სხვადასხვა

სად არის გადაღებული საფლავის ფოტოები - სევანზე, ქოთავანგთან თუ აზერბაიჯანის კონტროლირებად ქელბაჯარის რეგიონში?

2 დეკემბერი, 2020

30 ნოემბერს გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ქელბაჯარის რაიონში აღმოჩენილ საფლავის ქვებს შეეხება. გიგაური აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით, რომელიც პოსტში მითითებული არ არის, ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელების მიერ გათავისუფლებულ ქელბაჯარის რეგიონში აღმოაჩინეს სომხური “ცეხი,” სადაც საფლავის ქვებს ამზადებდნენ, გრიგორიანულ ჯვრებს ახატავდნენ, ძველ თარიღებს აწერდნენ, შემდეგ კი მათ ისტორიის გაყალბების მიზნით ხელოვნურად აძველებდნენ და ცდილობდნენ, ეს ტერიტორია ისტორიულ სომხეთად წარმოეჩინათ. პოსტს თან ერთვის ფოტოკოლაჟი, სადაც რამდენიმე ჯვრიანი ქვა არის გამოსახული. პოსტს 2 დეკემბრის 15:00 საათის მონაცემებით 2.1 ათასი გაზაირება აქვს. 

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: “ძმრიან ქვათა ღაღადი აზერბაიჯანის მედიის ცნობით, მათი არმიის მიერ გათავისუფლებულ კელბაჯარის რაიონში, აღმოაჩინეს სომხების ,,უძველესი საფლავის ქვების" დამამზადებელი ე.წ ცეხი!
ანუ ხელოსნები ქვებზე ახატავდნენ გრიგორიანულ ჯვრებს, აწერდნენ ძველ თარიღებს, შემდეგ ძმრით ამუშავებდნენ და დასაჟანგავად მიწაში ფლავდნენ, სიძველის ეფექტისათვის! როგორც ჩანს, ამ ტექნოლოგიითვე ცვლიდნენ მოპარულ ქვებს მისატაცებელ ქართულ ტაძრებშიც.../გაიზიარეთ და გააზიარეთ!/”

;

გიორგი გიგაურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქელბაჯარის რეგიონში აღმოაჩინეს სომხური ცეხი, სადაც საფლავის ქვებს ისტორიის გაყალბების მიზნით ხელოვნურად აძველებენ, მტკიცებულებების გარეშეა,  ხოლო ტექსტის თანმხლები ფოტოებიდან არცერთი არ არის გადაღებული აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ქელბაჯარის რეგიონში: ღია წყაროებით ძებნისას, ერთ ფოტოზე სევანის მონასტრის, ხოლო მეორეზე - ქოთავანქის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაა მითითებული. იდენტური ინფორმაცია ინტერნეტში პირველად აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე გაავრცელა.

  • მტკიცებულებების გარეშე და პირველწყარო

გიორგი გიგაურის მასალაში არ არის მითითებული კონკრეტული წყარო, რომელიც ქელბაჯარის რეგიონში სომხების მიერ ისტორიის გაყალბების მიზნით საფლავების დაძველების ფაქტს დაადასტურებდა. ღია წყაროებში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმიამ ქელბაჯარის რეგიონში საფლავის ყალბი ქვების მწარმოებელი საამქრო იპოვა, პირველად 19 ნოემბერს 12:58 საათზე ჟურნალისტის İbrahim Nebioglu-ს პირად ტვიტერზე გამოქვეყნდა

;

19 ნოემბერს რამდენიმე საათიანი შუალედით რამდენიმე აზერბაიჯანულ და რუსულენოვანმა მედია საშუალებამ იგივე ინფორმაცია İbrahim Nebioglu-ზე დაყრდნობით საკუთარ საიტებზე ამავე ფოტოების დართვით განათავსა, მათ შორის asadzes.az (19 ნოემბერი 15:42 საათი), Media.az (19 ნოემბერი 18:00 საათი), Oxu.az (19 ნოემბერი, 16:13 საათი), ხოლო Sonxebelreber.az-მა (23 ნოემბერი), და Gabdt.com-მა (19 ნოემბერს) საათის მითითების გარეშე.

;

;

  • გამოყენებული ფოტოები ქელბაჯარის რეგიონში გადაღებული არ არის

გიორგი გიგაურის პოსტს ისევე, როგორც პირველწყაროს - İbrahim Nebioglu-ს  ტვიტერს და აზერბიაჯნულენოვან მედიაში მასზე დაყრდნობით გავრცელებულ სტატიებს ერთი და იგივე ფოტოები ერთვის. მათგან პირველი რეალურად სევანის ტბის ნაპირზე მდებარე სევანის მონასტრის გზაზეა გადაღებული, ფოტოს პოვნა და შეძენა შესაძლებელია საიტზე dreamstime.com, ასევე მისი ადგილმდებარეობა გადამოწმებადია გეოლოკაციის საშუალებით

;

;

დანარჩენი ორი ფოტო 2015 წელს რუსმა მოგზაურმა ბლოგერებმა კირილ და ანია იანოჩკინებმა კავკასიაში მოგზაურობისას ქოთავანქის ტაძრის ეზოში გადაიღეს

;

;

;

შესაბამისად, არცერთი ფოტო, რომელიც მოყვანილია გიგაურის და აზერბაიჯანული წყაროს პოსტში, ქელბაჯარის რაიონში გადაღებული არ არის. ამჟამად, ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის შედეგად, ქელბაჯარის რეგიონს აზერბაიჯანი აკონტროლებს. ფოტოები გადაღებულია სევანთან და  ქოთავანქის ტაძრთან, ეს ტერიტორიები კი ქელბაჯარის რეგიონიდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული.

;

წყაროს შესახებ

გიორგი გიგაური გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ულტრანაციონალისტური პარტია “ქართული მარშის” სახელით საბურთალოს რაიონში იყრიდა კენჭს. გაზეთი “ასავალ-დასავალი” ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ხშირად არის დეზინფორმაციის წყარო.


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.