თავდაცვა/უსაფრთხოება

Россия-24-ის, Sputnik International-ის და RIA Novosti-ს დეზინფორმაცია ტვ ობიექტივის ეთერში

5 ოქტომბერი, 2017

9 სექტემბერს, TV ობიექტივის გადაცემაში „ოქროს კვეთა“ტელეარხ Россия-24-ის გადაცემა „Вести в 20:00“-ის სიუჟეტი გავიდა, რომლის თანახმად 26 აგვისტოს, აშშ-ის საჰაერო ძალების ვერტმფრენმა დეირ ეზ-ზორის შემოგარენიდან ოჯახის წევრებთან ერთად, ISIS-ის ორი ევროპული წარმოშობის საველე მეთაურის ევაკუაცია მოახდინა.  სიუჟეტის მიხედვით, 2 დღის შემდგომ, 28 აგვისტოს ალბუ ლეილის რაიონიდან ISIS-ის კიდევ 20 მეთაური აიყვანეს უახლოეს გარემოცვასთან ერთად. Вести-ს წამყვანის თქმით, აღნიშნული ფაქტები საერთაშორისო კოალიციის ზოგიერთი ქვეყნის მიერ  ISIS-ის მხარეს მებრძოლი რაზმების პირდაპირ მხარდაჭერაზე მიუთითებს. სიუჟეტის TV ობიექტივის ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემის წამყვანის, ვალერი კვარაცხელიას თქმით, აშშ-ის პოლიტიკის სახით საქმე გვაქვს მსოფლიო ურჩხულთან, რომელიც არ ერიდება ტერორისტებთან, ფაშისტებთან თანამშრომლობას, სახელმწიფო გადატრიალებების და ფერადი რევოლუციების მოწყობას.

"

TV ობიექტივის ეთერში გასული Вести-ს სიუჟეტი დეზინფორმაციულია. არანაირი მტკიცებულება ან ფაქტი, თითქოს აშშ-ის საჰაერო ძალები  ISIS-ის მეთაურების ევაკუაციას ახდენენ - არ არსებობს.  დეზინფორმაცია, პირველწყაროს მითითების გარეშე, სირიული ახალი ამბების პლატფორმა Deirezzor 24-მა გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსა და ტაბლოიდებში გავრცელდა. EU Disinfo-ს თანახმად, მტკიცება განმეორებადი დეზინფორმაციის - „კოალიცია დაეშის წინააღმდეგ - დაეშს ეხმარება“ - ნაწილია.

პირველწყარო

ატლანტიკური საბჭოს DFRLab- ის  თანახმად, დეზინფორმაცია პირველად 27 აგვისტოს სირიულმა ახალი ამბების პლატფორმა Deirezzor 24-მა გაავრცელა. მასალაში ნათქვამია, რომ 26 აგვისტოს კოალიციურმა ძალებმა სირიაში, დეირ ეზ ზორის დასავლეთით ISIS-ის ორი მეთაურის და მათი ოჯახების ევაკუაცია მოახდინეს.  სათაურში კი აღნიშნულია, რომ   ISIS-ის ორი მეთაური კოალიციის „ჯაშუშები“ იყვნენ.
"

ფოტო: Deirezzor 24-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა 27 აგვისტოს

Deirezzor 24 ის მიერ გავრცელებულ მასალაში ინფორმაციის წყარო მითითებული არაა, თუმცა დაუსაბუთებელმა ცნობებმა ტაბლოიდური და კრემლის მიერ დაფინანსებული მედიების მხრიდან დიდი გამოხმაურება ჰპოვა.  მედიასაშუალებებმა დეზინფორმაცია იდენტური სათაურებით გაავრცელეს და მიუხედავად იმისა, რომ Deirezzor 24-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის სათაურში აშშ არ იყო მოხსენიებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია ISIS-ის საველე მეთაურების ევაკუაციის შესახებ  აშშ-ს დაუკავშირეს.
"

ფოტო: DFRLab

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ მედიებსა და ტაბლოიდებში დეზინფორმაციის გავრცელების ქრონოლოგია

  • 5 სექტემბერს, დეზინფორმაცია ასადის მხარდამჭერმა პრო-რუსულმა მედია გამოცემა Inside Syria Media Center-მა გამოაქვეყნა, თუმცა წყაროს მითითების გარეშე. მასალაში ნათქვამია, რომ 28 აგვისტოს საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ 20-ზე მეტი ISIS-ის მეთაური ალბუ ლეილიდან ჩრდილოეთ სირიაში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე გადაიყვანა.
  • 2 დღის შემდგომ, 7 სექტემბერს, რუსულმა მედიასაშუალებებმა  Sputnik International-მა და  RIA Novosti-მ ინფორმაცია მსგავსი სათაურებით  და შინაარსით 1 წუთის ინტერვალით გამოაქვეყნეს. ამასთან  Sputnik International-მა მიუთითა, რომ ინფორმაცია სპუტნიკს  „სამხედრო და დიპლომატიურმა წყაროებმა“ მიაწოდეს. თავის მხრივ, RIA Novosti-ს მასალაში ასევე მითითებულია, რომ ინფორმაცია RIA Novosti-ს „სამხედრო და დიპლომატიურმა წყაროებმა“ წყაროებმა მიაწოდეს.

"

"

  • სპუტნიკის და რია-ნოვოსტის ანონიმური წყაროს მიერ „დადასტურებული“ ინფორმაცია აშშ-ის მიერ სირიაში ISIS მებრძოლების  ევაკუაციის შესახებ დაახლოებით ათამდე ტაბლოიდურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. საერთო ჯამში, დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში დაახლოებით 14 000-ჯერ გააზიარეს.

"

"

ფოტოები: DFRLab

მომზადებულია EU Disinfo-ს და ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მასალებზე დაყრდნობით.


მოამზადა დალი ქურდაძემ

ტეგები: