პოლიტიკა

რომელი ანტითურქული გზავნილები გაააქტიურეს პრორუსულმა ჯგუფებმა?

20 ივლისი, 2020

9-15 ივლისის პერიოდში პრორუსული აქტორების მხრიდან ანტითურქული განწყობები გაძლიერდა. თურქეთთან დაკავშირებული ნარატივები, რომლებიც ეხებოდა ყარსის ხელშეკრულებას, აჭარის რეგიონს, ნატოში გაწევრიანებასა და აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას, სხვადასხვა რესპონდენტისა და ჟურნალისტების მიერ კრემლისტურ მედია “ნიუსფრონტსა” და “საქართველო და მსოფლიოში” გაჟღერდა. ეს აქტორები თურქეთზე ძველ მითებს იმეორებდნენ.  “მითების დეტექტორმა” გავრცელებული გზავნილები 3 ძირითად ნარატივად დაყო:

ნარატივი

აქტორები

ნატოში გაწევრიანება თურქეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ნიშნავს

საქართველო და მსოფლიო; NewsFront Georgia-ს რედაქტორი შოთა აფხაიძე; დეკანოზი გიორგი რაზმაძე.

თურქეთი ყარსის შეთანხმებას დაარღვევს და აჭარას მიისაკუთრებს

“ქართული მარში”; “რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის” ხელმძღვანელი ვლადიმირ ხომერიკი

დასავლეთი “ისლამურ იმპერიალიზმს” ვერ აჩერებს, ქრისტიანობას მხოლოდ რუსეთი იცავს

დეკანოზი გიორგი რაზმაძე; “საქართველო და მსოფლიოს” ავტორები  ჯაბა ჟვანია და დავით მხეიძე


  • ნატოში გაწევრიანება თურქეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ნიშნავს

“საქართველოს და მსოფლიოს” 11 ივლისის სტატიაში საუბარია, რომ თურქეთი აშშ-სთან და ნატოსთან იმისთვის თანამშრომლობს, რათა ტერიტორიები გაიფართოოს. გამოცემის რედაქციის მტკიცებით, ნატოში ინტეგრაციისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკური კურსი საქართველოსთვის საფრთხისშემცველია, რადგან აშშ საქართველოს “მზრუნველად” თურქეთს დატოვებს.

იმავე ნარატივს ავითარებს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი და News Front Georgia-ს რედაქტორი შოთა აფხაიძე “ნიუსფრონტთან” ინტერვიუში, რომელიც 11 ივლისს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა. აფხაიძის მტკიცებით, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს აჭარის ანექსია აქვს განზრახული და ამის განხორციელება “ნატოს საფარქვეშ” სურს.

15 ივლისს “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში ნატოს მიმართ უნდობლობას აღვივებს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი გიორგი რაზმაძეც, რომელიც აცხადებს, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ქვეყანაში ნატოს სამხედრო ბაზები განლაგდება და თურქეთის იმპერიული ზრახვებიც უფრო რეალური გახდება.

გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: “დიდი შეცდომაა, როცა საქართველოსთვის ე.წ. უსაფრთხოების ქოლგად ევროკავშირი და ნატო ცხადდება. ჯერ ერთი, ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს; და მეორე _ რომც მიგვიღონ, ეს ნიშნავს, რომ აქ თურქეთის სამხედრო ბაზები განლაგდება, რაც კიდევ უფრო რეალურს გახდის ერდოღანის იმპერიულ ზრახვებს სამხრეთ კავკასიაში დომინირებაზე.” 

შოთა აფხაიძე, News Front Georgia: ”...ნეო–ოსმალიზმის, პან–თურქიზმისა და საგარეო პოლიტიკის [თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ] ერდოღანის კონტექსტში საქართველო, პირველ რიგში, აჭარის ტერიტორია, განიხილება, როგორც თურქეთის ინტეგრალური ნაწილი და ისინი ყველანაირად ცდილობენ მიერთებას ანექსიის გზით, ეკონომიკური გაფართოების გზით, პოლიტიკური რევერანსებით... [თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება] ეს იქნება ქართული ტერიტორიის თურქეთის მიერ ოკუპაცია. ძალიან კულტურულად და ნატოს საფარქვეშ, მათ შეუძლიათ დაიპყრონ საქართველოს მთელი ტერიტორია.” 

საქართველო და მსოფლიო: “თუ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ანკარა ნამდვილად მიაღწევს საკუთარი სამხედროების განლაგებას მეზობელ ქვეყანაში და არანაირი იურიდიული ასპექტი მოცემულობას ხელს არ შეუშლის. ამ შემთხვევაში აშშ თურქეთის მხარეს იქნება. ექსპერტმა განმარტა [შოთა აფხაიძემ], რომ ლონდონის და ვაშინგტონის დახმარების გარეშე, ანკარას აღარ ექნებოდა თავისი გავლენა და შთამბეჭდავი არმია". 

აღნიშნულ მანიპულაციურ გზავნილს ანტითურქული განწყობების გასაღვივებლად ხშირად იყენებენ. რეალურად კი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება არ გულისხმობს ნატოს წევრებისთვის ასევე ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოში შესვლის დამატებითი უფლებების მინიჭებას. ორგანიზაცია მსგავსი პრინციპით არ ფუნქციონირებს, პირიქით, ნატოს ფუძემდებლურ ფასეულობას ქვეყნების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს.  

ნატოს მართვის ქვეშ სამხედრო მოქმედებებს, ჯარების გადაადგილებას და სხვა სახელმწიფოში შესვლას გააჩნია მკაცრად გაწერილი პროცედურები და მიმართულია წევრი სახელმწიფოს თავდაცვასა ან სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაზე. ამასთანავე, ყოველი სამხედრო მოქმედების დაწყებას სჭირდება ნატოს ყველა წევრის თანხმობა და ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობების გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით ხდება. ნატოს მხრიდან სამხედრო დაცვა შესაძლოა გამოყენებული იქნას წევრი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე, მაგალითისთვის ბალტიის სახელმწიფოებმა ნატოში გაწევრიანების შემდეგ მოითხოვეს ბალტიის საჰაერო სივრცის დაცვა, რადგან თავად არ გააჩნდათ საჰაერო თავდაცვითი საშუალებები. ამ ოპერაციაში, რომელიც ცის 24-საათიან პატრულირებას ითვალისწინებს, როტაციის პრინციპით მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოები. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ტერიტორიაზე თურქეთის ჯარი განთავსდება და ოკუპაციის საფრთხე შეიქმნება, მეზობელი სახელმწიფოს მიმართ შიშის დათესვას და დასავლეთისადმი უნდობლობის გაჩენას ემსახურება.

  • თურქეთი ყარსის შეთანხმებას დაარღვევს და აჭარას მიისაკუთრებს

თურქეთის მიერ აჭარის მისაკუთრებაზე 9 ივლისს წერდა ქართული მარში - ქუთაისის ფეისბუქ გვერდიც. “ქართული მარშის” ფეისბუქ პოსტში ნახსენებია, რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ ინფორმაცია მითია, თუმცა ამავდროულად პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება და შესაძლოა ქვეყანამ აჭარა დაკარგოს.

"

ყარსის ხელშეკრულებაზე და თურქეთის მიერ აჭარის შესაძლო ოკუპაციაზე ისაუბრა “რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის” ხელმძღვანელმა ვლადიმირ ხომერიკმა გაზეთ “ასავალ-დასავალის” 13-19 ივლისის ნომერში. ხომერიკის განცხადებასთან დაკავშირებით მასალა “მითების დეტექტორმა” 15 ივლისს გამოაქვეყნა

მითი, თითქოს ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის და რუსეთი აღარ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, უკვე წლებია ვრცელდება. ხელშეკრულებაში, რომლის ორიგინალი ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი, არ არის არავითარი ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ამასთანავე, საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 25 მარტის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები "დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით”.

  • დასავლეთი “ისლამურ იმპერიალიზმს” ვერ აჩერებს, ქრისტიანობას მხოლოდ რუსეთი იცავს

ანტითურქული ნარატივების გასავრცელებლად გამოყენებული იყო აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხიც. 15 ივლისს “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში სასულიერი პირმა გიორგი რაზმაძემ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ეს თურქეთის მხრიდან იყო “კულტურული და რელიგიური დომინაციის დემონსტრაცია”, რადგან თურქეთმა დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ქრისტიანული ქვეყნების ინტერესები არ გაითვალისწინა.

“საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტი ჯაბა ჟვანია მამა გიორგი რაზმაძეს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ დასავლეთი ისლამურ ექსპანსიას ვერ შეაჩერებს და შესაბამისად საქართველოსაც ვერ დაიცავის თურქეთის მხრიდან რელიგიური საფრთხისგან.

ასევე “საქართველო და მსოფლიოს” 15 ივლისის სტატიაში, რომელიც დავით მხეიძის ავტორობითაა გამოქვეყნებული, ავტორი აღნიშნავს, რომ მართალია აია-სოფიასთან დაკავშირებით თურქეთმა არ გაითვალისწინა დასავლეთის აზრი, თუმცა პატივი სცა ვლადიმირ პუტინს და დაჰპირდა, რომ აია-სოფიაში შესვლა ყველა მსურველს შეეძლება. მხეიძის აზრით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ქრისტიანობის ერთადერთი დამცველი რუსეთია.

საქართველო და მსოფლიო: “ქრისტიანულ ფესვებს მოწყვეტილ “ლიბერალურ” დასავლეთს აგრესიული ისლამური ექსპანსიის შეჩერება არ შეუძლია. ამ ვითარებაში საქართველოს რა გზა რჩება? ვინ ან რა დაგვიცავს კულტურული და რელიგიური პრესინგის საფრთხეებისგან, რომელიც თურქეთის იმპერიულმა პოლიტიკამ შეიძლება შეგვიქმნას უახლოეს მომავალში?" 

საქართველო და მსოფლიო: ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ ტაძარში შესვლა გარანტირებული იქნება ყველა მსურველისთვის, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამას გარდა, გარანტირებული იქნება ქრისტიანული სიწმინდეების დაცვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთადერთი ქმედითი დამცველი რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტია, რომლის აზრსაც პატივს სცემენ და ითვალისწინებენ მსოფლიოში.


მოამზადა მაიკო რატიანმა