როგორ აკავშირებენ 5G-ს ხეების ხმობასთან, დაავადებებთან და ოჯახში ძალადობასთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

721
VIEWS

გააზეთ “ასავალ-დასავალის” 31 აგვისტო – 6 სექტემბირს ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან, რომელმაც 5G ანტენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინას თქმით, წიწვოვანი ხეები რადიაციის შედეგად ხმება და ხმობის პროცესის დაწყება  5G ანტენების სატესტო რეჟიმში ჩართვას უკავშირდება. ამასთან ერთად, მოროშკინა 5G-ს უკავშირებს თავის ტკივილს, წნევას, ფსიქიკურ აშლილობას და ოჯახში ძალადობასაც კი. ლალი მოროშკინას თქმით, ასეთ ცვლილებებს იწვევს მაგნიტურ-რეზონანსული სიხშირეები. მისივე მტკიცებით, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ისეთმა ქვეყნებმა როგორიცაა ბელგია, საფრანგეთი და გერმანია 5G ტექნოლოგიაზე უარი თქვეს.

ლალი მოროშკინა: “რომ ამბობენ, წიწვოვანი ხეები ხმებაო, კი არ ხმება, ეს არის რადიაციის შედეგი, რომელიც სწორედ აქედან მოდის, როდესაც 5G ანტენები სატესტო რეჟიმში ჩაირთო, ადამიანებს ისეთი თავის ტკივილები და წნევები ჰქონდათ, საავადმყოფოები მიღებას ვერ აუდიდოდნენ! როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი ფსიქიკური აშლილობა ხალხში, ყველა მძღოლი როგორ ერთიანად გაგიჟდა? რატომ იქცევიან მამები მკვლელებად და რატომ გახშირდა ოჯახური კონფლიქტები? თითქოს ბინდი ეფარებათ თვალებზე ადამიანებს იმიტომ, რომ უარყოფითი, მძიმე ენერგეტიკა არის მომატებული. ასეთ ცვლილებებს ადამიანებში მაგნიტურ-რეზონანსული სიხშირეები იწვევს…დიახ, ძლიან ბევრი ანტენა დამონტაჟებულია სწორედ სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახურავებზე!…
ძალიან ბევრმა ქვეყანამ – ბელგიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ უარი თქვა ამ ყველაფერზე, ჩვენ, სამწუხაროდ, ამ დეტონაციაში ვიმყოფებით!

ლალი მოროშკინას განცხადება 5G ანტენების კავშირზე სხვადასხვა დაავადებებთან, ოჯახურ ძალადობასთან და ხეების ხმობასთან ანეკდოტური მტკიცებულებაა და სამეცნიერო კვლევებითა თუ არგუმენტებით გამყარებული არ არის. ასევე, ინფორმაცია თითქოს ბელგიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ 5G ტექნოლოგიაზე უარი თქვეს – სიცრუეა. ბელგიისა და გერმანიის ზოგიერთ ქალაქებში 5G უკვე მოქმედებს, საფრანგეთში კი 5G სიხშირის ლიცენზიების გაცემისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე აუქციონი დროებით გადაიდო. 

რატომ ხმება წიწვოვანი ხეები და არის თუ არა ეს რადიაციის ბრალი?

ჟურნალ “National Geographic-ის” ოფიციალურმა ქართულმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და „მწვანე ალტერნატივის“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ასახელებს ორ მიზეზსს, რის გამოც თბილისში ან მის შემოგარენში ხეები ხმება. სტატიის მიხედვით, იმისთვის რომ ფიჭვები ბუნებრივად განახლდნენ, მათ შორის დაშორება, სასურველია,  დაახლოებით 3-6 მეტრი იყოს. სამწუხაროდ, თავის დროზე ხეები ძალიან მჭიდროდ დარგეს და, რაც მთავარია, არც შემდგომ გამოახშირეს. ხეების არასწორმა განლაგებამ დააბრკოლა მათი ბუნებრივი განახლება. ამასთან ერთად, ბოლო წლების ძლიერი წვიმიანი გაზაფხული/ზაფხულის პირველი ნახევარი და მისი თანმდევი გვალვა და მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს მწვანე საფარის ჯანმრთელობაზე. კერძოდ, ამინდის ასეთი ცვლილება ხელს უწყობს ყლორტის მავნებელი სოკოს გავრცელებას. შედეგად, ხე ან  ხმება ან სუსტდება და მოწყვალი ხდება ისეთი მავნებლების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, ქერქიჭამია ხოჭო. ხსენებული ფაქტორები აზიანებენ, ასუსტებენ ან/და ახმობენ თბილისის და მისი შემოგარენის მწვანე საფარს.

რაც შეეხება 5G-ს ან/და რადიაციის ბრალეუობას, დღესდღეობით არ მოიძიება კვლევა, რომელიც მას გამხმარ ხეებთან დააკავშირებს. შესაბამისად, მოსაზრება, რომ 5G ანტენები აზიანებს წიწვოვან ხეებს არის ტყუილი, და არ არის გამყარებული სამეცნიერო კვლევებით.

აზიანებს თუ არა 5G ადამიანის ჯანმრთელობას?

შვეიცარიის გარემოს ფედერაციული ოფისის განცხადებით, ინტენსიური მაღალი სიხშირის რადიაციამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის თბობა,  თუმცა საერთაშორისოდ გავრცელებული შეზღუდვები ადამიანებს გვიცავს ასეთი ზემოქმედებისგან. ამასთან, მართალია, არაერთი კვლევა მოწმობს ბიოლოგიური გავლენის არსებობას, თუმცა ამჟამად გაურკვეველია, აქვს თუ არა დაბალ რადიაციას რამე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ არ არსებობს კიბოს დადასტურებული რისკი, რომელიც დაკავიშრებული იქნება მობილური ტელეფონის გამოყენებასთან. ამავე დროს, ყველა რადიოსიხშირული გამოსხივება (არამარტო მობილური, WiFi და ა.შ.) კლასიფიცირდება როგორც “შესაძლო კანცეროგენული”.  ამ თემასთან დაკავშირებით, ფიზიკოსმა და ონკოლოგიურმა მკვლევარმა დევიდ რობერტ გრაიმსმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მობილურ კავშირის და ინტერნეტის ქსელის არამაიონიზირებელი, დაბალი სიხშირის  რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას ან უჯრედულ დაზიანებას არ იწვევენ. მისი აზრით, გასაგებია, რომ ხალხს კიბოთი დაავადების რისკის ამაღლება აწუხებს, თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რადიოტალღებს უფრო ნაკლები ენერგია აქვს, ვიდრე იმ ხილულ შუქს, რომელსაც ყოველდღე ვხვდებით. არ არსებობს სანდო მტკიცებულება იმისა, რომ მობილური ტელეფონი ან უკაბელო ინტერნეტის ქსელი ჯანმრთელობის პრობლემას ქმნის.

5G ბელგიაში, გერმანიში და საფრანგეთში

31 მარტს ბელგიურმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ “Proximus” განაცხადა, რომ 2020 წლის 1 აპრილს კომპანია გახდება პირველი ოპერატორი ქვეყანაში, რომელიც დაიწყებს 5G მომსახურების დანერგვას. თავდაპირველად, 5G სერვისი დაფარავს ბელგიის 30 ქალაქს და ქვეყნის მთავარ აეროპორტს, რომელიც მდებარეობს ბრიუსელის განაპირას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ Proximus-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია ქვეყანაში 5G ქსელის დაფარვის რუკა.

რაც შეეხება გერმანიას, Deutsche Welle (DW)-ს სტატიის თანახმად, 2019 წელს 4-მა მობილური ტელეფონის ოპერატორმა სახელმწიფოს ჯამში გადაუხადა 6,6 მილიარდი ევრო და  მოიპოვა 5G სერვისის ლიცენზია. 2020 წლის იანვარში ერთ-ერთ ოპერატორს, Vodafone-ის 5G ქსელს უკვე ყავდა 10,000 მომხმარებელი და იგეგმებოდა მათი რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა. ხოლო, Telekom-ის 27 ივლიის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკვე 3,000-ზე მეტ ქალაქს და მუნიციპალიტეტს აქვს 5G სერვისი, ქვეყანაში მოქმედებს დაახლოებით 30,000 5G სერვისის ანტენა და, ასევე, 2020 წელს იგეგმება დაფარვის გაზრდა, რათა 5G ხელმისაწვდომი გახდეს გერმანიის მოსახლეობის ორი მესამედისთვის.

2019 წლის დეკემბერში Reuters-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით საფრანგეთის მთავრობამ 5G სიხშირის ლიცენზიების გაცემისთვის საჭირო პროცედურა დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე საფრანგეთის ტელეკომის რეგულატორმა Arcep-მა გადადადო 5G აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგ ფრანგულ ოპერატორებს:  Bouygues Telecom, Free Mobile, Orange და SFR. იმისდამიუხედავად, რომ ახალი თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, ამჟამინდელი მონაცემებით, აუქციონი იგეგმება სექტემბრის ბოლოს.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელგია, გერმანია, საფრანგეთი
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist