სხვადასხვა

Роскомнадзор-ი Facebook-ს აფრთხილებს - რუსეთის ონლაინ დაბლოკვების ქრონიკები

27 სექტემბერი, 2017

26 სექტემბერს, რუსეთის “კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის” (Роскомнадзор-ის) ხელმძღვანელმა ალეკსანდრ ჟაროვმა, რუსული ახალი ამბების სააგენტო “ინტერფაქსთან” საუბრისას განაცხადა, რომ თუ სოციალური ქსელი Facebook 2018 წლისთვის პერსონალური მონაცემების ლოკალიზაციის შესახებ რუსეთის კანონმდებლობას არ დაემორჩილება, მას რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს.

“როსკომნადზორ”-ის ხელმძღვანელმა მაგალითად სოციალურ ქსელ Linkedin-ის დაბლოკვა მოიყვანა და განაცხადა რომ მიუხედავად რუსეთის ტერიტორიაზე Facebook-ის მომხმარებლების მნიშვნელოვანი ოდენობისა, გამონაკლისს ადგილი არ ექნება. მისივე თქმით, კომპანია Twitter -ი პერსონალური მონაცემების ლოკალიზაციას რუსეთის ტერიტორიაზე 2018 წლის შუა პერიოდისთვის გეგმავს.

კანონი “პერსონალური მონაცემების” შესახებ ძალაში 2015 წლის 1 სექტემბერს შევიდა, რომლის თანახმად, ნებისმიერი რუსული ან უცხოური ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს გარკვეულ სერვისს სთავაზობს, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა პირადი მონაცემების ჩაწერა, სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა და დაზუსტება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებზე. გაფართოვდა ცნება პერსონალური მონაცემები, და ისეთი ცნობების გარდა, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი და დაბადების თარიღი - მოიცვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ფიზიკურ პირთანაა დაკავშირებული. კანონის ნორმების აღსრულებას მეთვალყურეობას “როსკომნადზორი” უწევს, რომელიც უფლებამოსილია შექმნას კანონდამრღვევთა რეესტრი და დაბლოკოს იმ კომპანიების ვებ-გვერდები, რომლებიც “პერსონალური მონაცემების შესახებ” კანონდამრღვევთა რეესტრში მოხვდებიან. კანონი რუსეთის ხელისუფლებას მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით უზრუნველყოფს.

  • 2017 წლის აპრილში “როსკომნადზორმა” მესენჯერი Zello დაბლოკა. მანამდე უწყებამ კომპანიას რუსეთში დარეგისტრირება და მოთხოვნის შესაბამისად ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთვის (FSB) მესენჯერის 400 000-მდე მომხმარებლის და მათი მიმოწერის შესახებ მონაცემების გადაცემა  მოსთხოვა, რაზეც Zello-მ უარი განაცხადა.
  • 2017 წელს როსკომნადზორმა 4 მესენჯერი: Line, IMO, Vchat და Blackberry  დაბლოკა. ამასთან, Blackberry-ს მესენჯერის 64 IP მისამართი შავ სიაში  შეიყვანა.
  • 2016 წლის ნოემბერში როსკომნადზორის მიერ ზემოთ აღნიშნული კანონის საფუძველზე, სოციალური ქსელი  LinkedIn დაიბლოკა.
  • 2015 წელს “როსკომნადზორმა” რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების (ОЗПП) ვებგვერდი ozpp.ru დაბლოკა. მიზეზი ორგანიზაციის მიერ ტურისტებისთვის გამოქვეყნებული გაფრთხილება გახდა, რომელიც მათ ყირიმში გამგზავრებამდე უკრაინის ხელისუფლებისთვის მიმართვას ურჩევდა, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აღნიშნუილ ტერიტორია ოკუპირებულია. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტებული იყო, რომ ის პირები, ვინც ყირიმში უკრაინული ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფებიან, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უკრაინის კანონს  არღვევენ.

2014 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანკტ პეტერბურგში გამართულ მედია კონფერენციაზე განაცხადა, რომ ინტერნეტი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ შექმნილი  პროექტია.