ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

როგორ მუშაობენ სხვადასხვა ვაქცინები და არის თუ არა რომელიმე საფრთხის შემცველი?

12 იანვარი, 2021

7 ინავარს ფეისბუკ  მომხამრებელმა Eka ShetEkauri-მა საჯარო ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ავტორის თქმით, კოვიდ-19 ის ვაქცინასთან დაკავშირებით ბერძენი ექიმის, დიმიტრი ანტონიუსის მოსაზრებებია წარმოდგენილი. პოსტის თანახმად, ბერძენი ექიმი თავის ქვეყანაში კორონავურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეჩერებაზე საუბრობს და მის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კერძოდ, ის ამბობს, რომ კოვიდ-19 ვაქცინას შემოწმება არ გაუვლია და სახიფათოა, რადგან ის ხელოვნურ ვირუსს შეიცავს და დნმ-ზე, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდზე ცვლილების მოხდენა შეუძლია, რაც ნაყოფზეც აისახება. პოსტის თანახმად, ევროპის კომისიას პფაიზერის ვაქცინის გამოყენების ნებართვა არ გაუცია და ევროპული მედიცინის ასოციაცია  ამ ვაქცინის შედეგებზე არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს. პოსტში პფაიზერის ვაქცინა  “ტექნიკურ ვირუსად” არის მოხსენიებული, რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია;  რუსული (იგულისხმება Sputnik V) და ოქსფორდის (იგულისხმება AstraZeneca) ვაქცინა კი სანიმუშოდ არის მიჩნეული, რადგან რნმ-ს არ შეიცავს.

მასგავსი შინაარსის პოსტი 6 იანვარს ფეისბუკ მომხამრებელმა შორე შანიძემაც გამოაქვეყნა, იმ განსხვავებით, რომ შანიძის პოსტში რუსულ და ოქსფორდის ვაქცინის უპირატესობის შესახებ ინფორმაცია მოცემული არ არის.   Eka ShetEkauri-ს პოსტს 10 იანვრის მდგომარეობით 605 გაზიარება და 453 კომენტარი ჰქონდა, 11 იანვრისათვის კი ხელმისაწვდომი აღარ არის (დაარქივებული ლინკი).  შორე შანიძის პოსტს კი 12 იანვრის მონაცემებით, 947 გაზიარება და 176 კომენტარი აქვს.

;

პფაიზერის ვაქცინის საფრთხესა და  საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესის შეწყვიტის შესახებ გამოქვეყნებული პოსტები დეზინფორმაციას შეიცავს: 1.COVID-19 ის ყველა ვაქცინამ, რომელიც გამოიყენება, შემოწმების ყველა საჭირო ეტაპი გაიარა; 2.ევროკომისიამ და “ევროპის წამლების სააგენტომ”  ევროპის მასშტაბით მოდერნას და პფაიზერის ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. 3.ერთი მხრივ, პფაიზერის/მოდერნასა და მეორე მხრივ, ასტრაზენეკას/ სპუტნიკ V-ის ვაქცინების მუშაობის პრინციპი განსხვავებულია, თუმც ხელოვნურ ვირუსს არც ერთი მათგანი არ შეიცავს. 4.შეუძლებებლია ვაქცინამ, ადამიანის დნმ-ის, სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის ცვლილება გამოიწვიოს. 5. საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესი არ შეუწყვიტავთ.

1. COVID-19 ის ყველა იმ ვაქცინამ, რომელიც ამჟამად გამოიყენება, შემოწმების ყველა საჭირო ეტაპი გაიარა 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესი რამდენიმე ფაზას მოიცავს: 

  • პირველი ფაზა - ადამიანთა მცირე ჯგუფი იღებს საცდელ ვაქცინას;
  • მეორე ფაზა -  ფართოვდება კლინიკური კვლევა და ვაქცინა ეძლევა იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მათი მსგავსი მახასიათებლები (როგორიცაა ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა) ვისთვისაც განკუთვნილია ახალი ვაქცინა;
  • მესამე ფაზა - ვაქცინა უკეთდება ათასობით ადამიანს და ხდება მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შემოწმება;
  • მეოთხე ფაზა - აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ვაქცინა გადის მეოთხე ფაზასაც, რაც მისი დამტკიცების და ლიცენზირების შემდეგ მიმდინარე კვლევებს მოიცავს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებმა სწორედ ზემოთ აღნიშნული აუცილებელი სამ საფეხურიანი პროცესი გაიარეს. ვაქცინები შემოწმდა უსაფრთხოებაზე, იმუნურ რეაქციასა და საბოლოო ეფექტიანობაზე, რომელთაგან თითოეული ფაზა უფრო და უფრო დიდ მოხალისეთა ჯგუფზე იყო გათვლილი.

ამერიკული კომპანიის Pfizer– ისა და გერმანული მწარმოებელის BioNTech–ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ შემოწმება ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გაიარა.

რაც შეეხება მოდერნას ვაქცინას მანაც გაიარა 3 ფაზიანი შემოწმების ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ვაქცინა 25,654 ადამიანზე შემოწმდა, მათ შორის 45-64 ასაკობრივი კატეგორიის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე.

ოქსფორდის იგივე ასტრაზენეკას ვაქცინამ კლინიკური ცდების 3 ეტაპი ასევე გაიარა, აღნიშნული ვაქცინა 20 00 მდე ადამიანზე გამოიაცადა დიდი ბრიტანეთში.

ხოლო რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, მასთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც იყო, რადგან მისი დამტკიცება რუსეთში კლინიკური ცდების მესამე ეტაპის დასრულებამდე მოხდა. 

2. ევროკომისიამ პფაიზერის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, “ევროპის წამლების სააგენტომ” კი რეკომენდაცია ევროპის მასშტაბით მოდერნას და პფაიზერის ვაქცინის გამოყენებაზე გასცა.

“ევროპის წამლების სააგენტოს” (EMA) ადამიანისთვის განკუთვნილი წამლების კომიტეტმა (CHMP) მონაცემები ვაქცინის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საფუძვლიანად შეაფასა და კონსენსუსის საფუძველზე ევროკომისიის მიერ ოფიციალური პირობით ვაჭრობის ნებართვის გაცემას რეკომენდაცია გაუწია.  შესაბამისად 2020 წლის 21 დეკემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომელის შედეგადაც პფაიზერის ვაქცინას პირობით ვაჭრობის ავტორიზაცია მიენიჭა. 

;

2020 წლის 21 დეკემბრიდან “ევროპის წამლების სააგენტომ” გამოსცა  ნებართბვა პფაიზერის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით 16 წლიდან ზემოთ ადამიანებში. 

2021 წლის 6 ინავარს კი  EMA-მ  ევროპის მასშტაბით 18 წლის ზემოთ ადამიანებში მოდერნას ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.

“ევროპის წამლების სააგენტოს” თანახმად, ვაქცინა ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს და ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციის კამპანიის კონტროლისა და ვალდებულებების განხორციელების პირობას ქმნის. 

3. ერთი მხრივ, პფაიზერის/მოდერნასა და მეორე მხრივ ასტრაზენეკას/ სპუტნიკ V-ის ვაქცინების მუშაობის პრინციპი განსხვავებულია, თუმცა ხელოვნურ ვირუსს არც ერთი მათგანი არ შეიცავს.

როგორ მუშაობს პფაიზერი/მოდერნა?

პფაიზერის და მოდერნას ვაქცინას მუშაობის მსგავსი პრინციპი აქვთ. ისინი ხელოვნურ ვირუსს არ შეიცავენ. ვაქცინა ლიპიდურ (ზეთოვან) გარსში მოთავსებული რნმ-ის მესენჯერისაგან (mRNA) შედგება. მათ შორის კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ ვაქცინა არა გენეტიკური ვირუსული მასალისგან შედგება, არამედ mRNA-ის სინთეზური ნაწილისგან, რომელიც  ვირუსის ცალკეული ნაწილების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

;
წყარო: nytimes.com

იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმი ვირუსს გაუმკლავდეს, უპირველეს ყოვლისა მან  მისი ამოცნობა უნდა შესძლოს. აქამდე შექმნილ ვაქცინებში,  ეს ორგანიზმში ვირუსის დასუსტებული ნაწილის შეყვანის გზით ხდებოდა, რისი მეშვეობითაც ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსს ეცნობოდა და  გადაწყვეტილებას იღებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა მას, დაავადების განვითარების რისკის გარეშე.

mRNA ვაქცინები კი ვირუსის ან მისი ფრაგმენტების გამოყენების საჭიროებას გვერდს უვლიან. მარტივად რომ ვთქვათ, mRNA არის ინსტრუქციის მატარებელი, რომელიც უჯრედს უხსნის, თუ როგორ უნდა შექმნას კონკრეტული ცილა ან მისი ნაწილი.

ასე რომ, როდესაც ვაქცინის mRNA შედის უჯრედში, ის მას გადასცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ცილის სინთეზი მის ზედაპირზე, ეს ცილა კი არის ვირუსის  მწვერვალებზე ე.წ. Spike-ზე არსებული ცილა, რომელიც კორონა ვირუსის დამახასიათებელია ნიშნანია.

;
წყარო: nytimes.com

უჯრედში mRNA-ის შესვლის შემდეგ მის გარსზე გამომუშავდება შესაბამისი ცილა,  რომლის მეშვეობითაც უჯრედი აცნობებს იმუნურ სისტემას, რომ თუ მსგავსი ცილა გამოჩნდება სხეულში, ორგანიზმმა ვირუსის გასანეიტრალებლად დაცვითი სისტემის მობილიზება უნდა მოახდინოს. ამიტომ mRNA ზემოთ მოცემულ ინფორმაციას უჯრედის იმ ნაწილებს აწვდის, რომლებშიც ცილები წარმოიქმნება და მისი ფუნქციის შესრულებიდან რამდენიმე საათში იშლება.

ასტრაზენეკასა და სპუტნიკ V-ს ვაქცინების მუშაობის პრინციპი

ასტრაზენეკას ვაქცინაში კორონავირუსის ზედაპირიდან აღებული Spike ცილა სხვა უსაფრთხო ვირუსშია შეყვანილი. ინექციის შემდეგ, ვაქცინა აღწევს უჯრედებში, რომელიც  შეყვანილი ცილის მსგავსი ცილის გამომუშავებას იწყებს, რაზეც ადამიანის იმუნური სისტემა რეაგირებს, ანტისხეულები  გამომუშავდება და იმ T უჯრედების აქტივაცია ხდება, რომელსაც Spike ცილის განადგურება შეუძლია. შესაბამისად ისინი  კორონავირუსს, თუ ის აცრილი პაციენტის ორგანიზმში მოხვდება, გაანადგურებენ. 

;

ასტრზენეკას მსგავსად, Sputnik V -ის ვაქცინა სხვა ვირუსში (ადენივურუსში) შეყვანილი კოვიდ-19-ის spike ცილის ორგანიზმში მოხვედრით იწყებს მუშაობას. ის ადამიანის უჯრედის ბირთვში აღწევს, spike ცილის გამომუშავებას აიძულებს, რის შემდეგაც  პროცესში იმუნური სისტემა ერთვება და ანტისხეულები გამომუშავდება. 

;
წყარო: nytimes.com

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევების თანახმად, Pfizer ვაქცინას 95%-იანი ეფექტიანობა აქვს, ოქსფორდის ( ასტრაზენეკა)  ვაქცინას 62%-იანი, რუსულ ვაქცინას კი 90% იანი (თუმცა მონაცემების სანდოობაში მედიას ეჭვი ეპარება), მაგრამ ვაქცინების ეფექტიანობასთან დაკავშირებით ცდების ჩატარების მეთოდები განსხვავდებოდა, ამიტომ აღნიშნული შედეგების ერთმანეთთან პირდაპირ შედარება და რომელიმეს უპირატესობის ამ გზით მტკიცება არასწორია.

4. პფაიზერის ვაქცინა  ადამიანის დნმ-სა და ფერტილურობაზე  გავლენას ვერ მოახდენს,  რადგან  ვაქცინის mRNA-ს უჯრედის ბირთვთან, სადაც დნმ ინახება, კონტაქტი არ აქვს.

COVID-19 ვაქცინის, მათ შორის პფაიზერის ვაქცინის მეშვეობით დნმ-ის შეცვლა ფიზიკურად შუეძლებებლია. პფაიზერის ვაქცინა mRNA მოლეკულას შეიცვას, mRNA ვაქცინა კი პირველი COVID-19 ვაქცინაა, რომლის გამოყენებაც ამერიკის  შეერთებულ შტატებში ნებადართული გახდა. 

mRNA ვაქცინები ასწავლიან ჩვენს უჯრედებს, თუ როგორ უნდა შექმნან ცილა, რომელიც  ვირუსის შემოჭრისას ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს. საკუთარი  ფუნქციის შესრულებიდან რამდენიმე საათში mRNA იშლება, ამიტომ ის ვერ აღწევს უჯრედის ბირთვში, სადაც გენეტიკური მასალა- დნმ არის გათავსებული. ეს ნიშნავს, რომ mRNA– ს არანაირი კონტაქტი არ აქვს დნმ – თან და არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მას საშუალებას მისცემს ჩვენი დნმ შეცვალოს.  COVID-19-ის mRNA ვაქცინა უბრალოდ დაავადებასთან მებრძოლი იმუნიტეტის გამომუშავებაში გვეხმარება.

რაც შეეხება ვაქცინის გავლენას სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედზე, სწორედ mRNA ტიპის ვაქცინის მოქმედების მექანიზმი განაპირობებს იმასაც, რომ მას ადამიანის სქესობრივ უჯრედებზე გავლენა ვერ ექნება . 

5. საბერძნეთში  ვაქცინაციის პროცესი არ შეწყვეტილა და არც შეჩერებულა. 

საბერძნეთში პფაიზერის ვაქცინის პირველი პარტია 2020 წლის 25 დეკემბერს შევიდა. პირველ ეტაპზე საბერძნეთმა 9,750 დოზა ვაქცინა მიიღო, ვაქცინაციის პროცესი კი 27 დეკემბერს დაიწყო. ვაქცინაციის მიმღებთა სიაში სამედიცინო პერსონალთან ერთად საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სხვა პოლიტიკოსები თუ საზოგადობისთვის ცნობილი პირებიც იყვნენ, რათა მხარი დაეჭირათ ვაქცინაციის პროცესისთვის.

კოვიდ-19-ის ვაქცინაცია ახლაც აქტიურად მიმდინარეობს,  8 იანვარს საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მიზნად ისახავს დღეში ვაქცინირებულთა რიცხვი 5000- დან 8000 ადამიანამდე გაზარდოს. 8 იანვრის მდგომარეობით საბერძნეთში უკვე დაახლოებით 26 000 ადამიანს აქვს ვაქცინა მიღებული.

;
აღსანიშნავია, რომ ბერძენი ექიმის დიმიტრი ანტონიუს განცხადებები ბერძნულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ Elenika Hoaxes-მაც გადაამოწმა და მას ფსევდო-მეცნიერულად და ყალბად შეაფასა. 


მომაზადა მარიამ თოფჩიშვილმა


არქივის ბმულები:
 Eka ShetEkauri-ს პოსტი-https://bit.ly/3i729HU 
 შორე შანიძის პოსტი - https://archive.ph/9HCbS 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.