NATO-ში ინტეგრაცია
ევროინტეგრაცია

რუსეთი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, ქვეყნის გახლეჩას ნატოს და ევროკავშირს აბრალებს

27 თებერვალი, 2018

13 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით „კონსტანტინე კოსაჩოვი - ევროკავშირი და ნატო ევროპის დაყოფას აგრძელებენ და არა გაერთიანებას, ამის ტრაგიკული მაგალითი უკრაინაა“. რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ სამეცნიერო კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება 13 თებერვალს, რუსულმა ახალი ამბების სააგენტო РИА Новости-მაც გაავრცელა.

კონსტანტინე კოსაჩოვი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე:  „ბოლო ტრაგიკული მაგალითი, რომელიც ჩვენს თვალწინ აგრძელებს განვითარებას ან, შესაძლოა დეგრადირებას, არის ჩვენთვის ასე ახლობელი უკრაინის ბედი, რომელიც სრულიად ხელოვნური და უხერხული არჩევნის წინაშე დგას - „ვის მხარეს ხართ? ჩემი აზრით, ახლა ნატო და ევროკავშირი აგრძელებენ ევროპის დაყოფას და არა გაერთიანებას“

13 თებერვალი, ინტერპრესნიუსი
РИА Новости

უკრაინის კრიზისის დასავლეთზე გადაბრალება რუსული პროპაგანდის ნარატივია, რომელიც ოკუპაციაზე პასუხისმგებლობის არიდებას ისახავს მიზნად. ერთი მხრივ, რუსეთი ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ფედერალურ სუბიექტებად მიღებას ახდენს, მეორე მხრივ, ქვეყნის გახლეჩვაში ის დასავლეთს ადანაშაულებს. იდენტური ნარატივის დამკვიდრებას რუსეთი საქართველოშიც ცდილობს, როდესაც აცხადებს, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის შედეგად იმ ტერიტორიებს დაკარგავს, რომელთა ოკუპაცია თავად მოახდინა.

რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია და პრო-რუსი სეპარატისტების დახმარება

  • 2014 წლის 27-28 თებერვალს პრო-რუსულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ყირიმში 2 აეროპორტი და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.
  • 1 მარტს რუსეთის დუმამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნა, უკრაინაში რუსული ინტერესების დაცვის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
  • 16 მარტს, პრო რუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი. ხმის მიმცემთა 97%-მა  ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა  მხარი. რეფერენდუმის შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, თუმცა ის ვლადიმირ პუტინის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ე.წ წარმომადგენლებთან ხელმოწერილი ე.წ შეთანხმების სამართლებრივ საფუძვლად გამოცხადდა.  
  • 2014 წლის 18 მარტს - ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ  შევიდა.
  • 2014 წლის 7 აპრილს პრო-რუსმა აქტივისტებმა  დამოუკიდებლობის მოთხოვნით დონეცკში, ლუგანსკსა და ხარკოვში სამთავრობო შენობები დაიკავეს. მეორე დღეს, უკრაინის სამთავრობო ძალებმა ხარკოვში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლი  აღადგინეს.
  • 2014 წლის 11 მაისს - პრო რუსმა სეპარატისტებმა დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარებულ არალეგიტიმურ რეფერენდუმებზე დაყრდნობით, დამოუკიდებლობა  გამოაცხადეს. უკრაინის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ უკრაინაში ანტი-ტერორისტული ოპერაცია დაიწყო. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტს  6000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მილიონზე მეტი იძულებული გახდა საკუთარი სახლი  დაეტოვა.
  • უკრაინის მთავრობის, ნატოს  და დასავლეთის ლიდერების განცხადებებით, არსებობს მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთი სეპარატისტებს იარაღითა და სამხედრო ძალით  ეხმარებოდა.  2014 წლის 12 ნოემბერს ნატოს ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გენერალ ფილიპ ბრიდლოვის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ტანკების, არტილერიისა და ჯარების კოლონის შესვლა  დაფიქსირდა.
  • 2014 წლის 17 აპრილს - ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო ეთერის დროს განაცხადა, რომ ყირიმში თავდაცვითი ძალების უკან რუსი სამხედროები იდგნენ. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება  მუდმივად უარყოფდა ცნობებს, ყირიმში რუსი სამხედროების არსებობის შესახებ.
  • 2014 წლის 26 აგვისტოს უკრაინაში რუსი მედესანტეები  დააკავეს. რუსულმა მხარის განცხადებით, მედესანტეებმა საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს.
  • 2015 წლის 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსი სამხედრო სპეციალისტები მოქმედებდნენ, თუმცა, უარყო რომ ეს რუსეთის რეგულარულ ჯარსაც  ეხება.

დასავლეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკა და სანქციები

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საპასუხოდ, 2014 წელს ნატომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა, ხოლო ევროკავშირმა  2017 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები 2018 წლის 23 ივნისამდე გააგრძელა.

  • NATO-მ ყირიმის უკანონო ანექსიის საპასუხოდ,  2014 წლის აპრილიდან რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა.  ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრებზე, ალიანსი მუდმივად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის 2015, 2016 და 2017 წლების დეკლარაციებში ევროკავშირი მუდმივად აფიქსირებს ანექსირებული ყირიმის  არაღიარების პოლიტიკას. 2017 წლის 19 ივნისს, ევროკავშირმა  გაააგრძელა შემზღუდველი ღონისძიებები რუსეთის მიერ ყირიმის და სევასტოპოლის უკანონო ანექსირების საპასუხოდ 2018 წლის 23 ივნისამდე.
  • აშშ-ის მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს მიღებულ კანონპროექტში რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის  მიმართ დაწესებული ახალი სანქციების შესახებ  ნათქვამია, რომ  აშშ-ის პოლიტიკაა არასდროს აღიაროს ყირიმის უკანონო ანექსია რუსეთის მხრიდან, ან ნებისმიერი ტერიტორიის განცალკევება უკრაინისგან სამხედრო ძალის გამოყენებით.
  • ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, რუსეთი დიდი რვიანიდან   გარიცხეს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კი მიიღო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი სპეციალური რეზოლუცია,  რომლითაც უკანონოდ გამოაცხადა რეფერენდუმი ყირიმის რუსეთთან მიერთების  შესახებ.

ყირიმის მსგავსად 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა (რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განკარგულება #1260 და #1261) და მათთან სამხედრო შეთანხმებები გააფორმა, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნა". რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის აღიარებისთვის ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს 3 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა.

პროპაგანდის მეთოდი

ფაქტების უარყოფა -  ამა თუ იმ მოვლენის შესახებ რეალური ფაქტების უგულებელყოფა ან მცდარი ინტერპრეტირება აუდიტორიაში ეჭვების გაჩენის მიზნით. 


მოამზადა დალი ქურდაძემ