სხვადასხვა

საბავშვო სათამაშო “სპინერი” კრემლის წინააღმდეგ "კონსპირაციის" ნაწილია

24 ივლისი, 2017

რუსეთის მომხარებელთა დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ფედერალური სამსახური „როსპოტრებნადზორი“ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფთან ერთად ბავშვებზე სათამაშო „სპინერის“ ზეგავლენის შესწავლას გეგმავს .

„როსპოტრებნადზორი“-ს განცხადება რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი “Россия 24”-ის  (რასია 24) სიუჟეტს მოჰყვა, სადაც გადაცემის წამყვანი  ალექსეი კაზაკოვი ომსკელ ჟურნალისტს ციტირებს და ამბობს, თითქოს „სპინერი“ არის ინსტრუმენტი ადამიანის „დაზომბებისთვის“ და მას როგორც „ჰიპნოზირების“ ერთგვარ ფორმას განიხილავს. კაზაკოვის აზრით, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ  ოპოზიცია მას აქციებზე იყენებს. ამავე აზრს იზიარებს ონლაინ გაზეთ „პოლიტრაშას“ (Politrussia.ru) მთავარი რედაქტორი რუსლან ოსტაშკო, რომელიც ამტკიცებს, რომ „სპინერებს“ ოპოზიცია მასების კონტროლისა და მანიპულაციის საშუალებად იყენებს.

ეს არ არის “Россия 24”-ის (რასია 24) მიერ მომზადებული პირველი სიუჟეტი „სპინერების“ შესახებ. ივნისში მომზადებულ სიუჟეტში გადაცემის წამყვანი კაზაკოვი ხაზს უსვამდა, რომ „სპინერები არაერთხელ შეამჩნიეს ოპოზიციის წარმომადგენელთა ხელში“, ხოლო მისმა თანაწამყვანმა ნიკოლაი სოკოლოვმა დასვა კითხვა: „გამოცანად რჩება, მხოლოდ ახლა რატომ გახდა „სპინერები“ ასეთი პოპულარული რუსეთში? ვიღაც მას აქტიურად ავრცელებს მასებში?“ მისი თქმით, „სპინერების“ ყიდვა შესაძლებელი იყო 12 ივნისს ოპოზიციის მიერ გამართულ კორუფციის წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე.

“სპინერის” მსგავსად, გასულ წელს, “РЕН ТВ”-ის (რენ ტვ) მიერ მომზადებულ სიუჟეტში რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევად და უცხოეთის სადაზვერვო სამსახურების ხელში არსებული ჯაშუშურ იარაღად განიხილეს ონლაინ თამაში  Pokemon Go (პოკემონ გოუ).


მოამზადა გიორგი რევიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია