იდენტობა

როგორ იქცევა “სხვისი” სატირა “სპუტნიკზე” “ნიუსად” - განმეორებითი გაყალბების ქრონიკა

12 დეკემბერი, 2019

2019 წლის 11 დეკემბერს sputnik-საქართველოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “საუდის არაბეთში ქალები შინაურ ცხოველებად ცნეს: პროგრესული ნაბიჯი”.  Sputnik-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეცნიერთა კოლეგიამ დაადგინა, რომ ქალები ისეთივე ცხოველები არიან, როგორიც აქლემები, დრომადერები და თხები, ამიტომ ისინი ძუძუმწოვართა მსგავსი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ.  ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ მიღებული გადაწყვეტილება “ისტორიულია”, რადგანაც საუდის არაბეთში ქალებს ამ დრომდე მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულება ჰქონდათ. ინფორმაციის წყაროდ სპუტნიკი World News Daily Report-ს ეყრდნობა.

Sputnik-საქართველო: “მეცნიერთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ ქალებს სული კვლავინდებურად არ აქვთ, მაგრამ დამტკიცდა, რომ მათ გააჩნიათ ისეთი თვისებები, რომლებიც ძუძუმწოვრებისთვისაა დამახასიათებელი: მაგალითად, კისრის შვიდი მალა, შთამომავლობის გაჩენისა და მათი ძუძუთი კვების უნარი.”

სუტნიკის მიერ გამოქვეყნებული მასალა გამოგონილია. სააგენტოს მიერ გავრცელებული ისტორია 2016 წლის მარტში სატირულმა გამოცემამ World News Daily Report-მა გამოაქვეყნა. მართალია, სპუტნიკი ამ გამოცემას წყაროდ ეყრდნობა, თუმცა არ უთითებს, რომ ის სატირული გამოცემაა და საუდის არაბეთის ქალების შინაურ ცხოველებად ცნობის შესახებ ამბავი მთლიანად გამოგონილია.

ამბავი, თითქოს საუდის არაბეთში მეცნიერთა პანელზე ქალები შინაურ ცხოველებად სცნეს, 2016 წლის 7 მარტს  სატირულ პორტალებზე World News Daily Report და Journal de Montreal-ზე გამოქვეყნდა, თუმცა Journal de Montreal ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის. 

World News Daily Report-ის მისიის განაცხადში მითითებული აქვს:

“ჩვენი სატირული სტატიების პერსონაჟები, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ , გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია.”

"

სპუტნიკი თავის მასალაში ასევე იყენებს ფოტოს, რომელზეც თითქოს მეცნიერების იმ პანელს ასახავს, რომელზეც ქალების შინაურ ცხოველებად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს. იგივე ფოტო ახლავს world news daily report-ის 2016 წლის პუბლიკაციასაც. Snopes-ს ინფორმაციით, ფოტოზე ასახულია 2016 დუბაიში  ჩატარებული ყოველწლიური ღონისძიება - World Government Summit. სამიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ 2016 წლის პროგრამაში მითითებული პანელისტებიდან არცერთი არაა მეცნიერი საუდის არაბეთიდან. 

"

Sputnik-ის ბმულს ფეისბუკში 2600-ზე მეტი ინტერაქცია აქვს. ეს ინფორმაცია ფეისბუკში გავრცელდა თავას სპუტნიკის ფეიბუკ გვერდმა, Read Time-მა და გვერდმა “დედაქალაქი” გააზიარეს, ასევე გაზიარდა ჯგუფში  პროტესტი! Protest! Протест!

""

""

სხვადასხვა პერიოდში ყალბი ამბავი რეალურ ფაქტად  გაასაღეს რუსულენოვანმა ვებ-გვერდებმა: Русское Агентство Новостей, Historytime.ru, Vlasti.net.  4 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტომ lenta.ua ძველი მითი - საუდის არაბეთში ქალების შინაურ ცხოველებად აღიარების შესახებ კურიოზების განყოფილებაში გამოაქვეყნა. 

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია, დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.

“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა. ადრინდელი სატირული ამბები, რომელიც სხვადასხვა ქართულენოვანმა წყარომ რეალურად წარმოგვიჩინა ალიგატორის, მუმიის და ცვილის ფიგურების გაუპატიურებას ეხებოდა. პეტერბურგის ტროლების ქარხნის პროექტმა “ФАН”-მა კი მიგრანტის მიერ თხის გაუპატიურების ამბავი გამოიგონა.


მოამზადა ანი ქისტაურმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი