ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რომელ რუსულ წყაროებს ეყრდნობა Progressnews და Hotnews-ის კონსპირაციები COVID-19-ზე?

16 მარტი, 2020

რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები კორონავირუსის გავრცელების შესახებ კონსპირაციებს კვლავ აგრძელებენ. ამჯერად შეთქმულების თეორია მოსკოვის თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარემ პაველ ვორობიოვმა გაავრცელა, რაც რუსული საიტებიდან ქართულმა ონლაინ მედია საშუალებებმაც progressnews.ge და hotnews.ge გადმობეჭდეს. ვორობიოვის კონსპირაციები 2020 წლის 10 მარტს ჯერ პროგრესნიუსმა, სათაურით “რუსი მეცნიერი: კორონა ვირუსი მსოფლიო მასშტაბის აფიორაა” გამოაქვეყნა, ხოლო მომდევნო დღეს, 11 მარტს იდენტური ტექსტი განსხვავებული სათაურით “კორონავირუსის მსოფლიო აფიორა - რატომ მალავენ ჩინელები „კოვიდ19“-ის შტამს და რა ეჭვები არსებობს „მომაკვდინებელ ვირუსზე“ ჰოთნიუსმაც გაავრცელა. ორივე მათგანმა სტატიები საკუთარ ფეისბუკ გვერდებზეც გაავრცელა.

""

პროგრესნიუსს მასალის ბოლოს ავტორის ნაცვლად “პროგრესნიუსი” აქვს მითითებული, რომელსაც რუსულ საიტის Eurasia Daily-ის ბმულზე გადავყავართ. ჰოთნიუსი კი წყაროდ რუსულ გამოცემა Аргументы и Факты აქვს მითითებული, თუმცა მასალას შესაბამისისტატიის ბმული არ ერთვის. Аргументы и Факты-მ ვორობოვიოს კონსპირაციები 26 თებერვალს, ხოლო  Eurasia Daily-მ 28 თებერვალს გამოაქვეყნეს. 

""

სტატიებში ვორობიოვი შემდეგ გზავნილებს ავრცელებს: 

  1. COVID-19/SARS-CoV ეპიდემიები ფალსიფიკაციაა და ვირუსების ირგვლივ პანიკა ხელოვნურადაა შექმნილი.
  2. კორონავირუსი ეკონომიკური მიზნებისთვისაა გამოგონილი და ეპიდემია/პანდემია მედიკამენტების გასაყიდად გამოცხადდა.
  3. ვირუსის გავრცელებაში ამერიკის ინტერესებში შედის, რადგან დიდ სახელმწიფოებში კრიზისი მისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.  

ვორობიევი ამ კონსპირაციებს SARS-CoV 2002-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, მაშინ ვირუსი ასევე ჩინეთში გავრცელდა. როგორც ვორობიევი ამბობს, ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ’’ ვირუსი ფალსიფიკაციად აღიარა და მაღალი თანამდებობის პირები თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

  1. SARS-კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა და უკავშირდება 2003 წელს რუსი მეცნიერების სერგეი კოლესნიკოვისა და ნიკოლაი ფილატოვის კონსპირაციულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ვირუსი აშშ-ის ლაბორატორიებში შეიქმნა.  
  2. 2003 წელს თანამდებობიდან მხოლოდ 2 ადამიანი გათავისუფლდა ვირუსის გავრცელების სტატისტიკის გვიან მიწოდების, ან გაყალბებისთვის - ჟანგ ვენკანგი (ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს პარტიის მდივანი) და მენგ ქსენონგი (პეკინის პარტიის მდივნის მოადგილე).

კორონავირუსის შესახებ მსგავს კონსპირაციულ თეორიებს სხვა რუსული გამოცემებიც ავრცელებენ. შოუ-ბიზნეს ჟურნალ ,, teleprogramma’’-ს საიტზე  10 თებერვალს სტატია გამოქვეყნდა სათაურით: ,,ფარმაცევტების ბრწყინვალე თაღლითობა: რეჟისორები კორონავირუსს გლობალური შეთქმულების ნაწილს უწოდებენ’’.  

"

რა ვიცით ახალი კორონავირუსის შესახებ?

ახალი ტიპის  კორონავირუსი ადამიანებში იწვევს რესპირაციული დაავადების ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის’’ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კორონავირუსი თავდაპირველად 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა ვუჰანში, ჩინეთში.  მისი გავრცელება ქალაქში არსებულ ზღვის პროდუქტებისა და ცოცხალი ცხოველების ბაზარს უკავშირებენ. 

WHO-ს ცნობით, წინამორბედი SARS ტიპის კორონავირუსი ადამიანს ცივეტასგან (Civet), ხოლო MERS-კორონავირუსი აქლემისგან გადაედო. ჯერჯერობით COVID-19-ის წარმომავლობა მეცნიერულად არაა დადასტურებული. 

2020 წლის მარტს ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ’’ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა და მათი ბოლო მონაცემების მიხედვით, ის 134 ქვეყანაშია გავრცელებული. 


მოამზადეს თამთა თავართქილაძემ და თამარ ხმიადაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია 

პროფილები: