პოლიტიკა

რას ამტკიცებს „На самом деле“ და რა დახმარებები გამოუყო რეალურად ამერიკამ საქართველოს?

15 ივნისი, 2020

2020 წლის 7 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმმა“ გამოაქვეყნა საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის კომენტარი, რომელიც მან News Front-ის 2 ივნისის გადაცემაში „На самом деле“ აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებით გააკეთა. არნო ხიდირბეგიშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ლუგარის ლაბორატორიის აშენებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გარდა “ქართველი ხალხისათვის” არაფერი გაუკეთებია. მისივე თქმით, აშშ დახმარების დიდი ნაწილის დახარჯვას სამხედრო ინფრასტრუქტურისათვის გვაიძულებს. 

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "გასაგებია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ-მა ხუთ-ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა საქართველოზე, მაგრამ მათგან რამდენმა მიაღწია ქართველ ხალხამდე? არცერთმა ცენტმა! უმეტესობა მოხმარდა შეიარაღებას, რომლის შეძენაც გვაიძულეთ, და სამხედრო ინფრასტრუქტურას - სასწავლო ცენტრებსა და ბაზებს, რომელთა გახსნაც თქვენ გვაიძულეთ, რათა ქართველი ჯარისკაცები მოგემზადებინათ ამერიკული ომებისთვის - ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში! და კიდევ, ამერიკული დახმარება დაილექა სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ჯიბეებში და მოხმარდა ე.წ. "სამოქალაქო სექტორს" - გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთ მვის. იქნებ ვაჭარბებ?! მაშინ სად არის ამერიკული ფულით აშენებული ქარხნები, ფერმები და სახლები? ლუგარის ლაბორატორიის გარდა არაფერია!“ 

არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს აშშ-ის დახმარება უდიდესი ნაწილი სამხედრო მიზნებს მოხმარდა, ხოლო ლუგარის ლაბორატორიის გარდა არაფერი აშენებულა, არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ აშშ-მა საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარება განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში გაზარდა. აშშ აქტიურად აფინანსებს სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის სფერობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება.

უნდა აღინიშნოს, რომ 1992-2020 წლებში საქართველომ აშშ-ისგან ფინანსური დახმარების სახით 4,348,400,000 დოლარი მიიღო. 27 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით აშშ-მა საქართველოს 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. აშშ-ის მთავრობა წლიურად დაახლოებით 40 მილიონ დოლარს გამოყოფს 50 ფართომასშტაბიანი პროგრამისათვის, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების, თავისუფალი ბაზრისკენ სწრაფვისა და დასავლური ორიენტაციის მხარდასაჭერად ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება  

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) საქართველოს 2006-2011 წლებში გზების, მილსადენების, და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ასევე აგრობიზნესის განვითარებისათვის 295 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო.  

2010 წელს აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარების დახმარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  2010–2013 წლებში საქართველომ ამ სფეროში შემდეგი სახის დახმარება მიიღო:

"
წყარო: matsne.gov.ge

2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმდა განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა), რომლის ფარგლებშიც აშშ USAID-ის მეშვეობით 1,5 მილიონი დოლარი გამოყო ინფრასტრუქტურის სფეროსთვის.

"
წყარო: matsne.gov.ge

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა

აღშანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ახალი ინოვაციური გრანტები გამოაცხადა ადგილობრივი სურსათის მწარმოებლებისთვის, გადამამუშავებლებისა და დისტრიბუტორების მხარდასაჭერად. აღნიშნული გრანტები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ინოვაციებისათვის შემოსავლების გაზრდაში, სამუშაო ადგილების შექმნაში და ასევე საქართველოს სოფლებში ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობაში დაეხმარება.

"

აშშ-ის დახმარება საქართველოს Covid-19-თან გასამკლავებლად

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოუყო USAID-ს საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად. UNICEF-თან პარტნიორობით მიღებული ახალი დახმარება ჰიგიენური და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებს, სწრაფი რეაგირების ჯგუფების მხარდაჭერას, შემთხვევების მართვას და ინფექციის კონტროლს. USAID საქართველომ ასევე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით აშშ-ის მთავრობამ $2.7 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად.

"

2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის ანგარიშის თანახმად, 8 მაისს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 3 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო საქართველოს, ხოლო ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა StopCoV ფონდში 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს. გარდა ამისა, აპრილში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 64 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

9 მაისს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დეკემბერში შემოტანილი 27,000 ტონა ხორბლის გარდა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად დამატებით 27,000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს. აშშ-დან ხორბლის მიწოდება ხორციელდება 14,5 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოსთვის დახმარების გაწევა კორონავირუსის პანდემიის დროს. გარდა ამისა, ელჩმა აღნიშნა, რომ თვის ბოლოსთვის, შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო ხელშეკრულებას, 400,000 აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტით ‘რძისა და ხორცის და სოფლის მეურნეობის სექტორების გასაძლიერებლად, ასევე საკვების უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად’.

2017-2019 წლებში აშშ-ის დახმარება სფეროების მიხედვით

"
წყარო: state.gov

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 127,4 მილიონი დოლარი შეადგინა. (30% - ეკონომიკური ზრდა, 1% განათლება და სოციალური მომსახურებები, 32% - დემოკრატია და კარგი მმართველობა, 37% მშვიდობა და უსაფრთხოება) 

2018 წელს საქართველოსთვის გამოყოფილი 107,82 მილიონი დოლარიდან 45% განკუთვნილი იყო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, ხოლო დანარჩენი ნაწილი გარემოს(1%), განათლებისა და სოციალური მომსახურების(4%), ეკონომიკური განვითარების(6%), დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და მმართველობის (24%) სფეროებს მოხმარდა.

2019 წელს აშშ-მ საქართველოს 127 მილიონი დოლარი გამოუყო, რომლის 40% შეადგენდა დახმარება მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში. გაიზარდა განათლებისა და ადამიანთა უფლებებისა და მმართველობის სფეროებისათვის გამოყოფილი თანხა.

""
წყარო: foreignassistance.gov

2018 საბიუჯეტო წელს აშშ-ის არასამხედრო დახმარება საქართველოს 70.8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 საბიუჯეტო წლისთვის კონგრესმა 89.8 მილიონი დოლარის ოდენობის არასამხედრო დახმარება გამოყო.

აშშ-ის დახმარება 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში

2008 წლის ოქტომბერში აშშ-ის მთავრობას, რომელიც მოქმედებს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფინანსური დახმარების შესახებ, რომლის საფუძველზე საქართველოს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გადაეცა.

საქართველოს მთავრობამ აღნიშნული დახმარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსა პენსიები, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მოწყვლადი მოსახლეობის შემწეობები, სტუდენტთა სტიპენდიები, საჯარო სკოლები, ჯანდაცვის პროგრამები, სამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების პერსონალის ხელფასები და კომპენსაციები. დახმარებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-მა ისარგებლა.

"
წყარო: state.gov

'
წყარო: state.gov

2008 წლის ომის შემდეგ, საქართველო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში აშშ-ის საგარეო დახმარების უმსხვილესი მიმღები გახდა. ხოლო 2010-2017 ფისკალურ წლებში არასამხედრო დახმარება წელიწადში საშუალოდ 60 მილიონ დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი (2014-2019) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და ტრენინგის განვითარებისთვის, ასევე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სწავლების გაუმჯობესებისთვის მოიპოვა.

საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარების მხარდაჭერა

სასამართლო სისტემის განვითარება აშშ-ის მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. 2015 წელს USAID-მა დააფინანსა ხუთწლიანი პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). კერძოდ, მისი მიზანია სათანადო პროცესის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. გარდა ამისა, უფრო დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მხარდაჭერით, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, რაც დემოკრატიული განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

გარდა ამისა, USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP), რომელიც 2010 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებილებისა და პროფესიონალიზმის გაზრდას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განვითარების გზით; სამართლებრივი დახმარების სისტემის, იურიდიული პროფესიული ასოციაციებისა და იურიდიული უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციური პოტენციალის გაზრდას; იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას; კომერციული სამართლის განვითარებასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება სამხედრო ფინანსური დახმარებასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას,  „მითების დეტექტორს“ მომზადებული აქვს მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და სადამკვირვებლო/საწვრთნელ მისიებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერაში, მათ შორის არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსთან თავსებადობა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება. სამხედრო სწავლებები ხელს უწყობს ქართველი სამხედროების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. გარდა ამისა, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარჯის დასაფარად, საქართველო პერიოდულად იღებს დახმარებას პარტნიორებისაგან. მაგალითად, აშშ და გერმანია ავღანეთში სამხედროების გადაყვანასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს. 


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

პროფილები: