სხვადასხვა

რეალურად სად არის გადაღებული ფოტო, რომელსაც PrimeTime-ი თეირანის ავიაკატასტროფას უკავშირებს?

14 იანვარი, 2020

განახლება: “მითების დეტექტორის” მასალის გამოქვეყნების შემდეგ PrimeTime-ის რედაქციამ თავდაპირველი ინფორმაცია შეასწორა და განმარტა, რომ ფოტო არასწორი თარიღისა და ლოკაციის მითითებით ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც ამჟამად აღარ იძებნება.


12 იანვარს ონლაინ გამოცემა PrimeTime-მა გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “ბოლო ფოტო აფრენამდე - უკრაინული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები”. სტატიას თან ერთვის თვითმფრინავის ბორტზე გადაღებული ფოტოსურათი და აღნიშნულია, რომ ეს ფოტო “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც თეირანში ავიაკატასტროფას ემსხვერპლენ, 8 იანვარს აფრენამდე გადაიღეს. 

"

იდენტური ინფორმაცია 12-14 იანვარს გამოაქვეყნეს:  nsp.ge, metronome.ge, fortuna.ge, resonancedaily.com, alia.ge, tvalsazrisi.ge, paqtebi.ge. ჩამოთვლილი მედიებიდან “მეტრონომი”, “თვალსაზრისი” და “ფორტუნა” ინფორმაციის პირველწყაროს არ უთითებენ, ხოლო დანარჩენი ონლაინ გამოცემები “პრაიმტაიმს” ეყრდნობიან. 13 იანვარს ფოტო nsp.ge-ზე დაყრდნობით ასევე პრორუსულმა ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” გააზიარა.

PrimeTime-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ეკიპაჟს 2020 წლის 8 იანვარს თეირანში ავიაკატასტროფამდე არ გადაუღია. რეალურად, ფოტო 2017 წელს ვილნიუსშია გადაღებული.

ფოტო, რომელსაც “პრაიმტაიმი” ავრცელებს, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ეკიპაჟის წევრებს ეკუთვნით, თუმცა გადაღებულია არა 8 იანვარს თეირანში მომხდარ ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, არამედ 2017 წლის 11 ივნისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის აეროპორტში. 

ფოტოს გადამოწმება მარტივად არის შესაძლებელი Google Image Search-ის მეშვეობით, სადაც ძიების ერთ-ერთი შედეგი გვაჩვენებს, რომ აღნიშნული ფოტო დეტალური ინფორმაციით ატვირთულია ვებ-გვერდზე airteamimages.com. საიტი, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, ინტერნეტ სივრცეში ავიაციის ფოტოების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცავია. 

"

სწორედ Air Team Images-ს ეკუთვნის “უკრაინის საერთაშორისო ავიაზახების” ეკიპაჟის ფოტო, რომელიც საიტზე განთავსებული ინფორმაციით 2017 წლის 11 ივნისს, ვილნიუსში, Boeing 737-800 თვითმფრინავის ბორტზე ოლეგ ბელიაკოვმა გადაიღო. 

2020 წლის 8 იანვარს თეირანი-კიევის რეისის შემსრუსელებელი “უკრაინის საერთაშორისო ავიხაზების” სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 176 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი ირანის სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს.


PrimeTime-ის სტატიის განახლებული ვერსია:

"