სხვადასხვა

რუსეთის ხელისუფლებას ყვითელი იხვი აფრთხობს

10 ოქტომბერი, 2017

მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, საბავშვო პლასტმასის სათამაშო, ყვითელი იხვი, დაკავშირებულია ბავშვის აბაზანაში თამაშთან, მაგრამ რუსეთში საქმე სხვაგვარადაა, ქალაქ იჟევსკის ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგის ჩატარებაზე უარი განუცხადა, რადგან მომიტეენგებს დაგეგმილი ჰქონდათ მიტინგზე ყვითელი იხვებით მისულიყვნენ. იჟევსკის ხელისუფლების თანახმად იხვი, “დასავლურმა სადაზვერვო ცენტრებმა” შექმნეს, “როგორც სიმბოლო რევოლუციისა და სახელმწიფოს არასამართლებრივი დამხობის”.

იჟევსკის ხელისუფლებამ თავიანთი გადაწყვეტილების გასამყარებლად ოქსანა საზონოვას მიერ დაწერილი New-front.info-ში გამოქვეყნებული კონსპირაციული სტატია გამოიყენა, სათაურითოპოზიციის არაორიგინალური “გამოგონება”: რას ნიშნავს ყვითელი იხვი რუსულ (და არა მხოლოდ) აქციებზე?”, სადაც აღნიშნულია რომ რუსეთში ყვითელი იხვი არის ანტისამთავრობო პროტესტების სიმბოლო და მას არასანქცირებული მიტინგების მონაწილეები ატარებენ აქციებზე, რათა ქუჩაში შემთხვევით გამვლელების ყურადღება მიიქციონ. ყვითელ იხვს იყენებენ ინტერნეტ ჯგუფების ავატარად და სოციალური ქსელებში პროფილის ფოტოდაც.

სტატიის ავტორი აქსანა საზონოვა აღნიშნავს, რომ ქუჩის ოპოზიციონრების მიერ იხვის გამოყენებას მარტივი ახსნა აქვს, ალექსეი ნავალნის “კორფუციის წინააღდეგ ბრძოლის ფონდის” მტკიცებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა თავის რეზიდენციაში იხვებისთვის სახლი ააშენა. აწ უკვე ცოტა ვინმეს ახსოვს ცნობილ საგამოძიებო ფილმში “ის თქვენთვის დიმონი არ არის” (ნავალნის მიერ მომზადებული ფილმი), იხვი მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ იგი საჰაერო გადაღების დრო ვერ დაინახეს - თუმცა ფილმი მაინც იქცა იხვის სიმბოლოდ გადაქცევის საბაბად.

სტატიის ავტორის მტკიცებით, ქუჩაში “ყიყინი” და სათამაშოებით სეირნობა აპოლიტიკურობის იერს ქმნის, თუმცა დანიშნულება ისევ იგივეა, რაც ნებისმიერ “ორანჟიზმში”: “ჩვენების” გამოყოფა ნებისმიერ საზოგადოებაში და არაძალადობისა და სპონტანურობის იერის შექმნა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ყვითელ იხვს აქციებზე როგორც რუსეთში, ასევე სერბეთში, ბრაზილიასა და ჩინეთშიც იყენებენ.

"

ფოტო აღებულია News-front.info-ს სტატიიდან

საზონოვა წერს, რომ ერთ წელზე მეტია რაც სერბეთში ტარდება “ყვითელი იხვის პროტესტის” სახელით ცნობილი ახალი მიტინგები და მარშები. ფორმალურად აქციები დაკავშირებულია ბელგრადის მცხოვრებლების უკმაყოფილებასთან, რომელიც გამოწვეულია ქალაქის ისტორიული ნაწილში ახალი მშენებლობებით და ერთ-ერთი შენობის ჩამონგრევით, რომლის დროსაც ორი უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტობრივად, ეს პროტესტები გადაიზარდა ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო დემონსტრაციაში, ხოლო ბელგრადის მერის მიმართ პრეტენზიები პრემიერ-მინისტრის (ქვეყნის ხელმძღვანელი) ლანძღვაში.

რუსეთის ხელისუფლება სათამაშოების მიმართ კონსპირაციები ადრეც გაუჟღერებია.  ისინი სათამაშო “სპინერსაც” კრემლის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილად მიიჩნევენ. “სპინერის” მსგავსად, გასულ წელს, “РЕН ТВ”-ის (რენ ტვ) მიერ მომზადებულ სიუჟეტში  ონლაინ თამაში  Pokemon Go (პოკემონ გოუ) რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევად და უცხოეთის სადაზვერვო სამსახურების ხელში არსებულ ჯაშუშურ იარაღად განიხილეს. ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა.


Euvsdisinfo-ს მასალაზე დაყრდნობით მოამზადა

გიორგი რევიშვილმა