მიგრანტები

რუსული ბოტის გავრცელებული ფოტო, თითქოს მუსლიმმა ქალმა ტერორიზმის მსხვერპლს გულგრილად ჩაუარა

16 აპრილი, 2019

2017 წლის 22 მარტს, ლონდონში ვესტმინსტერის სასახლესთან განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ ინტერნეტში ჰიჯაბიანი ქალის ფოტო გავრცელდა, რომელზეც ის ხიდზე გადადის და ხელში ტელეფონი უჭირავს.

"

ფოტო ტვიტერზე მოხმარებელმა @SouthLoneStar-მა გაავრცელა და ამტკიცებდა, რომ მასზე გამოსახული მუსლიმი ქალი ვესტმინსტერის ტერორისტული თავდასხმის მსხევრპლებს იგნორირებას უკეთებდა. ფოტოს ერთ-ერთ აღწერაში ვკითხულობდით: “მუსლიმი ქალი ყურადღებას არ აქცევს ტერორისტულ თავდასხმას. ისე ჩაუარა მომაკვდავ კაცს, ვითომც არაფერი და თან ტელეფონს ამოწმებდა. #ვესტმინსტერი #აკრძალეთისლამი.”

სხვა ტვიტებში @SouthLoneStar შედარებისათვის აქვეყნებდა ფოტოს, რომელზეც ჩანს, როგორ ეხმარებიან ადამიანები დაჭრილს ასეთი სათაურით: “მთავარი განსხვავება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის”

"

ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა გამოსახულება ვირუსულად აიტაცეს.

რეალურად ანგარიში, რომელმაც ფოტო გაავრცელა, რუსეთთან დაკავშირებული ბოტი აღმოჩნდა. აშშ-ს საგამოძიებო უწყებებმა, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩართულობას იძიებდნენ, დაადგინეს, რომ ფოტოს გამავრცელებელი ბოტი რუსული წარმომავლობის იყო. ეს ინფორმაცია ტვიტერმაც დაადასტურა.

@SouthLoneStar-ის ანგარიში ტვიტერის იმ ანგარიშებს შორის იყო, რომლებიც რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

ფოტოს ავტორმა ფოტოგრაფმა ჯეიმი ლორიმანმა მედიასთან განაცხადა, რომ ფოტო კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და სინამდვილეში ქალი ძალიან შეშინებული და შეწუხებული იყო.

გავრცელებულ ფოტოს მასზე გამოსახული ქალიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განადგურებული იყო ტერაქტით და შოკირებული  - იმ ფაქტით, რომ მისი ფოტო სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებით გავრცელდა ინტერნეტში.