მედია

როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდა აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოების ეჭვქვეშ დაყენებას

29 ივნისი, 2018

კონფლიქტების ამსახველი რეალური ფოტოების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენება, ყალბი ფოტოების გავრცელება და მანიპულაციები კრემლის პროპაგანდის მიერ კარგად აპრობირებული მეთოდებია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციების გამართლების მიზნით გამოიყენება.

2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის გამართლების მიზნით, რუსულ მედიაში ვრცელდებოდა მასალები, სადაც ეჭვქვეშ იყო დაყენებული  საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო The Reuters -ის მიერ გამოქვეყნებული გორის დაბომბვის ამსახველი ფოტოები. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია 10 აგვისტოს დაიწყო. რუსულმა მედიასაშუალებებმა, Комсомольская Правда, Правда.ru, Вести.ru  გამოაქვეყნეს მასალები, სადაც ნათქვამია, რომ რუსულ სოციალურ ქსელ LiveJournal-ის ბლოგერების მტკიცებით, გორის დაბომბვის კადრები დადგმულია, ხოლო The Reuters ყალბ ფოტოებს ავრცელებს.

გამოგონილი ინტერვიუ, რომელიც The Reuters-ის მიერ ფოტოების გაყალბებას “ამტკიცებს”

ქვემოთმოყვანილი ფოტო, რომელზეც გორში მცხოვრები დაზარალებული გარდაცვლილ ძმასთან ერთადაა ასახული, The Reuters-ის ჟურნალისტმა გლებ გარანიჩმა გადაიღო. ფოტომ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2008 წლის აგვისტოში რუსული სოციალური ქსელის მომხმარებლები და მედიასაშუალებები ამტკიცებდნენ, რომ ის გაყალბებულია. მათი მტკიცებით, ფოტოს ავთენტურობას მეორე ფოტო აყენებს ეჭვქვეშ, რომელზეც პირველ ფოტოზე გამოსახული გარდაცვლილი სხვა ადგილზე იმყოფება, ხოლო მისი მდგომარეობა შეცვლილია.

"

"

ფოტოების სიყალბის დასამტკიცებლად, 13 აგვისტოს პორტალმა Newsland-მა “Эхо Москвы”-ს ჟურნალისტ ალექსეი ბენედიქტოვის მიერ ფოტოების ავტორ გლებ კარანიჩთან “ჩაწერილი ინტერვიუ” გამოაქვეყნა, რომელშიც The Reuters -ის ჟურნალისტი ამბობს,  რომ ფოტოები დადგმულია, ხოლო თავად ის გორში ფოტოსესია “ომის საშინელი სახეები”-ს გადასაღებად ჩამოვიდა.

               ა.ვენედიქტოვი: ვინ არიან ფოტოებზე გამოსახული ხალხი?

               გ.გარანიჩი: უბრალოდ ხალხი. მოდელები - ასეც შეიძლება ითქვას. ადამიანები რომლებიც დაგვთანხმდნენ გადაღებაში დაგვხმარებოდნენ.

               ა.ვენედიქტოვი: და აქ რისთვის ჩამოხვედით?

               გ.გარანიჩი: ფოტოსესია “ომის საშინელი სახეების” გადასაღებად.

იმავე დღეს, ალექსეი ვენედიკტოვმა, გლებ კარანიჩთან ინტერვიუს ჩაწერის ფაქტი უარყო და თქვა, რომ მას მსგავსი ინტერვიუ არასდროს არ აუღია.

ალექსეი ვენედიკტოვი, “Эхо Москвы”-ს ჟურნალისტი: “სამწუხაროდ, არანაირი ინტერვიუ მე არ ამიღია, თუმცა მინდოდა. რაც შეეხება გავრცელებული ტექსტის ხარისხს, ეს “სამოსნის” ინტერვიუა. მე ასე ცუდად ინტერვიუების ჩაწერა არ ვიცი. ეს ინფორმაციული ომის მორიგი ელემენტია, როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებას რომელსაც ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვს მიეწერება ის, რაც მას არ გაუკეთებია.”

მნიშვნელოვანია თავად The Reuters -ის მიერ ჩატარებული გამოძიება ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით. გამოცემამ უარყო ფოტოების გაყალბება და ფოტოს  ავთენტურობის დასადასტურებლად, მისი სხვადასხვა ვარიანტები გაავრცელა.

"

"

კრემლის “არგუმენტები”, რომელიც ფოტოების გაყალბებას ამტკიცებს

მომდევნო  2 ფოტო, LiveJournal-ის ბლოგერების მტკიცებით, ასევე ფაბრიკაციას წარმოადგენს, რადგან დიასახლისი, რომელიც პირველ ფოტოზე ახლობელს გლოვობს, მეორე ფოტოზე მშვიდად გამოიყურება.  დამატებითი “არგუმენტი”, რომელიც რუსი ბლოგერების აზრით, ფოტოებზე აღბეჭდილი მოვლენების სიყალბეს ცხადყოფს, მეორე ფოტოზე გამოსახული ბიჭის სახის გამომეტყველებაა, რომელიც ზედმეტად “გულგრილია” და ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ის დაჭრილია.

"

"

ზემოჩამოთვლილი “არგუმენტების” მსგავს მტკიცებებს კრემლის პროპაგანდის მსგავსად, რუსეთის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული სამხედრო ოპერაციების გასამართლებლად, თავად რუსეთის ხელისუფლებაც იყენებს და არც ფოტოების გაყალბებას ერიდება. 2017 წლის ნოემბერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო დანაყოფებს შორის თანამშრომლობის დამადასტურებელი “უტყუარი მტკიცებულებები”-ს ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები  სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშის, AC-130 Gunship Simulator-ის პრომო-ვიდეოს კადრი აღმოჩნდა.  

"


მოამზადეს დალი ქურდაძემ და  ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია