განათლება

სად არის წყარო? მარშალპრესმა, for.ge-მ და factnews. ge-მ გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაცია ფეისბუკ პოსტზე დაყრდნობით გაავრცელეს

22 ოქტომბერი, 2019

14 ოქტომბერს, ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, თითქოს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო ნაშრომებში რუსი მეცნიერების ციტირება აკრძალულია. საგინაშვილის ფეისბუკ პოსტი სტატიის სახით 15 ოქტომბერს marshalpress.ge-სა და for.ge-ზე გამოქვეყნდა, ხოლო 19 ოქტომბერს factnews.ge-ზე. სამივე სტატია თითქმის იდენტური სათაურით “ამას მოფიქრება ხომ უნდოდა? თსუ-ში და ილიაუნიში შემოუღიათ რეგულაციები, მეცნიერებს, ნაშრომებში რუს მეცნიერთა ციტირება ეკრძალებათ” გამოქვეყნდა. რუსი მეცნიერების ციტირების აკრძალვის შესახებ პოსტები სოციალურ ქსელში ვირუსულად გაზიარდა. აღნიშნული ინფორმაცია “ასავალ-დასავალის” 21-27 ოქტომბრის ნომერში წყაროს მითითების გარეშე ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმაც გაავრცელა.

"

გიორგი გიგაური, ასავალ-დასავალი: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ-ში) და ილიას სახელობის უნივერსიტეტში (ილიაუნში) მეცნიერთა ნაშრომებში რუსი ავტორების ციტირებაც აკრძალეს!... და რას აკეთებს განათლების მინისტრი ბატიაშვილი?! არადა, რა უნდა გააკეტოს, ისიც ხომ სოროსელი ლიბერასტია! კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ - ჩვენებურმა ერთუჯრედიანმა ლიბერასტებმა „პრორუსულობაში“ რომ არ „გვამხილონ“: დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ რუსი მეცნიერებისა და რუსი ავტორების ციტირების აკრძალვით ჩვენ რუსულ ოკუპაციას კი არ ვებრძვით, მეცნიერებისკენ მსწრაფლ ჩვენს ახალგაზრდებს ვუხშობთ თვალსაწიერს და განგებ ვათყვანებთ!...”

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსი მეცნიერების ციტირება აკრძალულია, ტყუილია. უნივერსიტეტების ადმინისტრაციები აცხადებენ, რომ ისინი პატივს სცემენ აკადემიურ თავისუფლებას და არც რაიმე რეგულაცია აქვთ დაწესებული, რომელიც ციტირების საკითხებს დაარეგულირებს. მსგავსი რეგულაცია არც თსუ-სა და არც ილიაუნის შემთხვევაში არ იძებნება. 

“მითების დეტექტორი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, მაკა ლაშხიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ილიაუნში აკადემიური თავისუფლებაა და მსგავსი აკრძალვა არ არსებობს.

მაკა ლაშხია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: “ილიაუნში ყველა აკადემიურ პერსონალს აქვს აკადემიური თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უნდა აციტირებს და თუ უნდა არა. ცალსახად ტყუილია, რომ ამ აკრძალვის რეგულაცია არსებობს. არანაირი რეგულაცია ციტირების შესახებ (ვინ უნდა აციტირო) არ არსებობს. მგონია, რომ თავად პროფესიის დაკნინებაა, როცა ინტერნეტ საიტი წერს რომ პროფესორებს რაღაცას უკრძალავენ, ანუ უნდათ და არ აკეთებინებენ.”

“მითების დეტექტორი” ასევე ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, ნატა ასათიანს, რომელმაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია ციტირების აკრძალვის შესახებ და განმარტა, რომ უნივერსიტეტში მსგავსი სახის აკრძალვა არც რაიმე აქტით არის დადგენილი და არც ვინმეს მიუღია ზეპირი დირექტივა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი: „მსგავსი დირექტივა, რომელიც კრძალავს რუსულენოვანი მკვლევრებისა და მეცნიერების ციტირებას, საუნივერსიტეტოს სივრცეში გამოცემულ რეგულაციებსა და ნორმატიულ დოკუმენტებში არ არსებობს. მეცნიერებს, მკვლევრებს ნებისმიერ ენაზე დაწერილი წყაროს გამოყენება შეუძლიათ და სრულიად თავისუფლები არიან არჩევანში. ქართულ აკადემიურ სივრცეში მიმდინარე კვლევები ეძღვნება დარგების აქტუალურ პორბლემატიკას. შესაბამისად, ქართველ მკვლევრებს, ერთი მხრივ, უხდებათ კონკრეტული, წამყვანი კვლევების შედეგების გაცნობა პუბლიკაციათა საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში სხვადასხვა უცხოურ ენაზე (მათ შორის რუსულზე), ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი შრომების წარდგენა ასევე უცხოურ ენაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებში. ეს, ბუნებრივია, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე არ გამორიცხავს უცხოელი ექსპერტების (მათ შორის რუსი) ციტირებას. ამავე დროს, უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებულია. რომ სამეცნიერო კომუნიკაციის ენა ინგლისურია. შესაბამისად, სამეცნიერო კვლევებისთვის ინგლისურენოვანი იმპაქტფაქტორიანი, რეცენზირებადი ჟურნალების გამოყენება, კვლევებს მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომს ხდის.“

დეზინფორმაციის გავრცელების სქემა

ხათუნა საგინაშვილის პოსტს უნივერსიტეტების მიმართ ნეგატიური კომენტარები მოჰყვა, თუმცა ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხარებელმა მას წყაროს დასახელება სთხოვა. საგინაშვილმა საპასუხოდ წყაროდ ყოფილი პარლამენტარის დემურ გიორხელიძის პოსტზე მიუთითა, რომელიც მან 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. თავის მხრივ პირველწყარო არც დემურ გიორხელიძის პოსტშია მითითებული, რომელსაც წყაროს დაზუსტება თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნატა ასათიანმა სთხოვა, თუმცა გიორხელიძეს წყარო არ დაუსახელებია. სწორედ ეს ცალმხრივი ფეისბუკ პოსტი მეორე მხარესთან გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა სამმა ონლაინ გამოცემამ, რითაც მკითხველი შეცდომაში შეიყვანა.  

""

""


მოამზადა ნიკა გურინმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი