სხვადასხვა

რუსეთის სკოლებში დაზვერვის სისტემა ინერგება სახელად ‘ორუელი’

1 ივლისი, 2020

RFE/RL-ის მასალის მიხედვით

Business daily Vedomosti-ის ინფორმაციით, რუსეთის სკოლებში დაზვერვის სისტემის ინსტალაციისთვის გამოყოფილი თანხა 2 მილიარდ რუბლს ($29 მილიონი) აჭარბებს. დაზვერვისთვის განკუთვნილ კამერებს, რომელიც სახის ამომცნობი სისტემითაა აღჭურვილი, ბრიტანელი მწერლის, დისტაპიური რომანების 1984-ისა და ცხოველების ფერმის ავტორის, ჯორჯ ორუელის სახელი ერქმევა.

კომპანია, რომელსაც რეგიონული მთავრობების სახელით პროექტის აღსრულება ევალება, სახელმწიფო თავდაცვის სუბსიდიარი ორგანო, ინფორმატიკის ეროვნული ცენტრია (НЦИ). კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვიდეოდაზვერვის სისტემები უკვე რუსეთის 1 608 სკოლაშია მიტანილი. აღჭურვილობა მიზნად ისახავს მოსწავლეების შენობაში შესვლისა და გასვლის მონიტორინგს და უცხო ადამიანების იდენტიფიცირებას. ნანოტექნოლოგიის კომპანია Rosnano-ს წარმომადგენლის ევგენი ლაპშევის თქმით, მომდევნო წლებში აღნიშნული უსაფრთხოების სიტემა რუსეთის ყველა სკოლაში დაინერგება, რაც ჯამში 43 ათასზე მეტია, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, НЦИ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას 43 ათას სკოლაში ვიდეო აღჭურვილობის შესატანად კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია. როგორც НЦИ განმარტავს, საპილოტე პროგრამა ამჟამად 1 600 სკოლას მოიცავს, პროგრამის გაფართოება კი ჯერ არ იგეგმება.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2017 და 2018 წლებში ბავშვებთან დაკავშირებული რამდენიმე ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. თუმცა ადამიანის უფლებებების დამცველი აქტივისტები რუსეთში აცხადებენ, რომ სახის ამომცნობი სისტემა და სხვა დაზვერვის ტექნოლოგიები უფრო ფართოდ გამოიყენება, რასაც გადაადგილების, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ და ასევე პირადი მონაცემების დაკარგვამდე მივყავართ. 

რუსეთმა სახის ამომცნობი ტექნოლოგია კორონავირუსის პანდემიის დროსაც გამოიყენა, რისი მეშვეობითაც მოახერხეს კარანტინის დამრღვევთა იდენტიფიკაცია და მათი დაჯარიმება. მხოლოდ მოსკოვში 100 000 კამერა მოქმედებს, რომელიც ცენტრალურ მონაცემთა ბაზას უკავშირდება და სამართალდამცავი ორგანოების ათასობით თანამშრომლისთვის ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი. ალიონა პოპოვა, რომელმაც 2019 წლის ოქტომბერში მოსკოვის სახის ამომცნობ კამერებთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა, აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მიზეზს ამოფარებული ხელისუფლება რეალურად ‘საყოველთაო თვალთვალის’ იმპლემენტაციას აპირებს.