თავდაცვა/უსაფრთხოება

რუსეთის აგრესიული განზრახვები და ქმედებები ლიტვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხეა - ეროვნული საფრთხეების შეფასება

28 მარტი, 2018

ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა და თავდაცვის სამინისტროს მეორე საგამომძიებლო დეპარტამენტმა „ეროვნული საფრთხეების შეფასების“ (National Threat Assessment 2018) დოკუმენტი გამოაქვეყნეს, რომელიც უახლოეს (2018-2019) და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებისა და რისკების შეფასებას მიმოიხილავს.  დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში აღნიშნულია, რომ ლიტვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი საშიშროება რუსეთის აგრესიული განზრახვებისა და ქმედებებისგან მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს რუსეთის ფედერაცია დასავლეთთან პოზიტიური ურთიერთობების განზრახვის დემონსტრირებას ცდილობდა, მისი სტრატეგიული მიზნები იგივეა, რაც გლობალური ბალანსის შეცვლას და მის მიერ საკუთარი ინტერესების სფეროდ აღქმულ ზონაში დომინირებას გულისხმობს, რაც ბალტიის რეგიონსაც მოიცავს.

ლიტვისთვის ყველაზე დიდ სადაზვერვო საფრთხეს რუსეთის ფედერაციის დაზვერვისა და უშიშროების სამსახურები წარმოადგენენ. კერძოდ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (SVR), რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო (GRU) და ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB). ინფორმაციის ფარულად შეგროვებისა და „გავლენის ოპერაციების“ მეშვეობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიულ საგარეო, უსაფრთხოების და საინფორმაციო პოლიტიკას ლიტვის წინააღმდეგ. რუსული სადაზვერვო უწყებები განსაკუთრებულად არიან დაინტერესებულნი ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელიც 2019 წელს უნდა ჩატარდეს. დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად ლიტვაში მოქმედი რუსული დიპლომატიური პერსონალის ერთი მესამედი რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობს.

2017 წელს, ლიტვაში გამოვლენილი მტრული კიბერაქტივობების უმეტესობა, რომელთა ძირითად სამიზნეს ლიტვის სახელმწიფო ინსტიტუტები და ენერგოსექტორი წარმოადგენდა,  ასევე რუსეთთან იყო დაკავშირებული.

კიბერთავდასხმებისა და სადაზვერვო უწყებების მიერ განხორციელებული ქმედებების გარდა, რუსეთი ეწევა აგრესიულ საინფორმაციო და იდეოლოგიურ პოლიტიკას. ამ მიზნით, ის 4 პრო-რუსული ორგანიზაციისა და მოძრაობის რესურსს იყენებდა. 2017 წელს გაიზარდა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ჟურნალისტების აქტივობები,  რომელთა ერთ-ერთი უმთავრეს ამოცანას ლიტვის შესახებ ნეგატიური წარმოდგენის შექმნა და მოსახლეობაში ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკით მოჩვენებითი უკმაყოფილების განცდის შექმნა წარმოადგენდა. აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით, რუსი პროპაგანდისტები მარგინალური პოლიტიკური მოძრაობების მიერ ორგანიზებული მეორეხარისხოვანი პროტესტის ფართომასშტაბიან მოვლენებად წარმოჩენას მიმართავდნენ.

საინფორმაციო სივრცისა და სოციალური მედიის გამოყენებით, კრემლი აღვივებდა ანტი-დასავლურ გამწყობებს და ქმნიდა მისთვის ხელსაყრელ საზოგადოებრივ აზრს, თუმცა ამ მხრივ ლიტვაში საკუთარი აუდიტორიის მნიშვნელოვნად გაზრდა ვერ შეძლო.

"
რუსული პროპაგანდისტული მედია ცდილობს ლიტვურ-პოლონური ურთიერთობების დაზიანებას

2017 წელს რუსეთი ცდილობდა ბალტიის რეგიონის ენერგობაზარზე დომინირებას და აფერხებდა მის ინტეგრაციას დასავლეთევროპულ ენერგო-სისტემასთან. ბელარუსმა, რუსულ კორპორაცია როსატომთან ერთად  ასტრავეტსის ატომური ენეგოსადგურის მშენებლობა დააჩქარა, რომელიც საერთაშორისო ატომური უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ანგარიშში ბელარუსის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა რისკ ფაქტორადაა მიჩნეული, რადგან ამ კონტექსტში რუსეთის შესაძლებლობა გამოიყენოს ბელარუსი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, იზრდება. რაც შეეხება ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეს, ანგარიშის მიხედვით 2017 წელს ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხის დონე ლიტვაში დაბალია, თუმცა ამხრივ ევროპაში არსებულმა სიტუაციამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ლიტვის მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე.