რას გულისხმობს რეალურად სტამბოლის კონვენცია და რას ამტკიცებს Geworld?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

60
VIEWS

2020 წლის 9 სექტემბერს ონლაინ გამოცემა საქართველო და მსოფლიომ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ევროკავშირის გენდერული ტერორი”, სადაც მწვავედაა გაკრიტიკებული ევროპის საბჭოს კონვენცია “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ”. სტატიის ავტორის თქმით, ე.წ. სტამბოლის კონვენცია ცდილობს მამაკაცის დათრგუნვის ფონზე ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავების წაშლას, ასევე კაცისთვის ეკონომიკური ვალდებულებების დაკისრებას და ოჯახის, როგორც დამღუპველი საზოგადოებრივი ინსტიტუტის წარმოჩენას. ავტორი ამ ყველაფერში ფემინისტებსა და ლგბტქ+ თემს ადანაშაულებს. ამასთან, განხილულია პოლონეთის იუსტიციის მინისტრ ზბიგნევ ზებროს გადაწყვეტილება პოლონეთის მიერ ხსენებული კონვენციის დატოვების შესახებ.

გიორგი გაჩეჩილაძე, Geworld: “თანამედროვე ფემინისტები, სტამბოლის კონვენციის მხარდამჭერები, არც მალავენ, რომ მათი მიზანი ქალთა უფლებების დასაცავად ბრძოლა კი არ არის, არამედ განსხვავების წაშლა მამაკაცსა და ქალს შორის მამაკაცის დათრგუნვის ფონზე… ფემინისტები და ლგბტ–აქტივისტები სპეციალურად ამბობენ “ოჯახში ძალადობა”–ს და არა “ძალადობას”. ისინი მიზანმიმართულად მუშაობენ იმაზე, რომ დანერგონ ოჯახის, როგორც დამღუპველი საზოგადოებრივი ინსტიტუტის, იდეა, მიაბან ის დანაშაულისა და საშინელებების ადგილს”…  საკმარისია, გაავრცელო ხმა ქმრის მიერ თითქოსდა ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულზე (ცოლისთვის უარის თქმა ძვირად ღირებული ქურქის შეძენაზე შემოსავლების შემცირების მომენტში) ან მამის “ფსიქოლოგიურ ძალადობაზე” (შვილი აიძულა, შეეწყვიტა ეზოში ფეხბურთის თამაში და გაკვეთილები მოემზადებინა, თანაც დაჰპირდა, თუ ცუდი ნიშნები ექნებოდა, ძვირად ღირებულ საკოლექციო მანქანებს აღარ უყიდდა), რომ მყისვე იწყება ადამიანის დევნა.”

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული სტატია ნახევრად სიმართლეა, პოლონეთი სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა გეგმავს, თუმცა სტატიის ავტორი თავად დოკუმენტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს და ლგბტქ+ თემისა და ფემინისტების დისკრედიტაციას ცდილობს, თითქოს კონვენცია მათი შემუშავებულია და ის ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგება.

რას ითვალისწინებს სტამბოლის კონვენცია?

სტამბოლის კონვენცია 2011 წელს გამოქვეყნდა, ხოლო ძალაში 2014 წლის პირველ აგვისტოს შევიდა. საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა.

სტამბოლის კონვენციის სახელით ცნობილი დოკუმენტი ითვალისწინებს ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას. სტამბოლის კონვენცია ქმნის ”ყოვლისმომცველ სამართლებრივ ჩარჩოს და მიდგომას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” და მიზნად ისახავს მსხვერპლთა დაცვას და ბრალდებული პირების სისხლისსამართლებრივ დევნას. ასევე აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ადამიანის უფლებების დარღვევა და დისკრიმინაციის ფორმა. კონვენცია ასახავს, თუ რომელი ქმედებები უნდა იყოს კრიმინალიზებული მონაწილე ქვეყნების მიერ. ასეთი დანაშაულები მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობას, თვალთვალს, ფიზიკურ ძალადობას, სექსუალურ ძალადობას (მათ შორის გაუპატიურებას), სექსუალური ხასიათის ყველა არაკონსესულ ქმედებასთან, იძულებითი ქორწინება, ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრებას, იძულებით აბორტსა და იძულებით სტერილიზაციას.

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვხვდებით ბრალდებას, თითქოს კონვენციის მიზანია კაცსა და ქალს შორის განსხვავებების წაშლა მამაკაცის უფლებების შეზღუდვის, მისი დევნისა და შევიწროების ხარჯზე. რეალურად კი დოკუმენტის პირველი მუხლის ბ პუნქტში ჩვენ ვკითხულობთ, რომ კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით. რაც გულისხმობს, არა კაცსა და ქალს შორის განსხვავებების წაშლას, არამედ მათ შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრას.  შესაბამისად, ავტორისეული კონვენციის განხილვა არ შეესაბამება სიმართლეს და იგი მიზანმიმართული მანიპულაციაა.

ასეთივე ხასიათისაა ბრალდებაც იმის შესახებ, რომ კონვენცია დემონიზაციას უკეთებს ოჯახის ინსტიტუტს. სინამდვილეში კონვენციაში საუბარია არა მარტო ოჯახში, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმის ძალადობაზე, რომელიც ქალებზე ხორციელდება. კონვენციის მე-3 მუხლის ა პუნქტში ვკითხულობთ, რომ  ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო მაჩვენებლით ქალების 35%-ს მაინც გამოუცდია პარტნიორის ან არაპარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ცალკე ამაზე საუბარი გასაკვირი არაა.

კონკრეტულად ოჯახში ძალადობა კი განმარტებულია, როგორც ოჯახის, შინამეურნეობის, ამჟამად ან წარსულში დაქორწინებულ ან დაუქორწინებელი პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა ძალადობის ჩამდენს ოდესმე უცხოვრია თუ არა მსხვერპლთან. ამასთანავე, ოჯახში ძალადობა მოიცავს ორივე სქესის მოძალადეებს.

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში საუბარია ეკონომიკურ დანაშაულზეც, რომლის განმარტება, თითქოს ის მეუღლისთვის ძვირადღირებული ნივთის შეძენაზე უარის თქმას გულისხმობს, მთლიანად სტატიის ავტორის ინტერპრეტაციაა, მსგავსი რამ კონვენციაში არ წერია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება.” ეკონომიკური ძალადობა კი გულისხმობს ქმედებას, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist