ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რას ეყრდნობა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების”  წინასწარმეტყველება მომავალ პანდემიაზე?

16 თებერვალი, 2021

2021 წლის 10 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულმა  ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა ახალი პანდემიის სცენარი მოამზადა. “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ამტკიცებს, რომ “სპარზის პანდემიის” გეგმა 2025-2028 წლებში მას შემდეგ განხორციელდება, რაც კორონავირუსის ვაქცინაზე მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავნელოსბას დაითანხმებენ. პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ ჯონ ჰოპკინსის ცენტრმა ტრენინგები და მომზადება კორონავირუსის პანდემიისთვისაც ჩაატარა და რამდენიმე თვის შემდეგ კორონავირუსის პანდემია ზუსტად ანალოგიური სცენარით წარიმართა.  ავტორს პოსტისათვის წყაროდ ჯონ ჰოპკინსის ცენტრის ოფიციალური გვერდიდან დართული აქვს ბმულები, რომლებზეც “ღონისძება 201”-ისა და “სპარზის პანდემიის” პროექტზე ინფორმაციას ვხვდებით. 

;                                                                                                                                                                                   

2021 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით “ბიბლიის მორწმუნე ქრისიტანების” პოსტი 155 მომხმარებელმა გააზიარა.

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კოვიდის პანდემია “ღონისძება 201”-ის სცენარით წარიმართა და მსოფლიოს ახალი  “სპარსის პანდემია” ელოდება, მცდარია. ორივე პროექტი ჰიპოთეტურ მომავალს ეხებოდა და იგი რომელიმე კონკრეტული პანდემიის წინასწარ გაწერილ გეგმას არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, ეს პრაქტიკა მეცნიერებაში დამკვიდრებულია, რადგან გამოციდლებებზე დაყრდნობით ჰიპოთეტური მოდელების შექმნა სპეციალისტებს რეალური პანდემიისათვის მომზადებასა და შესაძლო კრიზისულ ვითარებებში წარმოქმნილი რისკების წინასწარ გათვლაში ეხმარება.

  • “სპარსის პანდემიის” და “ღონისძიება 201”-ის სცენარი ჰიპოთეტურ მომავალს ეხება და იგი რომელიმე კონკრეტული პანდემიის წინასწარ გაწერილ გეგმას არ წარმოადგენს

წიგნი “სპარსის პანდემია - ფუტურისტული სცენარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკატორებისთვის” ჯონ ჰოპკინსის ცენტრის პროექტის ფარგლებში 2017 წელს შვიდი პროფესორის თანაავტორობით გამოვიდა. როგორც ჯონ ჰიპკინსის ცენტრის ვებ-გვერდზე პროექტის შესახებ განთავსებული ინფორმაციიდან ვიგებთ, “სპარსის პანდემიის” სცენარი იმ გამოწვევებსა და რისკებს ეხება, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები ახლო მომავალში პანდემიის ან მსგავს მაშტაბურ საგანგებო მგომარეობაში კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით შეიძლება წააწყდნენ. პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა ექსპერტების რეკომენდაციები და წარსულში მომხდარი სამედიცინო კრიზისების შესახებ არსებული ინფორმაცია, ასევე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სისტემების თავისბურებები შეისწავლეს და სცენარი სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნეს. 

სცენარის ჰიპოთეტურობასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას უშუალოდ დოკუმენტშიც ვხვდებით.  წიგნის მე-7 გვერდზე ვკითხულობთ: 

“ეს ჰიპოთეტური სცენარია, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის სარისკო პირობებში კომუნიკაციის გამოწვევების ილუსტრირებისთვის შეიქმნა. [ეს გამოწვევები] შესაძლოა, გაჩნდეს ბუნებრივი გზით წარმოქმნილი იმგვარი ინფექციური დაავადების გავრცელების შემთხვევაში, რომელიც ახალი მედიკამენტების, ვაქცინებისა, თერაპიული საშუალებების ან სხვა სამედიცინო ზომების შემუშავებას საჭიროებს. 
აქ აღწერილი ინფექციური პათოგენი, სამედიცინო ზომები, პერსონაჟები, ახალი ამბების მედიების ექსპერტები, სოციალური მედიის პოსტები და სამთავრობო ორგანოების მოქმედებები მთლიანად გამოგონილია.” 

;

წიგნის შესავალ ნაწილში, რომელიც პროექტის მეთოდოლოგიასა და მიზნების აღწერს, აღნიშნულია, რომ “სპარსის პანდემიის” სცენარის მიზანი არა მომავლ მოვლენათა ზუსტი თანმიმდევრობის აღწერა, არამედ იმ სერიოზული რისკებისა და გამოწვევების ფართო სურათის დახატვაა, რომელიც კრიზისულ ვითარებებში კომუნიკაციების კუთხით ხშირად წარმოიქმნება.

აღსანიშნავია, რომ სცენარში არაფერია ნათქვამი “სპარსის პანდემიის” წინ მომხდარ სხვა პანდემიაზე ან საყოველთაო, სავალდებული ვაქცინაციაზე, რაც მიგვანიშნებდა, რომ სცენარში აღწერილი მოვლენები COVID-19-ის პანდემიის შემდგომ სამყაროში ვითარდება. ამგვარად, მტკიცება, თითქოს “სპარსის პანდემიის” სცენარი კორონავირუსის პანდემიის შემდეგომი პერიოდისათვის წინასწარ  დაწერილი გეგმაა, საფუძველს მოკლებულია. 

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტი ჯონ ჰოპკინსი ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ 2019 წლის 18 ოქტომბერს გამართულ “ღონისძიება 201”-ზეც აპელირებს, რომელიც ავტორის მტკიცებით, ზუსტად წინასწარმეტყველებდა კორონავირუსის პანდემიის სცენარს. “ღონისძიება 201”-ზე იდენტურ შეთქმულების თეორიას ადრეც არაერთი ფეისბუქ მომხმარებელი, მათ შორის ყალბი ანგარიში “ლაშა მოდებაძეც” ავრცელებდა. რეალურად, “ღონისძიება 201” ისევე, როგორც “სპარსის პანდემიის” სცენარი, მხოლოდ სიმულაციური სავარჯიშოებისაგან შედგებოდა და მეცნიერების მიერ გამოგონილ მონაცემებზე იყო აგებული. “ღონისძიება 201”-ზე გავრცელებული კონსპირაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: 
კონსპირაციას როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტზე და ლუგარის ლაბორატორიაზე ტროლი ავრცელებს

  • რატომ იქმნება ჰიპოთეტური პანდემიების სიმულაციები და  სცენარები? 

“სპარსის პანდემიის” სცენარსა და “ღონისძიება 201”-ში  ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგებისათვის უჩვეულო არაფერია. პანდემიები კაცობრიობის ისტორიის ნაწილია და მათგან არც მომავალში ვართ დაზღვეული, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა. წარსულში მომხდარი პანდემიების გამოცდილებასა და მონაცემებზე დაყრდნობით სამომავლო, ჰიპოთეტური პანდემიების მოდელებს მკვლევრები ხშირად ქმნიან, რადგან მსგავსი ჰიპოთეტური სცენარები ჯანდაცვის სპეციალისტებს რეალური პანდემიისათვის მომზადებასა და შესაძლო კრიზისულ ვითარებებში წარმოქმნილი რისკების წინასწარ გათვლაში ეხმარება. სიმულაციები და ჰიპოთეტური პანდემიის სცენარები არა მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის, არამედ ხშირად სამედიცინო სკოლების სტუდენტებისათვისაც იმართება, რაც ექსპერიმენტული სწავლების ნაწილია, ზოგჯერ კი მათი საშუალებით ჯანდაცვის სისტემის მაშტაბური კრიზისისათვის მზაობას ან რომელიმე დაავადების გავრცელების მაშტაბების წინასწარ შეფასებას ცდილობენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი მოდელირებები რომელიმე კონკრეტული პანდემიის წინასწარ გაწერილი “გეგმაა”, რომელსაც სამომავლოდ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად განახორციელებენ. 

აღსანიშნავია, რომ დაავადების გავრცელების სამომავლო ტენდენციების გასათვლელად პანდემიების სიმულირების მათემატიკური მოდელები  covid-19-ის პირობებშიც აქტიურად გამოიყენება, რაც ჯანდაცვის სპეციალისტებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შესაბამისი ზომების წინასწარ დაგეგმვაში ეხმარება.


არქივის ბმული: https://archive.is/QPc4U


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.