20 სექტემბერს ფეისბუქ-პროფილებმა ჯერალდ ნიუმანი და გოჩა ჩუმაშვილი გამოაქვეყნეს პოსტი, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) კოლეგებთან საუბრისას თქვა, რომ მას ვაქცინა არ გაუკეთებია და აცრას არც მომავალში აპირებს. პოსტების მიხედვით, ინფორმაციის ანონიმური წყარო NIH-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სამსახურიდან თავად ფაუჩიმ გაათავისუფლა. პოსტების ავტორებს წყაროდ ვებ-გვერდ Real Raw News-ის მასალის ბმული აქვთ მითითებული.
მტკიცება, რომ ენტონი ფაუჩის ვაქცინა არ გაუკეთებია, დეზინფორმაციულია, რადგან სატირულ გამოცემა Real Raw News-ს ეყრდნობა, თუმცა მათ მიერ გამოქვეყნებული სატირა რეალურ ინფორმაციადაა მოწოდებული. რეალურად, ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, მოდერნას პირველი დოზა 2020 წლის 22 დეკემბერს, მეორე დოზა კი 2021 წლის 19 იანვარს გაიკეთა.
ქართულენოვანი პოსტები, რომელთა მიხედვითაც ენტონი ფაუჩის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია და არც სამომავლოდ აპირებს, დეზინფორმაციულია და წყაროდ სატირულ გამოცემას ეყრდნობა. ვებ-გვერდ Real Raw News-ს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ მისი მასალები იუმორს, პაროდიასა და სატირას შეიცავს. ენტონი ფაუჩიმ მოდერნას ვაქცინის მეორე დოზა ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში გაიკეთა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის, მოდერნას პირველი დოზა 2020 წლის 22 დეკემბერს ჯანდაცვის სხვა სამთავრობო მაღალჩინოსნებთან ერთად კამერების წინ გაიკეთა. კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ უკეთებენ ფაუჩის ვაქცინას, არაერთი მედიასაშუალების ეთერში მოხვდა.
რაც შეეხება ვაქცინის მეორე დოზას, 2021 წლის 21 იანვარს ფაუჩიმ ჟურნალისტების კითხვაზე, გაიკეთა თუ არა ვაქცინის მეორე დოზა, უპასუხა, რომ მეორე დოზა 19 იანვარს გაიკეთა და 24 საათის განმავლობაში ისეთი გვერდითი მოვლენები ჰქონდა, როგორებიცაა დაღლილობა, შემცივნება და ტკივილი.
Real Raw News-ის შესახებ
ვებ-გვერდი Real Raw News სატირული გამოცემაა. ვებ-გვერდის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში აღნიშნულია, რომ ის იუმორს, პაროდიასა და სატირას შეიცავს. Media Bias/Fact Check-ის მიხედვით, აღნიშნული ვებ-გვერდი სატირულ სტატიებს 2 სავარაუდო მიზნით ავრცელებს – კონსერვატორების შეცდომაში შესაყვანად, რათა მათ სტატია გააზიარონ ან გართობის მიზნით. თავდაპირველად Media Bias/Fact Check-ს ვებ-გვერდი ულტრამემარჯვენე საეჭვო წყაროდ ჰყავდა მოხსენიებული, თუმცა შემდეგ Real Raw News-მა “ჩვენს შესახებ” ნაწილში მიუთითა, რომ მასზე სატირული მასალები ქვეყნდებოდა.
ფაქტების გადამამოწმებელ ორგანიზაციებს ამ ვებ-გვერდის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია აქვთ გადამოწმებული, მათ შორისაა მასალა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰილარი კლინტონი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა. “მითების დეტექტორს” Real Raw News-ზე დაყრდნობით გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც გადაუმოწმებია:
- სად დააკავეს ბილ გეიტსი – სამხრეთ კაროლინაში თუ სატირულ ვებ-გვერდზე?
- საიდან იღებს სათავეს ინფორმაცია ამერიკელი მფრინავების მიერ ვაქცინაციის გამო სამხედრო სამსახურის დატოვებაზე?
ენტონი ფაუჩისთან დაკავშირებით გავრცელებულ მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ მტკიცებებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- გახდა თუ არა ენტონი ფაუჩი ამერიკის ყველაზე სექსუალური მამაკაცი და რა ვიცით შიდსის ეპიდემიის შესახებ?
- არიან თუ არა ფოტოზე ობამა, ფაუჩი და მელინდა გეიტსი უხანის ლაბორატორიაში 2015 წელს?
- ვინ ავრცელებს მანიპულაციურად ენტონი ფაუჩის ინტერვიუს კორონავირუსზე ტესტირებაზე?
- რას ამტკიცებს ან არ ამტკიცებს ენტონი ფაუჩის გასაჯაროებული მიმოწერა?
- დაიწყო თუ არა ფაუჩის წინააღმდე გამოძიება და რა საკითხი განიხილეს აშშ-ის სენატში?
- იჭერენ თუ არა ფაუჩის და ბილ გეიტსს აცრების გამო?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (Alprazolam) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.