როგორ აშუქებდა 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს საბჭოთა პრესა?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

576
VIEWS

1956 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე სიტყვით სკკპ ცენტრალური კომისიის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გამოვიდა, მოხსენებაში პიროვნების კულტი დაგმო და იოსებ სტალინის პოლიტიკა გააკრიტიკა, რა დროსაც ძირითადად უარყოფითად იყო შეფასებული სტალინური რეპრესიები და მისი მართვის სტილი:

 

“სტალინმა შექმნა კონცეფცია ხალხის მტერი. ამ ტერმინმა შესაძლებელი გახადა ყველაზე სასტიკი რეპრესიები, რევოლუციური კანონიერების ყველა ნორმის დარღვევა, ყველას მიმართ, ვინც რაიმე ფორმით არ ეთანხმებოდა სტალინს, მათ წინააღმდეგ, ვისზეც ეგონათ რომ მტრული განზრახვა ჰქონდა, მათ წინააღმდეგ, ვისაც ცუდი რეპუტაცია გააჩნდა.”

ხრუშჩოვმა მოხსენებაში სტალინის დაგმობასთან ერთად მის ქართველობასაც გაუსვა ხაზი, რამაც ქართული საზოგადოება აღაშფოთა. გენერალური მდივნის სიტყვას თბილისსა და სხვა ქალაქებში მასობრივი პროსტალინური დემონსტრაციები მოჰყვა. ყველაზე ტრაგიკული დასასრული თბილისში გამართულ 9 მარტის აქციას მოჰყვა. საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა შეკრებილები დაარბიეს და შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 54 დაიჭრა (არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო).
;
1956 წლის 9 მარტი, თბილისი

ამ პირობებში საბჭოთა მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან მას შესაბამისი დღის წესრიგი უნდა შეექმნა. აქციის დაშლამდე შეკრებილებს ვასილ მჟავანაძემ მიმართა და უთხრა:

„ჭორია, მოგონილია, თითქოს სტალინზე ცუდი ითქვა…”

საბჭოთა ქართულმა მედიამ 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია დამალა, თუმცა იმ პერიოდის გაზეთების მიერ გამოქვეყნებული მასალები ქართველებში აღელვების ჩახშობას სხვადასხა მეთოდით ცდილობდა.

  • 9 მარტი – ტრაგედია თუ შეკრება სტალინის ხსოვნისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ ორგანოში ხრუშჩოვის დროს ანტისტალინური განწყობები გაძლიერდა, საბჭოთა მედია მაინც ვერ დამალავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სტალინის მხარდასაჭერად შეიკრიბა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა მედიას გაუჭირდებოდა იმის შესახებ გამოექვეყნებინა ინფორმაცია, რომ სსრ კავშირის ძალოვანებმა დემონსტრაცია დაარბიეს.

9 მარტს და მის შემდგომ გამოქვეყნებული ინფორმაცია დემონსტრაციების შესახებ ძირითადად მწირე იყო და აღნიშნავდა, რომ სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა სტალინის ხსოვნისთვის შეიკრიბა.

;

“დღეს, 9 მარტს, რესპუბლიკის საწარმოებში, დაწესებულებებსა და სასწავლებლებში დღის 1 საათზე გაიმართება ი. ბ. სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავისადმი მიძღვნილი მიტინგები”

ასე იწყება ერთ-ერთი სტატია გაზეთ კომუნისტის 1956 წლის 9 მარტის ნომერში. ამგვარ სიახლეებში არ არის დამალული ის, რომ ამგვარ მიტინგებზე მრავალი ადამიანი შეიკრიბა, თუმცა აღსანიშნავია, რომ არსად არის ნახსენები ხალხმრავალი მიტინგების გამომწვევი მთავარი მიზეზი – ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე.

მსგავსი ტიპის სტატიები ასევე რაიონულმა გაზეთებმაც გამოაქვეყნეს. აქციის გამომწვევი რეალური მიზეზი ყველა მათგანში დამალული იყო.

გაზეთი

სტატიის სათაური

თარიღი

კოლექტიური შრომა – გუდაუთა

“რაიონის მშრომელები პატივს სცემენ ი. ბ. სტალინის ხსოვნას”

11.03.1956

ახალი ხევი – ყაზბეგი

“ი. ბ. სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავისადმი მიძღვნილი მიტინგები”

11.03.1956

ახალი წყალტუბო

“გვიშტიბელ კოლმეურნეთა მიტინგზე”

11.03.1956

ახალი წყალტუბო

“ჩაის ფაბრიკის მუშატა სიტყვა”

11.03.1956

ახალი წყალტუბო

“წყალტუბოს სასოფლო კლუბში”

11.03.1956

ახალი შირაქი

“მიტინგი ი. ბ. სტალინის ძეგლთან”

11.03.1956


ასევე არსად ჩანდა ის მოსაზრება, რომ რეალურად მოსახლეობის ნაწილი ხრუშჩოვის შეფასებებს და სტალინის გმობას აკრიტიკებდა. რა თქმა უნდა, ასევე არაფერი იყო ნათქვამი მიტინგის დარბევის და თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ;
რაიონულ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები, 1956 წლის 9 მარტი

  • რას აქვეყნდებდა საბჭოთა მედია საქართველოში მარტის თვეში?

მიტინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გარდა, ქართული საბჭოთა გაზეთები ასევე ცდილობდნენ, მოეგოთ ქართველთა გული და ამ ფორმით ერთგვარად ჩაეხშოთ ხალხის მღელვარება.

მარტის თვეში გამოქვეყნებული სტატიები ამ საკითხზე შესაძლებელია ორ ჯგუფად კლასიფიცირდეს:

  1. სტატიები, რომლებიც მიმოიხილავს სტალინის მნიშვნელობას და მის მიღწევებს;
  2. ხრუშჩოვის მოხსენების დაცვა პიროვნების კულტის გმობის შესახებ;

სტატიათა პირველი ჯგუფის მიზანი სავარაუდოა, რომ მიტინგების ქართველ მონაწილეთა დამშვიდება იყო. სტალინის მიღწევებთან ერთად გაზეთებში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ადამიანის მიერ მასზე შექმნილი ლექსები.

ჯერ კიდევ 8 მარტს, როცა თბილისსა და სხვა ქალაქებში უკვე მიმდინარეობდა მიტინგები, ყაზბეგის გაზეთმა “ახალი ხევი” გამოაქვეყნა სტატია “დიდი სტალინი” და ლექსი სახელწოდებით “მწყემსის ნათქვამი ბელადზე”.

;
გაზეთი “ახალი ხევი”, 8 მარტი, 1956 წელი

ხშირ შემთხვევაში გაზეთები ერთი და იგივე სტატიასაც ავრცელებდნენ. მაგალითად, 9 მარტს გაზეთმა კომუნისტმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “ი. ბ. სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავი”, რომელიც იოსებ ჯუღაშვილს მიღწევებსა და დამსახურებებს მიმოხილავდა:

“ი. ბ. სტალინის მთელი მოღვაწეობა მიძღვნილი იყო მშრომელი ხალხისათვის სამსახურის კეთილშობილური საქმიანობისადმი, კომუნიზმის გამარჯვებისათვის, ლენინის დიად წინასწარდასახულობათა განხორციელებისათვის ბრძოლისადმი.”

გაზეთი ახალი ლიდერის (ნიკიტა ხრუშჩოვის) შეფასებებს მაინც ვერ თმობდა და ვერ ფარავდა, თუმცა ეს მკითხველამდე შეფარულად იყო მიტანილი. იგივე სტატიაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირი არასდროს მალავს მის სისუსტეს, პრობლემებს და რომ საჭირო იყო პარტია კიდევ უფრო დაახლოებოდა კოლექტიური შრომის პრინციპს სახელმწიფო მართვაში (აღსანიშნავია, რომ ამის საპირისპიროდ სტალინი სწორედ ერთპიროვნულ მართვაში იყო გაკრიტიკებული ხრუშჩოვის მიერ).

“ჩვენი პარტია უძლეველია იმიტომ, რომ იგი თვითკმაყოფილებას არ ეძლევა თავისი წარმატებების გამო, არ ჩქმალავს შეცდომებსა და ნაკლოვანებებს, არ მიმართავს სინამდვილის შელამაზებას, ეწევა გადამწყვეტ ბრძოლას უდარდელობისა და ყოყოჩობის წინააღმდეგ, ფართოდ აჩაღებს კრიტიკასა და თვით კრიტიკას”.

აღნიშნული სტატია ზუსტად იგივე ფორმით შემდგომ დღეებში სხვა გაზეთებმაც გადაბეჭდეს, მათ შორის, “ავანგარდი”, “ამიერკავკასიის რკინიგზელი”, “ახალგაზრდა კომუნისტი” და “ახალი შირაქი”.

;
ახალგაზრდა კომუნისტის მიერ გამოქვეყნებული სტატია 1956 წლის 10 მარტს

საგულისხმოა, რომ უკვე შემდგომში (დაახლოებით 20 მარტიდან) გაზეთებმა უკვე ღიად დაიწყეს ხრუშჩოვის მიერ პიროვნული კულტის გმობის გამართლება და ამ საკითხს ფილოსოფიურ-იდეოლოგიური სტატიები მიუძღვნეს სახელწოდებით “რატომ არის უცხო მარქსიზმ-ლენინიზმისათვის პიროვნების კულტი?” და “პიროვნების კულტი უცხოა მარქსიზმ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის”.

;
გაზეთი კომუნისტი, 29 მარტი, 1956წ.

;
გაზეთი კომუნისტი, 22 მარტი, 1956წ.

  • რას წერდა ქართული მედია დასავლეთში?

ამ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთი “ქართული აზრი”, რომელიც ქართველი ემიგრანტების მიერ იმართებოდა. კომუნისტური გაზეთებისგან განსხვავებით “ქართული აზრი” დეტალურად აღწერდა თბილისში მიმდინარე მოვლენებს 9 მარტის ტრაგედიასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გაზეთი თვეში ერთხელ ქალაქ ნიუ-იორკში გამოიცემოდა. საგულისხმოა, რომ 1956 წლის მარტის და აპრილის ნომრებში გაზეთის პირველივე გვერდზე სწორედ 9 მარტის მოვლენებია განხილული და შეფასებული სათაურით “რა მოხდა საქართველოში?”.

;
გაზეთი “ქართული აზრი”, ნიუ-იორკი, აპრილი 1956წ.

გაზეთ “კომუნისტისა” და “ახალგაზრდა კომუნისტისგან” განსხვავებით აქ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ 9 მარტს თბილისში რუსებსა და ქართველებს შორის შეტაკება მოხდა, რამაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. აღსანიშნავია, რომ ვერსიას, თითქოს ქართველები სტალინის დაგმობაზე გაბრაზდნენ და ამან გამოიწვია მიტინგები “ქართული აზრი” სრულყოფილად არ ეთანხმება და ამას მოსკოვის ვერსიას უწოდებს. სტატიაში “რა მოხდა საქართველოში” აღნიშნულია, რომ ამ აქციებს უკან ქართველთა ზოგადი ანტისაბჭოთა პროტესტი იმალებოდა, რაც სტალინის სიკვდილის შემდგომ კიდევ უფრო გაააქტიურდა, რადგან ახალმა პარტიულმა კადრებმა ქართველები და საქართველო მრავალჯერ დასაჯეს:

“მოსახლეობამ რუსობას ბოიკოტი გამოუცხადა. ახდილად და ხმა მაღლა რუსების კრიტიკა და აქტიური წინააღმდეგობის აქტები გახშირდა. ქართველი ერის ცხოვრების ყოველ დარგში რუსის ჩარევამ და რუსიფიკაციის უხეშმა პოლიტიკამ მთელი ხალხი აღაშფოთა და ამ საერთო განწყობილების გამომსახველად, პირველი ბრძოლის მიმცემად სტუდენტობა გამოვიდა” – ქართული აზრი, 1956 წლის აპრილი.

“სტალინის სიკვდილის შემდეგ საქართველოში მრავალი “წმენდა’ მოხდა. სტალინის სიკვდილიდან ბერიას ლიკვიდაციამდე თითონ ამ ჯალათმაც მოასწრო საქართველოში ორი მასიური წმენდის ჩატარება.” – ქართული აზრი, 1956 წლის აპრილი.

აღსანიშნავია, რომ გაზეთ “ქართული აზრის” ცნობით, ამ მოვლენაზე დაუფარავად და ღიად სტატიები ასევე გამოაქვეყნეს დასავლურმა მედიებმაც:

  • გერმანია – “სიუდ დოიჩე ცაიტუნგი”, ველტ ამ ზონტაგ”;
  • საფრანგეთი – “ლო მონდ”, “ფიგარო”, “მატჩი”;
  • აშშ – “ნიუ-იორკ ტაიმსი”, “ვაშინგტონ პოსტი”, “ჩიკაგო ტრიბუნი”.

  • 9 მარტის მოვლენების ვიდეო/ფოტო კადრები

2001 წელს რეჟისორმა გივი ვეფხვაძემ, რომელსაც 9 მარტის შესახებ შეგროვებული აქვს მრავალი მასალა და ასევე არის დოკუმენტური 2 სერიანი ფილმის ავტორი “9 მარტი, 1956”, გამოსცა წიგნი “9 მარტი, 1956 კადრში და კადრგარეთ”, სადაც ბევრ საკითხთან ერთად ტრაგედიის ამსახველი კადრების ისტორიის შესახებაც არის ინფორმაცია მიმოხილული.

როგორც წიგნის ავტორი აღნიშნავს, იმ დღეებში მიტინგის გადაღების ყველა ფორმა (ხმის ჩამწერი, ფოტო/ვიდეო) სასტიკად იყო აკრძალული, თუმცა გივი ვეფხვაძის მოსაზრებით, კინოდოკუმენტალისტები აღბეჭდავდნენ მოვლენებს თავიანთი კამერით, რასაც მისი გადაღებული ფოტო მოწმობს. ფოტოს გადაღებას ავტორი ასე აღწერს:

“მომიტინგეებს გამოვეყავი. ბაღის თავში, ქუჩის გასწვრივ ჩამწკრივებულ ნაძვებს ამოვეფარე და სხვადასხვა წერტილიდან სამად სამი კადრის გადაღება მოვახერხე. ერთ-ერთ ფოტოსურათზე მკაფიოს ჩანს კინოსაოპერატორო ამწე, რომელიც 9 მარტს მომიტინგეთა თავკაცების მოთხოვნით კინოსტუდიიდან მოიტანეს. გადაღებული მასალა სუკის აგენტებმა უმალ ჩამოართვეს.”

;
გივი ვეფხვაძის გადაღებული ფოტო

გივი ვეფხვაძემ დოკუმენტური ფილმისთვის სხვადასხვა პირებისგან მაინც შეძლო გარკვეული ჩუმად გადაღებული მასალების შეგროვება. ფილმის ნახვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.


 

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist