ მხრივ, რომ იგი მნიშვნელოვნად აჩქარებს ვაქცინის შექმნას, ამასთანავე ნაკლებად ხარჯიანია და ამ მეთოდით დამზადებული ვაქცინა მარტივად ინახება თბილ კლიმატში, ოთახის ტემპერატურაზეც, მაშინ, როდესაც ტრადიციულად შექმნილ ვაქცინებს მაცივარი სჭირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ თავად ვაქცინის უსაფრთხოება გამოიცადოს შესაბამისი კვლევებით, ხოლო პრობლემა ვაქცინის გენური ინჟინერიით შექმნის მოდელში არ დგას.

ტყუილი N2: ვაქცინა სათანადო კვლევებს არ გადის. ენტონი ფაუჩიმ გამოატოვებინა ცხოველებზე გამოცდის ფაზა

ცხოველებზე ტესტირება ვაქცინის დასამტკიცებლად საჭირო ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის განსაზღვრული. ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში პრესკონფერენციისას 2020 წლის მარტში განაცხადა, რომ  ვაქცინის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად საუკეთესო გზა ცხოველებზე ტესტირებაა. მისი თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება მხოლოდ ვაქცინის გვერდითი მოვლენების არარსებობას არ გულისხმობს და საჭიროა გამოიცადოს კონკრეტული ვაქცინა ინფექციას ხომ არ აძლიერებს, რაც კარგად ჩანს ცხოველებში ტესტირებისას.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინების გამოცდა, გარდა რუსული და ჩინური ვაქცინებისა, რომლის დამტკიცებაც მესამე ფაზის დასრულებამდე მოხდა, თანმიმდევრულად მიყვება შესაბამის ფაზებს. ამჟამად 40 საცდელი ვაქცინა კლინიკურ ეტაპზეა, ხოლო 92 წინარე-კლინიკურ პერიოდს გადის და ცხოველებზე გამოიცდება.

ტყუილი N3: საქართველო განვითარებადი ქვეყნების სიაშია და ვაქცინაციას GAVI უწევს ზედამხედველობას, სადაც 8.8 მილიარდი შეგროვდა, მაგრამ თანხას მაინც გვახდევინებენ

ვაქცინის გლობალური ალიანსის საბჭომ დაამტკიცა 92 დაბალშემოსავლიანი და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების მიწოდებასთან ერთად ხარჯების ნაწილს დაუფარავენ, თუმცა ამ ქვეყნების სიაში საქართველო არ არის. მოთხოვნებს აკმაყოფილებს მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთა მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 4 000 აშშ დოლარზე ნაკლებია, საქართველო კი ამ ზღვარს ცოტათი აღემატება და 4,740 აშშ დოლარს შეადგენს. გარდა აღნიშნული 92 ქვეყნისა, რომლებიც დაბალ და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ეკონომიკების წარმოადგენენ, COVAX Facility-ში მონაწილეობის სურვილი საკუთარი დაფინანსებით კიდევ 80-მა სახელმწიფომ გამოთქვა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაწყებულია ვაქცინების შეძენის პროცედურა და შევეთილია დაახლოებით 700 000 ვაქცინა.

ტყუილი N4: საქართველო მეორეხარისხოვანია ქვეყანაა,  რომელსაც ვაქცინების დასატესტად იყენებენ

ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობა მთლიანად მოხალისეობრივია. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ვაქცინას მხოლოდ განვითარებად, “მეორეხარისხოვან” ქვეყნებში ტესტავენ, მაგალითისთვის წამყვანი AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ამასთან, შექმნილია პლატფორმა 1daysooner.org, რომელიც ერთგვარი ჰაბია ვაქცინის გამომცდელებსა და მოხალისეებს შორის. პორტალზე ამჟამად 37 200-ზე მეტი მოხალისე 162 სახელმწიფოდან არის დარეგისტრირებული.

ტყუილი N5: ბილ გეიტსი არ მალავს, რომ შექმნა ვაქცინა, რომელიც ადამიანის გენს შეცვლის

მსგავსი განცხადება ბილ გეიტსს არ გაუკეთებია. სინამდვილეში ვაქცინა გენური ინჟინერიით არის შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა არის ახალი ტიპის კორონავირუსს მაქსიმალურად მიმსგავსებული რათა იმუნურმა სისტემამ მასთან შებრძოლება ისწავლოს. უფრო კონკრეტულად, განსხვავებით ვაქცინის ძველი ტრადიციული მეთოდისა, რომელიც მთლიან პათოგენს ან ფრაგმენტს იყენებდა, გენური ინჟირენიით მოდიფიცირებული ვაქცინა გულისმობს ვირუსის გენეტიკური კოდის პატარა ნაწილი ინექციას, რათა იმუნური რეაქციის სტიმულირება მოახდინოს ისე, რომ პაციენტის ორგანიზმში ინფექცია არ გამოიწვიოს. ამ პროცედურას და ზოგადად ვაქცინებს არ შეუძლიათ ადამიანის დნმ-ის შეცვლა, ეს არის მითი, რომელსაც ხშირად ავრცელებენ ანტივაქსერები.

ტყუილი N6:  აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში იუვენალურ კანონით შეიძლება ბავშვის ჩამორთმევა მოხდეს

იუვენალურ იუსტიციით სპეკულირება სხვადასხვა აქტორების მხრიდან ხშირად ხდება. რეალურად იუვენალური მართლმსაჯულება ითვალისწინებს არასწრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად უპირატესობის რეაბილიტაციისთვის მინიჭებას. ამ პრინციპის თანახმად, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანთა ინტერესები და ასევე შემუშავებული იქნება ინდივიდუალური მიდგომა. რაც შეეხება ბავშვის ჩამორთმევის საკითხს, ის “ბავშვის უფლებათა კოდექსს” და სოციალურ მუშაკს უკავშირდება, თუმცა ბავშვის ოჯახიდან განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას – როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი და გაფრთხილება ან ნაკლებად მკაცრი ზომები შედეგს არ იძლევა.

აცრებზე უარის თქმის უფლება მშობელს აქვს და მსგავს შემთხვევებში ბავშვის ოჯახიდან განცალკევება არ ხდება.

ტყუილი N7: რაც მეტი ანტისხეულია ორგანიზმში, მით მეტია კოვიდდადებითი პაციენტის დამძიმების ალბათობა. იტალიაში და ესპანეთში მასობრივად ჩატარდა სეზონური გრიპის აცრა, რაც მოხუცებისთვის რთული გადასატანია. 

სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისგან გამომუშავებული ანტისხეულების კოვიდდადებით პაციენტებზე უარყოფითად მოქმედებამეცნიერულად არ დასტურდება. რაც შეეხება იტალიისა და ესპანეთის შემთხვევებს, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს მტკიცება, რომ იქ მასობრივი აცრები ჩატარდა და მოხუცებს ვაქცინაცია რთულად გადააქვთ. რეალურად, ესპანეთსა და იტალიაში ასაკოვანი ადამიანებისთვის (65+) სამი ტიპის აცრა (დყტ, პნევმოკოკური და გრიპის საწინააღმეგო), არის რეკომენდებული, ის სავალდებულო არაა და არც მასობრივი ხასიათი ჰქონია: 2019-2020 წლის მონაცემებით 65+ ადამიანებში გრიპის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკა იტალიაში 54.6%-იან ნიშნულზეა, ხოლო ესპანეთში – 54.3%.

ამასთან, ტყუილია ისიც, რომ სეზონური გრიპის აცრა მოხუცებს რთულად გადააქვთ, პირიქით,  ვაქცინა, აძლიერებს ორგანიზმს და ამცირებს არაერთი დაავადების გამოვლენის შანსს. 2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკაში, სხვა მოხუცებთან შედარებით, გრიპზე (ინფლუენსა) ვაქცინირებულ მოხუცებში კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური დაავადების განვითარების რისკი 20%-ით ნაკლები იყო, ხოლო სიკვდილიანობა – 50%-ით. ამ თემაზე თინა თოფურიას დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.

ტყუილი N8: ბილ გეიტსი და ენტონი ფაუჩი მოგების ნაცვლად ზარალზე არ წავლენ. ბილ გეიტსის გეგმით 7 მილიარდი ადამიანი უსათუოდ უნდა იყოს აცრილი

ბილ გეიტსის და ენტონი ფაუჩის მიერ ვაქცინებიდან რაიმე მოგების მიღების შესახებ მტკიცება, კონსპირაციაა, რაც ადრეც ვრცელდებოდა. ასევე, ბილ გეიტსის გეგმა, თითქოს 7 მილიარდი ადამიანი აუცილებლად უნდა აიცრას, სიმართლე არ შეესაბამება. რეალურად, მან განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნა სასწრაფოა და ამიტომ კოლაბორაციას საჭიროებს, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს 7 მილიარდი ადამიანისთვის.

მანიპულაცია N1: ორსულებისთვის დანიშნული ზოგიერთი აუცილებელი წამალი და ვიტამინი ნაყოფში აუტიზმის ალბათობას ზრდის

ეს განცხადება მტკიცებულების გარეშეა, რადგან თოფურია არ ასახელებს კონკრეტულ წამლებს ან ვიტამინებს, რომლებიც, მისი თქმით, ორსულებისთვის ინიშნებოდა. მართალია, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ორსულობისას გარკვეული მედიკამენტები, მაგალითად ანტიდეპრესანტები შესაძლოა ზრდიდნენ აუტიზმის რისკს, მაგრამ საკმარისი მტკიცებულება, რომ მათი ერთმანეთთან დაკავშირება მოხდეს, არ მოიპოვება. გარდა ამისა, თოფურიას აღნიშნულ საკითხს ვაქცინაციის კონტექსტში განიხილავს, რაც მანიპულაციურია. ფაქტები იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს, უკვე მრავალჯერაა შეგროვებული და დადასტურებული.

მანიპულაცია N2: AstraZeneca-ს კვლევის პირველ ფაზაში გართულებები სერიოზულად არ მიიჩნიეს, მესამე ფაზის გართულების შემდეგ კი კვლევა მას შემდეგ გაგრძელდა, რაც მოთხოვნა პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ დაუკმაყოფილეს

ვაქცინების მწარმოებელ კომპანიასთან AstraZeneca-სთან დაკავშირებით თოფურიას განცხადებები ნახევრად სიმართლეა, თუმცა შეცვლილია კონტექსტი. კომპანიამ 2020 წლის ივლისში განაცხადა, რომ თუ ვაქცინა რამდენიმე წელიწადში გვერდით მოვლენებს აჩვენებს ამაზე პასუხისმგებლობას AstraZeneca ვერ აიღებს. მათი თქმით, პარტნიორი ქვეყნების უმეტესობა თანახმაა, რომ ამ რისკზე წავიდნენ. თუმცა მესამე ფაზაში კვლევის გაგრძელების გადაწყვეტილება ამ განცხადებას არ უკავშირდება: 6 სექტემბერს კომპანიამ კლინიკური ცდები შეწყვიტა, რადგან ვაქცინების ტესტირების ერთ მონაწილეს “აუხსნელი დაავადება” გამოუვლინდა. ცდები მას შემდეგ განახლდა, რაც დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ კვლევის გაგრძელება უსაფრთხო იყო. კომპანიის კლინიკური ცდები ჯერჯერობით შეჩერებული რჩება აშშ-ში.

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდა კლინიკური ცდების ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობდა და გართულების მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ივლისში. კვლევა მაშინაც შეჩერდა, თუმცა გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ პაციენტს ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა და ის კოვიდ19-ს ვაქცინასთან კავშირში არ იყო.

“საერთო გაზეთის” შესახებ

საერთო გაზეთის ფეისბუქ გვერდი 2011 წლის 30 ივლისს შეიქმნა. ფეისბუქ გვერდზე მითითებულია, რომ გაზეთი ოთხშაბათობით გამოდის. მათი ვებსაიტი ამჟამად არ მუშაობს,

თუმცა ძველ ვებზე აღნიშნულია, რომ გაზეთი 2008 წლის მარტიდან გამოდის და მისი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავაა.

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: UNICEF
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist