​​​​​​​რეკომენდირებულია თუ არა კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინაცია?  

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

3 თებერვალს ონლაინ გამოცემა tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “‘ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა -რატომ არ ვიკეთებთ ვაქცინას…-არ არსებობს არც ერთი დადასტურებული’- დეკანოზი ბასილ ახვლედიანი”. სტატია ეყრდნობა დეკანოზი ბასილ ახვლედიანის ფეისბუქ პოსტს, სადაც ის  აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგია, მის ანტივაქსერულ პოზიციიას კი რამდენიმე მიზეზით ასაბუთებს. ამ მიზეზებს შორისაა ის, რომ ვაქცინა 100%-ით უსაფრთხო არაა და ლეტალობის მცირე შანსი აცრის შედეგად მაინც არსებობს; ვაქცინაცია სახიფათოა მათთვის, ვისაც დაავადება უკვე გადატანილი აქვს.

ბასილ ახვლედიანი ასევე აცხადებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს.

;

დეკანოზის მტკიცება, თითქოს ვაქცინაცია საფრთხის შემცველია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაავადება უკვე გადაიტანა, სიმართლეს არ შეესაბამება. CDC რეკომენდაციას გასცემს, რომ ვაქცინა იმ ადამიანებმაც გაიკეთონ, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა, თუმცა არსებობს ვაქცინები, როცა დაავადების მიმართ იმუნიტეტის შემთხვევაში, აცრის გაკეთება საჭირო არ არის. რაც შეეხება განცხადებას, ვაქცინაციის იძულების შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კოვიდვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, ვაქცინაციას ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება.

კოვიდის ვაქცინაცია

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი წერს, რომ ვაქცინა განსაკუთრებით სახიფათოა იმათთვის, ვინც დაავადება უკვე გადაიტანა, თუმცა ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას გულისხმობს. კოვიდ19-ის შემთხვევაში, ვაქცინა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალი ტიპის კორონავირუსი უკვე გადაიტანა. პირიქით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ აცრა  რეკომენდებული არის. ამჟამინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი სხვადასხვა ადამიანების შემთხვევაში განსხვავებულია და შესაძლოა, ორგანიზმში ანტისხეულები დიდხანს არ დარჩეს, რაც რეინფიცირების საფრთხის წინაშე გვაყენებს. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ პაციენტების 95%-ში კოვიდ19-ის სიმპტომების დაწყებიდან 2 კვირაში ორგანიზმი თანდათანობით ანტისხეულებს გამოიმუშავებს, თუმცა ისინი დროის განმავლობაში შესაძლოა გაქრეს. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ანტისხეულები ორგანიზმში სულ მცირე 6 თვის მანძილზე რჩება. UK Biobank-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც მსხვილი სამედიცინო ბაზაა, გამოკვლეული კოვიდდადასტურებული 20 000 ადამიანიდან 99%-ს ანტისხეულები 3 თვის განმავლობაში, ხოლო 88%-ს კი 6 თვის განმავლობაში შეუნარჩუნდა.

ერთადერთი, რაც CDC-ის ინფორმაციით გასათვალისწინებელია, არის ის, რომ თუ კოვიდ19-ის სიმპტომებზე პაციენტი მოლოკლონური ანტისხეულებით ან პლაზმით მკურნალობდა, მან ვაქცინის გაკეთებამდე 90 დღე უნდა მოიცადოს. CDC ადამიანებს ურჩევს, რომ ვაქცინაციამდე კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.

წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინაცია

გარდა კოვიდ19-სა, შეგვიძლია განვიხილოთ ცნობილი და უფრო მასშტაბური წწყ (წითელა/წითურა/ყბაყურა) ვაქცინები, რომელთა გაკეთებაც არ არის საჭირო იმ ადამიანებისთვის, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და მის მიმართ იმუნიტეტი გამოიუშავა. ამის გასაგებად საჭიროა სისხლის ანალიზი, რაც წითელას, წითურასა და ყბაყურას მიმართ ჩვენს იმუნურობას დაადგენს.  ხოლო თუ ადამიანს იმუნიტეტი არ აქვს წითელას, წითურას და ყბაყურას გამომწვევი აგენტების მიმართ, მაგრამ დაავადებულთან შეხება ჰქონდა, ამ შემთხვევაშიც ექიმთან კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ადამიანის აცრა და ის სახიფათო არ არის.

 

ვაქცინების უსაფრთხოება

დეკანოზი ასევე მანიპულირებს იმ საკითხით, რომ ვაქცინას 100%-იანი უსაფრთხოება არ აქვს და მან შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს. ამ ეტაპისთვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციის (FDA) ავტორიზაცია აქვთ მიღებული, შესაბამისად განხილულია ვაქცინების რისკებიც და გვერდითი ეფექტებიც. კვლევებს და შემდგომ უკვე ვაქცინაციას არ გამოუვლენია ფატალური შედეგი, რომელიც აცრასთან იქნებოდა დაკავშირებული. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, როგორც Pfizer-ის, ისე Moderna-ს შემთხვევაში სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია და 1%-მდეა.

FDA-ის და CDC-ის რეკომენდაციით, 18 წელს ზემოთ Moderna, ხოლო 16 წლიდან Pfizer რეკომენდებულია ყველასთვის, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც წარსულში ანაფილაქსიური შოკი გადაუტანიათ ან ვაქცინის ინგრედიენტების მიმართ ალერგიულები არიან. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევებში ფეხმძიმე ან მეძუძური დედები არ მონაწილეობდნენ, FDA ასეთ ადამიანებს ურჩევს, კონსულტაცია ჯანდაცვის პროვაიდერებთან გაიარონ.

სავალდებულოა თუ არა ვაქცინაცია?

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი თავის ფეისბუქ პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ უარს აცხადებს იძულებით ქმედებებზე, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მცდარი ინფორმაცია გასული წლის ივნისშიც ვრცელდებოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist