სხვადასხვა

როგორ შეცვალა კვლევითმა ცენტრმა პუტინის რეიტინგი 6 დღეში

14 ივნისი, 2019

EUvsDisinfo-ის და Meduza-ს ცნობით, 25 მაისს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითმა ცენტრმა ВЦИОМ-მა გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სანდოობის რეიტინგი 31.7 %-ია. აღნიშნული შედეგი ყველაზე დაბალია 2012 წელს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

რეიტინგის ვარდნას მედიის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ ხსნის კრემლი პუტინის სანდოობის რეიტინგის დაცემას, პრეზიდენტის პრესსამსახურის მდივანმა შემდეგი პასუხი გასცა: “ერთი მხრივ, სანდოობის რეიტინგი ეცემა, თუმცა, მეორე მხრივ, საარჩევნო რეიტინგი იზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ექსპერტების ანალიზს, გაარკვიონ თუ როგორ კორელაციაშია ერთმანეთთან ეს მონაცემები.”

თავის მხრივ, განაცხადი ВЦИОМ-ის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ვალერი ფიოდოროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პუტინის რეიტინგი ბევრად მაღალია და ამას სხვა გამოკითხვებიც ადასტურებს. თვალსაჩინოებისთვის კი 31 მაისს ВЦИОМ-ის მიერ ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომელმაც პუტინის სანდოობის რეიტინგი ბევრად მაღალი, 72.3% აჩვენა.

ახალი გამოკითხვა შეცვლილი მეთოდოლოგიით ჩატარდა, ამჯერად ღია კითხვის ნაცვლად, დახურული კითხვები გამოიყენეს და ჩამონათვალში ვლადიმირ პუტინთან ერთად შეიყვანეს ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან სკანდალური ვლადიმირ ჟირინოვსკი და ნაკლებად ცნობილი სერგეი მირონოვი.

პირველი გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტებს თხოვდნენ დაესახელებინათ პოლიტიკოსები, რომლებსაც ენდობოდნენ. დასმულ ღია კითხვაში “რომელ პოლიტიკოსს ენდობოდით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში?” რესპოდენტი არ იყო შეზღუდული დასახელებულთა რაოდენობაში. რაც შეეხება ახალ გამოკითხვას, ამჯერად რესპოდენტებს მოუწიათ დახურულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა “ენდობით თუ არა ვლადიმირ პუტინს?” იდენტური კითხვა იყო დასმული ჩამონათვალში მყოფ სხვა პოლიტიკოსებზეც, რომელთა შორისაც იყვნენ ვლადიმირ ჟირინოვსკი, დიმიტრი მედვედევი, სერგეი მირონოვი და გენადი ზიუგანოვი.

პირველი და მეორე გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ღია კითხვა: დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომელსაც ენდობით

"

2. დახურული კითხვა: ენდობით თუ არა ვლადიმირ პუტინს?

"
წყარო: wciom.ru

კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა კრემლი ახალი კვლევით და რომელ მეთოდოლოგიას ენდობა უფრო მეტად, პრეზიდენტის პრესსამსახურიდან უპასუხეს, რომ ვლადიმირ პუტინის მუშაობას რუსეთის მოქალაქეები დადებითად აფასებენ და მეთოდოლოგია მეორეხარისხოვანია.