იდენტობა

რას ასახავს ვიდეო, რომელსაც “ანტი-პარადოქსი” და რუსული Одноклассники ჩინელების კანიბალიზმად ნათლავენ?

30 იანვარი, 2020

28 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “ანტი-პარადოქსი” რუსული სოციალური ქსელიდან Одноклассники გააზიარა ვიდეო, აღწერით “ყირგიზეთში დააკავეს ჩინელები, რომლებიც ბავშვებს კლავდნენ და ჭამდნენ. ამათთვის ვირუსი კი არა ატომური ბომბია ზედგამოჭრილი.” 2020 წლის 13 იანვარს Одноклассники-ში ატვირთული ვიდეო მოყვარულის მიერ არის გადაღებული, რომელიც აღნიშნავს, რომ კადრები ყირგიზეთშია გადაღებული, შემთხვევის ადგილას, სადაც ყირგიზებთან ერთად ჩინელებიც მუშაობენ. ვიდეო კადრებს, რომელიც მგლოვიარე ადამიანების თავშეყრას ასახავს, თან ახლავს ტიტრები და კადრს მიღმა ხმა, რომელიც ამტკიცებს, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც ჩინელების მიერ ბავშვების ჭამა დასტურდება. გარდა აუდიო ხმისა, ვიდეოზე რაიმე მტკიცებულება, რომელიც უცნობი ავტორის მტკიცებას გაამყარებს, ასახული არ არის. 

აღნიშნული ვიდეო 29 იანვარს ასევე გააზიარა ფეისბუქ გვერდმა "დედაქალაქი". პოსტის აღწერაში "დედაქალაქი" წერს: "ყირგიზეთში კაციჭამია ჩინელები დაიჭირეს".

"

"

1

ანტი-პარადოქსის მიერ რუსულ სოციალურ ქსელ “ოდნოკლასნიკებზე” დაყრდნობით გავრცელებული ცნობა, თითქოს ყირგიზეთში ჩინელები ბავშვებს კლავდნენ და შემდეგ ჭამდნენ, დეზინფორმაციაა. რეალურად, ვიდეო 2020 წლის 10 იანვარსაა გადაღებული და ყირგიზეთში, კუმტორის ოქროს მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგული ორი მუშის სამგლოვიარო ცერემონიალს ასახავს.

ყირგიზული გამოცემა Qazweek.kz და asia-times.org ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გავრცელებული ვიდეო დაკარგული მუშების სამგლოვიარო ცერემონიაზეა გადაღებული. სამინისტროში უარყოფენ ცნობას, თითქოს იპოვეს ადგილი, სადაც ჩინეთის მოქალაქეები ბავშვებს ხოცავდნენ და ჭამდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ პოლიცია მუშაობს დეზინფორმაციის წყაროს დადგენაზე. 

"

2019 წლის პირველ დეკემბერს კუმტორის ოქროს მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ორი მუშა დაიკარგა. სამძებრო სამუშაოები 40 დღის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. 10 იანვარს კი ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და დაკარგულთა ოჯახების ერთობლივი გადაწყვეტილებით ძიება შეწყდა. ამის შესახებ განცხადება ყირგიზეთის მთავრობის ისიკ-კულსკოის მხარის წარმომადგენლობამ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად შესრულდა ტრადიციული რიტუალი.

"

"

ანტი-პარადოქსის და “ოდნოკლასნიკების” ფეისბუკ პოსტი იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც ჩინეთში აღმოჩენილი კორონავირუსის გამო საზოგადოება პანიკამ მოიცვა და გარკვეულწილად ჩინელების მიმართ ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას შეუწყო ხელი.

“ანტი-პარადოქსის” შესახებ 

ფეისბუქ გვერდი “ანტი-პარადოქსი” 2018 წლის 18 მაისს შეიქმნა და ამ დროისათვის 29 ათასზე მეტი მოწონება აქვს. გვერდი ძირითადად აქვეყნებს ანტილიბერალური, სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს. “მითების დეტექტორი” ანტი-პარადოქსის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე ადრეც წერდა.


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი