კონფლიქტები

რუსული პროპაგანდა 2008 აგვისტოს და ომის შემდეგ

6 აგვისტო, 2018

7 აგვისტოს საქართველოში 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან 10 წელი სრულდება. კრემლის პროპაგანდა როგორც სამხედრო ინტერნეციის თანმხვედრი, ასევე იმ ჰიბრიდული ომის შემადგენელია, რომელსაც რუსეთი საქართველოს 20% ოკუპაციის შემდეგ უკრაინასა და სხვა ქვეყნებშიც აგრძელებს. როგორ მუშაობდა რუსული პროპაგანდა 2008 წლის აგვისტოში და რა გზავნილებით ცდილობს კრემლი ოკუპირებულ საქართველოში ომის განახლების შიშების დათესვას და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ უნდობლობის გაღვივებას, ამას ჩვენი მიმოხილვიდან შეიტყობთ.

კრემლის პროპაგანდა აგვისტოს ომის დროს

8 აგვისტოს, რუსულმა მედიამ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლების მიზნით კონფლიქტის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულება დაიწყო. Аргументы и Факты, Комсомольская Правда, ტელეკომპანია НТВ , Russia Today და სხვები ავრცელებდნენ მასალებს,  სადაც მოთხრობილი იყო, თუ როგორ დაესხა თავს საქართველო ე.წ სამხრეთ ოსეთს, მიწასთან გაასწორა დასახლებული პუნქტები და ქალაქი ცხინვალი, ხოლო რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები საქართველოს ტერიტორიაზე სისხლისღვრის და ოსური მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად შევიდნენ.


ერთი და იმავე გზავნილების მასიურად გავრცელების თარიღად  8 აგვისტო რუსულ მედიას შემთხვევით არ აურჩევია. აღნიშნული თარიღი რუსულ-ქართული კონფლიქტის დაწყების რუსული ვერსიაა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოქმედებები პირველად ქართულმა მხარემ დაიწყო, რუსული ჯარები კი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ.

რუსულმა მედიამ ეჭვქვეშ დააყენა 9 აგვისტოს, რუსული ავიაციის მიერ ქალაქ  გორის დაბომბვის ამსახველი ფოტოებიც, რომლებიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო The Reuters-ის ფოტოგრაფმა გლებ კარანიჩმა გადაიღო. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია 10 აგვისტოს დაიწყო. მედიასაშუალებები  Комсомольская Правда, Правда.ru, Вести.ru  ავრცელებდნენ მასალებს, რომელთა თანახმადაც, გორის დაბომბვის კადრები დადგმული, ხოლო  Reuters-ის ფოტოები ყალბი იყო.

ქვემოთმოყვანილ ფოტოს, რომელზეც  გორში მცხოვრები დაზარალებული გარდაცვლილ ძმასთან ერთადაა ასახული, რუსული სოციალური ქსელის LiveJournal-ის ბლოგერები და მედიასაშუალებები გაყალბებულად მიიჩნევდნენ. მათი თქმით, ფოტოს ავთენტურობას მეორე ფოტო აყენებდა ეჭვქვეშ, სადაც პირველ ფოტოზე გამოსახული გარდაცვლილი სხვა ადგილზე იმყოფება, ხოლო მისი მდგომარეობა შეცვლილია.

"

ფოტოების სიყალბის დასამტკიცებლად, 13 აგვისტოს რუსულმა პორტალმა Newsland-მა “Эхо Москвы”-ს ჟურნალისტ ალექსეი ვენედიქტოვის მიერ ფოტოების ავტორ გლებ კარანიჩთან “ჩაწერილი” ყალბი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც Reuters -ის ჟურნალისტი ამბობს,  რომ ფოტოებზე ასახული კადრები დადგმულია. იმავე დღეს, ალექსეი ვენედიკტოვმა, გლებ კარანიჩთან ინტერვიუს ჩაწერის ფაქტი უარყო და თქვა, რომ მას მსგავსი ინტერვიუ არასდროს არ აუღია. თავად Reuters -მა კი ფოტოების ავთენტურობის დასადასტურებლად, მისი სხვადასხვა ვარიანტები გაავრცელა.

"

"

2017 წელს აშშ-ის სადაზვერვო უწყებების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2016 წლის ივლისში რუსეთის უმთავრესი პროპაგანდისტული არხის RT-ს (Russia Today) მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაზეთ კომერსანტთან აღნიშნაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც  “რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოსთან ომობდა,”  Russia Today “საინფორმაციო ომს მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ აწარმოებდა”

რუსული პროპაგანდის გზავნილები აგვისტოს ომის შემდეგ

როგორც მედიის განვითარების ფონდის (MDF) ბოლო წლების კვლევები ცხადყოფს, ომისშემდგომი რუსული პროპაგანდა, ერთი მხრივ, მუდმივად თესავს რუსეთთან  ომის განახლების შიშს, მეორე მხრივ კი, აღვივებს უნდობლობას, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველოს მისი სტრატეგიული პარტნიორები ვერ დაიცავენ.

საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებაში რუსული პროპაგანდა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ შიდა პოლიტიკურ დისკურსშიც ცდილობს, როდესაც ყოფილ სახელისუფლებო, ამჟამად ოპოზიციურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს ომის დაწყებაში ადანაშაულებს. ამ ნარატივს მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც აჟღერებენ, როდესაც აცხადებენ, რომ მცოცავი ოკუპაცია კი არ არსებობს, არამედ რუსეთი იმ “საზღვრების” დადგენას ახდენს, რომლის ლეგიტიმაციაც წინა ხელისუფლებამ მოახდინა:

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი: „რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ „საზღვრების“ დადგენა, რო- მელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა“ (რუსთა- ვი 2, კურიერი, 3 ივლისი, მარშალპრესი, 3 აგვისტო, საქინფორმი, 7 აგვისტო).

ამასთანავე პრორუსული პარტიები ავითარებდნენ აზრს, რომ ამერიკა და დასავლეთი არ არიან დაინტერესებული კონფლიქტების მოგვარებით და რომ სააკაშვილმა ომი სწორედ დასავლეთის და ამერიკის წაქეზებით დაიწყო:

ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „...2008 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიხეილ სააკაშვილს ომი დააწყებინა“ (საქინფორმი, 2 აგვისტო).

ომის განახლების შიში, თავის მხრივ, დაკავშრიებულია საქართველოს ჩრდილო-ტლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების მისწრაფებასთან, რა დროსაც ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო ესკალაციის საფრთხედ არის წარმოდგენილი:

ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდება ეს საჩვენებელი პროვოკაცია [ნატოს წვრთნები]... ვშიშობ, რომ ამას შეიძლება კიდევ უფრო ღრმა და მძიმე შედეგები მოჰყვეს ჩვენთვის“ (რუსთავი 2, კურიერი, 2 აგვისტო).

იმის საილუსტრაციოდ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ომის საფრთხისგან დაცვა არ ძალუძს, სხვადასხვა რესპონდენტები ბოლო წლებია ახმოვანებენ იდენტურ მესიჯბოქსს, რომ ამერიკა 2008 წლის ომის დროს საქართველოს მხოლოდ „წყლით და პამპერსით“ დაეხმარა. ამასთანავე, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მომავალში მსგავსი საფრთხის პირობებში სტრატეგიული მოკავშირის იმედი არ უნდა გვქონოდა.

"

ამასთანავე კრემლისტური მედია და სხვა პოლიტიკური აქტორები რუსეთთან ორმხრივი დიალოგის უპირობოდ დაწყების მოწოდობებით ცდილობენ შექმნან განცდა, რომ საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში კი არ იმყოფება, არამედ პრობლემას დასავლეთი ქმნის, რომელიც საქართველოს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის და ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს.                           

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: „...კელისრის [იან კელის, საქართველოში ამერიკის ელჩის] შიშით ვერ ბედავს საქართველოს ხელისუფლება, რომ რუსეთთან დიალოგი აწარმოოს და ქვეყნის დეოკუპაციის საკითხზე დაელაპარაკოს პრინციპულად და ღირსეულად, მაშველებისა და ყურში ჩამჩურჩულებლების გარეშე!..“ (ასავალ-დასავალი, 4-10 სექტემბერი)

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის ასეთი მითითება, რომ არანაირი პირდაპირი დიალოგი, დიალოგი რუსებთან უნდა აწარმოოთ ჩვენი მეთვალყურეობით და ასეთი არის ჟენევის ფორმატი“ (ობიექტივი, ღამის სტუდია, 19 მაისი).

კრემლის აგრესიის კვალის წაშლის და რუსული ოკუპაციიდან ყურადღების გადატანის მიზნით, კრემლი და საქართველოში პრორუსული აქტორები იმ კანონის გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც რუსეთს ოკუპანტად, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ქვეყნად აღიარებს. ეს კი პირველ რიგში, რუსეთისთვის ოკუპანტის იარლიყის და შესაბამისად პასუხისმგებლობის მოხსნას ისახავს მიზნად.

"

რუსული აგრესიის ქრონიკა

2008 წლის 7 აგვისტოს, ზუსტად 10 წლის წინ,  რუსეთის ფედერაციის რეგულარული შენაერთები როკის გვირაბის გავლით საქართველოში, ცხინვალის რეგიონში შევიდნენ. იმავე დღეს, 23:35 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბს რუსული ჯარების გადაადგილებს შეჩერება და ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უბრძანა.

მანამდე 7 აგვისტოს ღამის 4:00 საათზე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ოსი სამხედროების სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობით,  უკვე ჰქონდა ინფორმაცია როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროებისა და ტექნიკის შემოსვლის თაობაზე. დილის 7 საათზე ცხინვალის რეგიონში ინტენსიური სროლები დაიწყო, ხოლო 12 საათისთვის დაიბომბა ქართული სოფლები ნული და ავნევი. 2 საათის შემდეგ სოფელ ავნევში მდებარე საგუშაგოზე სოფელ ხეთაგუროვოში განთავსებული სამხრეთ ოსეთის ძალების ცეცხლის შედეგად  2 ქართველი სამშვიდობო დაიღუპა, რამოდენიმე კი დაიჭრა. მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩრდილოეთ კავკასიაში განთავსებულმა რუსი სამხედროებმა მიიღეს ბრძანება საქართველოს საზღვრისკენ დაძვრის თაობაზე. 14:30 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალის რეგიონისკენ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მყოფი სამხედრო ძალების დაძვრის ბრძანება გასცა.

7 აგვისტოს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ქართულმა მხარემ ცალმხრივად მიიღო ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რაც 17:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა და სატელევიზიო გამოსვლის დროს რუსულ მხარეს რიგი დათმობები შესთავაზა. რუსეთის მთავარი მომლაპარაკებლის, იური პოპოვის თქმით, მოლაპარაკებები 8 აგვისტოს, 13:00-საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე სოფელ ავნევს, სოფელ ფრისს, ხოლო მოგვიანებით სოფელ თამარაშენს და თბილისის მიერ კონტროლირებულ კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებს  - ცეცხლი გაუხსნეს. მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია რუსული რეგულარული ჯარების და ტექნიკის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა რუსული ძალების შეჩერების ბრძანება გასცა. ასე დაიწყო აგვისტოს ომი, რომელმაც 5 დღე გასტანა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით დასრულდა.

8 აგვისტოს 10 საათისთვის ქართული მხარე ქალაქ ცხინვალის 70%-ს და შემოგარენ სოფლებს აკონტროლებდა. საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სოფელ ერგნეთში სპეციალური პუნქტის და კორიდორის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ზუსტად 2 საათში, რუსეთმა ინიციატივას ფართომასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციით უპასუხა. რუსულმა ავიაციამ მასირებული იერიში მიიტანა ცხინვალის მისადგომებთან ქართული ჯარის პოზიციებზე, თუმცა 8 აგვისტოს ღამით, პრეზიდენტის განცხადებით, ქართულმა არმიამ ქალაქი ცხინვალი დაიკავა. 9 აგვისტოს რუსულმა მხარემ ქალაქ გორზე საავიაციო იერიში წამოიწყო. შედეგად,  2-ჯერ , 15 წუთიანი ინტერვალით საცხოვრებელი სახლები დაიბომბა.

ჯამში საქართველოს ტერიტორია რუსეთის ავიაციამ 75-ზე მეტჯერ დაბომბა. აქედან 5 სარაკეტო შეტევა  “ტოჩკა უ-ს” (SS-21) და ისკანდერის (SS-26) სარაკეტო კომპლექსიდან განხორციელდა. 2008 წლის 18 სექტემბრისთვის აღმოჩენილ იქნა 255 აუფეთქებელი საჰაერო ბომბი, ათეულობით რაკეტა, ასევე კასეტური ბომბები. კასეტური ბომბების გამოყენება დაადასტურა Human Rights Watch-მაც.  

აგვისტოს ომის შედეგად,  127 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. რუსული ავიაციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ბორჯომის რაიონში 250 ჰექტარი ტყის ფართობი მთლიანად განადგურდა. ქალაქ ფოთში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ააფეთქეს და ჩაძირეს საქართველოს სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი 12 მცურავი საშუალება. შავ ზღვაში 50 ტონამდე  ნავთობპროდუქტი, ასევე ძრავისა და ჰიდრავლიკური ზეთები ჩაიღვარა.

"


დალი ქურდაძე
თამარ კინწურაშვილი

ვიდეო მასალა: ნანუკა მიქელაძე; დეა მაღალაშვილი