სხვადასხვა

რომელი ქვეყნები აღნიშნავენ გამარჯვების დღეს 8 და 9 მაისს?

13 მაისი, 2019

საქართველოში 9 მაისს ნაცისტური გერმანიის დამარცხება აღინიშნება, თუმცა არ წყდება დისკუსია თემაზე, თუ როდის მოხდა გერმანიის კაპიტულაცია და რატომ ზეიმობს ევროპა ამ დღეს 8 მაისს. მითების დეტექტორი გთავაზობთ მოვლენების მოკლე მიმოხილვას და ქვეყნების სიას, რომლებიც “გამარჯვების დღეს” (Victory Day) განსხვავებულ თარიღებში აღნიშნავენ.  

როდის დასრულდა მეორე მსოფლიო ომი ევროპაში?

გერმანიის კაპიტულაციის პირველ აქტს ხელი მოეწერა 1945 წლის 7 მაისს დილის 2:41 საათზე საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, აშშ-ის გენერლის დუაიტ ეიზენჰაუერის შტაბში. ამ დღეს საბჭოთა კავშირის მხრიდან დოკუმენტს ხელი გენერალმა სუსლოპაროვმა მოაწერა ისე, რომ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ხელმოწერის ავტორიზაციის პასუხი დროულად არ მიუღია. როდესაც სტალინმა გაიგო, რომ დოკუმენტი უკვე ძალაში იყო შესული, მან გერმანიასთან კაპიტულაციის ახალი დოკუმენტი მოამზადა, რომელსაც  ბერლინში 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) საბჭოთა კავშირის მხრიდან გენერალმა ჟუკოვმა მოაწერა ხელი.

სტალინისთვის მნიშვნელოვანი იყო ორი რამ: კაპიტულაციის აქტზე ხელის მოწერა მომხდარიყო “წითელი არმიის მიერ დამარცხებულ” ბერლინში და დოკუმენტზე ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელს. ამ ფაქტებმა მყარი ნიადაგი მოუმზადეს საბჭოთა პროპაგანდას “დიდი სამამულო ომის” შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპისგან განცალკევებით საბჭოთა კავშირის როლის აღზევებას ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში. ამრიგად, 9 მაისს აქვს სიმბოლური დატვირთვა საბჭოთა კავშირისთვის და ეხება არა უბრალოდ “გამარჯვების დღეს” ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, არამედ საბჭოთა კავშირის დამსახურებას ნაცისტებისგან ევროპის განთავისუფლებაში და იმ იდეის გავრცელებას, თითქოს მათ მეორე მსოფლიო ომი დასავლეთის დახმარების გარეშე მოიგეს.

როდის აღინიშნება “გამარჯვების დღე”?

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით დასავლეთ ევროპა ნაცისტური გერმანიის დამარცხების დღეს 8 მაისს აღნიშნავს. განსხვავებულია ისრაელის შემთხვევა, რომელიც ცერემონიას ყოველწლიურად 9 მაისს “წითელის არმიის” ვეტერანების დიდი რაოდენობის გამო მართავს. მეორე მსოფლიო ომში “წითელ არმიაში” დააახლოებით 500 000 ებრაელი იბრძოდა, ამჟამად რუსეთის საელჩო ისრაელში 11 000 ვეტერანს ითვლის.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მიერ “გამარჯვების დღის” 9 მაისს აღნიშვნასთან დაკავშირებითაც, თუმცა ლონდონში ტრაფალგარის სკვერზე ამ დღეს მხოლოდ რუსეთის “უკვდავი პოლკი” აღნიშნავს, ოფიციალურად კი ბრიტანელების მიერ მასშტაბური ცერემონია 8 მაისს იმართება. “უკვდავი პოლკი” ლონდონში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას 2016 წლიდან ზეიმობს.

"

"