ისტორია

საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები

5 ივნისი, 2018

2018 წლის 24 მაისს “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ტელეკომპანია “ობიექტივის” წამყვანისა და პარტია “ნეიტრალური/სოციალისტური საქართველოს” ლიდერის ვალერი კვარაცხელიას ინტერვიუ, რომელშიც ის საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას საბჭოთა კავშირისას ადარებს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში მეცნიერება, ხელოვნება და სპორტი ჰყვაოდა. იმავე ნარატივს გაზეთ “ასავალ-დასავალის” 14-20 მაისის ნომერში ფოტოხელოვანი იური მეჩითოვიც ახმოვანებს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა ეპოქამ “გენიალური ფილმები” და “სამეცნიერო სკოლები” შექმნა, რაც მონობაში ვერ გახდებოდა შესაძლებელი.

ვალერი კვარაცხელია: “საბჭოთა პერიოდში აყვავებული მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ნაცვლად დღეს მთავარ ღირებულებებად გამოცხადებულია ნარკომანია, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები და კიდევ ათასი უბედურება და სიბინძურე.”

იური მეჩითოვი: “საქართველო, როგორც ქვეყანა, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით არსებობდა და სწორედ იმ ეპოქამ მოიტანა 5-მილიონნახევრიანი მოსახლეობა, უამრავი სამეცნიერო სკოლა და გენიალური ფილმები. თუ ეს ყველაფერი მონობაში გაკეთდა, მაშინ გაუმარჯოს ასეთ “მონობას“!“

მტკიცება, თითქოს ქართული ხელოვნების მიღწევები საბჭოთა კავშირის დამსახურებაა, მცდარია და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ემსახურება. სინამდვილეში, ხელოვნების შედევრები სწორედ საბჭოთა ხელისუფლების საპასუხოდ, ტოტალიტარული სისტემის მხილებისთვის იქმნებოდა. დღეს უკვე გენიალურად მიჩნეულ ხელოვნების ნიმუშებს საბჭოთა ხელისუფლება, მათი ავტორების მსგავსად, არ სცნობდა და დევნიდა. თითქმის 70 წლიანი ცენზურის პირობებში, არაერთ ხელოვანს საკუთარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სიცოცხლის ფასად დაუჯდა.   

საბჭოთა ცენზურის ქრონიკა

საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ინფორმაციით,  ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, სსრკ მალევე იქცა სახელმწიფოდ, სადაც ცენზურა ოფიციალურად დაკანონდა. ოფიციალური ცენზურა პირველ რიგში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეეხო. მედიასთან ერთად კონტროლის მსხვერპლი გახდა ლიტერატურა, თეატრი, კინო, მუსიკა.

ცენზურის ძირითად მიზანს ყველა იმ სფეროს, მარქსისტული, ბოლშევიკური იდეოლოგიითვის დამორჩილება წარმოადგენდა, რომელიც გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენდა.

  • 1917 წლის  ნოემბერი. გამოიცა დეკრეტი ბეჭდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც 470-ზე მეტი ოპოზიციური გაზეთი დაიხურა.
  • 1917 წლის ნოემბერი. გამოიცა დეკრეტი “განცხადებების ბეჭდვის მონოპოლიის შესახებ”, რომლის თანახმადაც, განცხადებების ბეჭდვა მხოლოდ სამთავრობო გამოცემებს შეეძლოთ.
  • 1918 წლის მარტი. გამოიცა დადგენილება “კინოწარმოების კონტროლის შესახებ”, რომლითაც კერძო კინემატოგრაფები ადგილობრივ საბჭოებს დაექვემდებარა.
  • 1918-1919 წწ. მოხდა ქაღალდის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია და ყველა საბეჭდი მანქანის კონფისკაცია.
  • 1919 წ. ამ პერიოდისთვის ყველოა კინო და ფოტო სტუდია სახელმწიფოს ხელში გადავიდა.
  • 1921 წლის ნოემბერი. აიკრძალა “რეაქციული” წიგნების ბეჭდვა, მათ შორის რელიგიური, მისტიკური, ანტი-სამეცნიერო, პოლიტიკურად მტრული შინაარსის წიგნები.
  • 1922 წლის მაისი. ლენინმა ძერჟინსკის საიდუმლო წერილი გაუგზავნა, რომელიც “ კონტრრევოლუციის მხარდამჭერი მწერლებისა და პროფესორების” ქვეყნიდან გაძევებისთვის მომზადებას შეეხებოდა.
  • 1922 წ. ივლისი. “ყველა ტიპის ცენზურის გაერთიანების” მიზნით,  ლიტერატურისა და გამომცემლობების საკითხების მთავარი სამმართველო (მთავლიტი) შეიქმნა. მთავლიტის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირში არ შემოდიოდა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც”მტრულად” იყვნენ განწყობილები საბჭოთა ხელისუფლების, კომუნიზმის, პროლეტარული იდეოლოგიის, მარქსიზმის მიმართ. ასევე იკრძალებოდა საბავშვო ლიტერატურა, რომელიც “ბურჟუაზიული მორალის” ელემენტებს შეიცავდა და სხვა.
  • 1923 წლის თებერვალი. “მთავლიტის” ფუნქცია გაფართვოდა. შეიქმნა  “რეპერტკომი”, რომლის მოვალეობებშიც სანახაობებისა და ღონისძიებების რეპერტუარის კონტროლი იყო. მუსიკალური თუ დრამატული ნაწარმოებების დადგმის გარდა, რეპერტკომი ნებისმიერი სახის საჯარო ღონისძიებებს, დაწყებული ლექციებით და მოხსენებებით, საესტრადო და საცეკვაო ღონისძიებებით დამთავრებული აკონტროლებდა.
  • 1924 წ. შეიქმნა “სახკინო” -  პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო საკუთრებაში  მყოფი კინო ორგანიზაცია, რომლის ფუნქცია ფილმების შინაარსის კონტროლი, ასევე საბჭოთა კინოს გავრცელება იყო.
  • 1933 წლის იანვარი. ნებართვის გაცემის გარეშე აიკრძალა სამკერდე ნიშნების, ემბლემების, ფოტოებიანი/ტექსტებიანი სამკლაურების, პოლიტიკური სკულპტურების, პოლიტიკური მოღვაწეების გამოსახულებებისა და ლოზუნგების გამოსახვა ფოსფორზე, ტექსტილზე, შუშაზე და ა.შ.
  • 1939 წლის აგვისტო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ საბჭოთა კავშირში ანტიფაშისტური ლიტერატურა აიკრძალა. ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს ანტიფაშისტური წიგნები, თეატრებიდან და კინო-გაქირავებიდან - ფაშიზმის მიმართ კრიტიკული ნაწარმოებები. აიკრძალა ჰიტლერისა და სხვა ნაცისტი ლიდერების კრიტიკა.

რეპრესიები ხელოვანების წინააღმდეგ

ხელისუფლებაში იოსებ სტალინის მოსვლის შემდეგ,  30-იან წლებში საბჭოთა სისტემამ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, მათ შორის ხელოვნების წარმომადგენელთა, მასობრივი განადგურება დაიწყო. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, 1937-1938 წლებში „დიდი ტერორის“ პერიოდში, „სტალინური სიების მეშვეობით“, რომელსაც ხელს სტალინთან ერთად პოლიტბიუროს სხვა წევრებიც აწერდნენ, საქართველოდან 3 700-მდე ადამიანი გაასამართლეს. მათ აბსოლუტურ უმეტესობას, 3 100-ს ადამიანს საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეუფარდა.

სიკვდილით დასჯა შეეფარდა ქართული ინტელიგენციის ნაწილსაც, 37-იანი წლების რეპრესიებს შეეწირნენ: პოეტები, მწერლები, რეჟისორები, მხატვრები. მათ შორის იყვნენ:  ტიციან ტაბიძე, ნიკო მიწიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი. 1937 წლის 22 ივლისს, დაპატიმრების მოლოდინში, მწერალთა სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა პოეტმა პაოლო იაშვილმა.  

აკრძალული ლიტერატურა

1922 წელს მთავლიტის შექმნით  საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურის ტოტალური კონტროლი დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში მთავლიტი ლიტერატურის მაკონტროლებელ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა. საბჭოთა კვლევის ლაბორატორისის ინფორმაციით, მხოლოდ  1927-1947 წლებში მთავლიტის თანამშრომლების რაოდენობა 86-დან 6453-მდე გაიზარდა. მთავლიტის ცენზორები წყვეტდნენ როგორც საბჭოთა, ისე უცხოური წიგნების დაბეჭდვის, გავრცელების ან აკრძალვის საკითხს.

"
ცენზურის  პირობებში საბჭოთა მოქალაქეებს კლასიკად ქცეული ლიტერატურის კითხვა არ შეეძლოთ. მაგალითისთვის, საბოთა კავშირში შემდეგი წიგნები და პიესები აირკძალა:

  • მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”. წიგნი მწერლის გარდაცვალებიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.
  • 1936 წელს  ბულგაკოვის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები, „მოლიერი“, „პუშკინი“. „ივან ილიჩი“ დახურეს.
  • ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”.
  • ალექსანდრე სოლჟენიცის ნაწარმოებები, რომლებშიც ავტორი ღიად აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს.
  • აკრძალული იყო ემიგრირებული მწერლების ტირაჟირებაც, მათ შორის აღმოჩნდნენ ვლადიმერ ნაბოკოვი და ივან ბუნინი.  
  • მკაცრ ცენზურას გადიოდა ანა ახმატოვასა და მარინა ცვეტაევას  ნაწარმოებები, მათი ნაწილი სსრკ-ში საერთოდ არ გამოქვეყნებულა. პოეტები იძულებული გახდნენ, ემიგრაციაში წასულიყვნენ.
  • ჯორჯ ორველის “ცხოველების ფერმა”.
  • დანიელ დეფოს “რობინზონ კრუზო”.
  • ვლადიმირ ნაბოკოვის “ლოლიტა”.
  • ჰერბერტ უელსის “რუსეთი ბინდში”.
  • ვასილი გროსმანის “ცხოვრება და ბედი.”

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საბჭოთა ხელისუფლებამ “საშიში” ლიტერატურის სრული აკრძალვა მაინც ვერ შეძლო, ცენზურას საბჭოთა მოქალაქეების ნაწილი “სამიზდატების”, აკრძალული ტექსტების ხელნაკეთი ასლებით დაუპირისპირდა.

აკრძალული ფილმები

საბჭოთა კინემატოგრაფის მსგავსად,  ცენზურა უცხო არც ქართული კინოსთვის ყოფილა. ქართული კინოს შედევრების ნაწილი საბჭოთა ცენზურამ ფორმალიზმის ბრალდებით   აკრძალა. აკრძალულ ფილმებს შორის იყო:

  • ნიკოლოზ შენგელაიას „ ელისო“,
  • მიხეილ კალატოზიშვილის „მარილი სვანეთს“,
  • კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია“,
  • მიხეილ კალატოზიშვილის “ლურსმანი ჩექმაში”,
  • ოთარ იოსელიანის სადებიუტო ფილმი „აპრილი“.

"
რეჟისორების ნაწილი იძულებული გახდა, კინოს გადაღება შეეწყვიტა.  მათ შორის აღმოჩნდა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაურიატი რეჟისორიც, მიხეილ კობახიძე, რომელსაც კინოს დამოუკიდებლად გადაღების საშუალება  რეჟიმის პირობებში არ მიეცა.

სამაგალითოდ დასაჯეს სერგო ფარაჯანოვიც, რომელსაც „ბროწეულის ფერის“ გადაღების შემდეგ, ჰომოსექსუალობის ბრალდებით,  5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მოგვიანებით, მრავალი წლის მანძილზე რეჟისორს კინოს გადაღება აეკრძალა.

ცენზურა ლმობიერი არც მათ მიმართ ყოფილა, ვინც პროპაგანდის სამსახურში იძულებით  ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ეიზენშტეინმა რევოლუციის მთვარი ფილმი, “ჯავშნოსანი პოტიომკინი” გადაიღო, მოგვინებით საბჭოთა ცენზორებმა მისი ფილმი “ბეჟას მდელო” ისე გაანადგურეს, რომ მაყურებელმა ის კინოეკრანებზე ვერ იხილა. “ივანე მრისხანეს” მეორე ნაწილი კი უშუალოდ სტალინის ბრძანებით აიკრძალა. კინოეკრანებზე ფილმი  სტალინის გარდაცვალებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ გამოვიდა.

ცენზურა მკაცრი იყო  საბჭოთა კინოს კლასიკოსის  ალექსანდრ დოვჟენკოს მიმართაც.  დოვჟენკოს ფილმს “მიწა” თავს ცენზორებთან ერთად  საბჭოთა კინოკრიტიკოსები და პარტიის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც  დაესხნენ. რეჟისორი იძულებული გახდა, რომ თავი დასავლეთ ევროპისთვის შეეფარებინა.


მოამზადა ნინი შველიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია