ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

როგორ აკავშირებენ კოვიდ-19-ის აცრას, კვანტურ ტატუს და მოსახლეობაზე კონტროლის დამყარებას?

2 სექტემბერი, 2020

26 აგვისტოს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გადაცემა “ღამის სტუდიაში” მოწვეულმა სტუმარმა, თერაპევტმა ნონა აღდგომელაშვილმა კოვიდ-19-ის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,  არსებობს “კოვიდ-19-ის პროექტი”, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მიზნად  ადამიანიზე სრული კონტროლის დამყარებას ისახავს. რესპოდენტის მტკიცებით, ამ პროექტის პირველ ეტაპს კოვიდ-19-ის ვაქცინაცინაცია წარმოადგენს. მეორე ეტაპი კვანტური ტატუა, მესამე - “ციფრული მაიდენტიფიცირებელი იარლიყი”, რომელსაც ის “ID 2020"-ის პროექტს უკავშირებს, მეოთხე ეტაპად კი იმპლანტს, ანუ ჩიპს ასახელებს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე სრულ კონტროლს დაამყარებს. ის აღნიშნავს, რომ დასახელებული ჩიპის პატენტის ნომერი 060606-ია.

ნონა აღდგომელაშვილი, ობიექტივი: “... ვაქცინა არის ერთი ეტაპი, მეორე ეტაპი კვანტური ტატუიროვკა, მესამე ეტაპი არი უკვე ციფრული მაინდეტიფიცერებელი იარლიყი, რომელიც უნდა დაგვადონ [მაჯაზე], პროექტიდან "ID 2020"  და მეოთხე ეს არის იმპლანტი, რომელსაც ჩიპს ვეძახით, არ ვიცი, მე ესე მესმის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ყოფიერებას, ანუ რას ვიყიდით, რას გავყიდით, ანუ ამ ჩიპზე იქნება დატანებული ინფორმაცია იმის შესახებ, რამაც ჩვენი ყოფიერება, ანუ ფიზიკური არსებობა უნდა განსაზღვროს, სოციალური სტატუსი. ანუ სისტემა განსაზღვრავს ვიცოცხლოთ, არ ვიცოცხლოთ, წავიდეთ -მოვიდეთ, გავმრავლდეთ - არ გავმრავლდეთ და ამ პატენტის ნომერი არის 060606".

ნონა აღდგომელაშვილის განცხადება, თითქოს კოვიდ-19-თან დაკავშირებული პროექტი ადამიანების ნომრით  060606 დაჩიპვას ისახავს მიზნად, მორიგი კონსპირაციაა. ამ პროექტის ფარგლებში დასახელებული ეტაპების: “კოვიდ-19-ის” ვაქცინაციის, კვანტური ტატუირების და პროექტი "ID 2020" ერთმანეთთან დაკავშირება მანიპულაციაა.1. კვანტური ტატუირება 2019 წლის ინოვაციაა, რომელიც ადამიანის სხეეულში სამედიცინო ისტორიის მქონე ბარათის ჩანერგვას გულისხმობს და  ის აპრობირებული არ არის . 2. პროექტი "ID 2020" არასამთავრობო ორგანიზაციაა და პროექტია, რომელიც მსოფლიოში 1,5 მილიარდი უსაბუთო ადამიანისთვის ციფრული იდენტიფიკაციის უზრუნველყოფას გულისხმობს. 3. ასევე, GOOGLE-ის პატენტთა ბაზაში არაფერი იძებნება 060606 საპატენტო ნომერი

   1. კვანტური ტატუირება არაა დაკავშირებული კოვიდ-19-ის ვაქცინასთან. ეს არის 2019 წლის გამოგონება, რომლითაც ადამიანში მისი აცრების ისტორიის ჩაწერა მოხდება. აღნიშნული მეთოდი აპრობირებული არ არის.

2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) კონფერენციაზე წარადგინა ახალი გამოგონება - “კვანტური წერტილების ტექნოლოგია”, რომელიც  კვანტური ტატუსაც ეძახიან. ამ ინოვაციური მეთოდის მიზანია, ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილში (ძირითადად ეს მაჯაა) კვანტური წერტილების მეშვეობით აცრების შესახებ ინფორმაციის ჩაწერა. კვანტური წერტილები წარმოადგენს ერთგვარ კრისტალებს, რომლებიც განსაზღვრული სიგრძის სინათლის სხივებს (მაგალითად, ჩვეულებრივი სმარტფონის) ირეკლავენ. მისი კანში შეყვანა ვაქცინასთან ერთად ინიექციისას ხდება. აღნიშნული სამედიცინო ბარათი თავიდან  მიკროპლასტირს ჰგავს, რომელიც დროის განმავლობაში იცვითება და მის ნაცვლად ნაკლებად შესამჩნევი ტატუ რჩება.  გამომგონებელთა აზრით, ეს არა მარტო გაამარტივებს სამედიცინო ინფორმაციის სისტემატიზირებას, არამედ ექსტრემალური სიტუაციის დროს (გულის შეტევა, გონების დაკარგვა) დაეხმარება სასწრაფოს პაციენტის სამედიცინო ისტორიის დადგენაში. 

"

ამ უნიკალური გამოგონების პრეზენტაციიდან მცირე ხნის შემდეგ (18 მარტს, ანუ პანდემიის დასაწყისში) ბილ გეიტსმა Reddit-ის ფორუმზე გააკეთა განცხადება, რომ ვაქცინის არსებობის შემთხვევაში (აღსანიშნავია, რომ მისმა ფონდმა მილიონობით დოლარი  კოვიდის კვლევაშიჩადო) ჩვენ მოვიშველიებთ ციფრულ სერთიფიკატებს, იმის გასარკვევად - ვინ ჩაიტარა ტესტირება, ვინ გაიკეთა ვაქცინა და ვინ გამოჯანმრთელდა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ბილ გეიტსი ციფრულ სერთიფიკატში კვანტურ ტატუირებას გულისხმობდა და ამით  მიზნად მოსახლეობის კონტროლს ისახავდა. რეალურად ეს ციფრული სერთიფიკატი ელექტრონული ხელმოწერის მსგავსია, რომელიც ინტერნეტით დაშიფრული ინფორმაციის გადასაგზავნად გამოიყენება. ის უკვე მრავალი წელია გამოიყენება და მისი უსაფრთხოება ელექტროკავშირების სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ ჯერ კიდევ 1988 წელს დამტკიცდა.

  2. პროექტი “ID 2020” არანაირ კავშირში არაა “კოვიდ-19-თან”. ის მიზნად მსოფლიოში მილიონობით უსაბუთო, არალეგალური ადამიანების ოფიციალურ აღრიცხვას ისახავს.

დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უცხო ქვეყნებში არალეგალურად იმყოფება; არაერთ განვითარებად ქვეყანაში კი გაუმართავი სისტემის გამო უამრავი ადამიანი საბუთების გარეშეა დარჩენილი. ეს მათ საზოგადოებაში სრული ინტეგრაციას უშლის ხელს და არალეგალური საქმიანობის რისკებს ზრდის. ზუსტად ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად  არასამთავრობო ორგანიზაცია “ID 2020”, რომელიც მაინდენტიფიცირებელი ჩიპის შექმნას გეგმავს. არარეგისტრირებული ადამიანების საიდენტიფიკაციო საბუთებით უზრუნველყოდა გაეროს “2030 მდგრადი განვითარების მიზნებს” შორის ერთ-ერთია. აღსანიშნავია, რომ ID 2020-ს პროექტი ჯერ არ დაწყებულა დაგანხილვის საგანია. პერსონალურ უსაფრთხოებას რაც შეეხება - საკუთრივ ამ პროექტის მანიფესტის მეხუთე პუნქტში წერია: “ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ინდივიდს უნდა ჰქონდეს კონტროლი საკუთარ ციფრულ იდენტობაზე, მათ შორის, როგორ მოხდება მისი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გაზიარება”. ხაზგასასმელია, რომ ამ ადამიანთა შემთხვევაში ჩიპის აუცილებლობა დგება იქიდან გამომდინარე, რომ არასტაბილური მდგოამრეობის გამო ისინი საბუთებს ხშირად კარგავენ.

  3. GOOGLE-ის პატენტთა ბაზაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, არაფერი იძებნება 060606 საპატენტო ნომრით. 

"

GOOGLE-ის პატენტთა ბაზაში 060606 საპატენტო ნომრით არანაირი ინტელექტუალური საკუთრება რეგისტრირებული არ არის. სისტემაში მასთან მიმსგავსებულ 60606 ნომრით სხვა გამოგონებაა რეგისტრირებული. ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობასთან (კერძოდ, მცენარე კურდღლისცოცხასთან) დაკავშირებული იარაღია, რომელიც 1866 წელს ამერიკაში  E. F. Woodbury-მა დააპატენტა. 

წყაროს შესახებ

რესპოდენტი ნონა აღდგომელაშვილი, რომელიც აღნიშნული კონსპირაციის გამავრცელებელია, ექიმი-თერაპევტის სტატუსით ტვ “ობიეტივის” და “ილიონის” გადაცემებში კოვიდ-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციებს ადრეც ავრცელებდა. “მითების დეტექტორმა” მის მიერ გავრცელებული 7 დეზინფორმაცია ივლისში გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


მოამზადა ედგარ ბრუტიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია