ეკონომიკა

რამდენს ხარჯავენ რუსი ტურისტები საქართველოში?

12 ივნისი, 2020

7 ივნისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” დამფუძნებელმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ტურისტული კუთხით რუსეთი საქართველოს მთავარი დონორია და ყველაზე მხარჯველი ტურისტები სწორედ რუსეთიდან ჩამოდიან. მისი მტკიცებით, როდესაც რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, ეს ფაქტი ნაციონალურმა მოძრაობამ იზეიმა, თუმცა საქართველოს მოსახლეობამ ამის შედეგად იზარალა.

 

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „სანამ „ნაც.მოძრაობა“ ფეხზე იდგება, ამ ქვეყანაში სიმშვიდე არ იქნება, არ იქნება სიმშვიდე, ბიჭო, ეს ხალხი ზეიმობდა, რუსებმა, მთავარმა დონორმა საქართველოში ტურისტების და ყველაზე კარგი ტურისტების, ყველაზე მხარჯველი ტურისტების ხო და ყველაზე დიდი რაოდენობა, როგორც კი გადაკეტეს, ზეიმობდა ხალხი და არ მალავდა ამას, პირდაპირ ამბობდა, ... რამდენი ოჯახის ტრაგედია შედგა იცით, კრედიტები აღებული, სასტუმროებზე, კაფეებზე, რესტორნებზე, რამდენი ოჯახი დაინგრა... თვითონ არ იკლებენ, აგერ პარლამენტში წამოკოტრიალებულები არიან…”

ჯონდი ბაღათურიას განცხადება, თითქოს საქართველოში ყველაზე მხარჯველი ტურისტები რუსეთიდან შემოდიან დეზინფორმაცია და იმ ნარატივის გაგრძელებაა, თითქოს ტურისტული ინდუსტრია რუსეთის გარეშე ჩამოინგრევა.

  • რამდენია რუსეთის მოქალაქეების მხარჯველუნარიანობა საქართველოში ვიზიტის დროს?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები. ვიზიტზე საშუალო ხარჯვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აშშ-ს (3 813 ლარი), რომელსაც მოსდევს საუდის არაბეთი - 3 632 ლარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები - 2 453 ლარი,  გაერთიანებული სამეფო - 2 438 ლარი, ჩეხეთი - 2 142 ლარი, საფრანგეთი - 2 101 ლარი და სხვა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების დანახარჯი საშუალოდ 1 282 ლარს შეადგენს. 

/;

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროპის და სხვა ქვეყნების ღამისთევის საშუალო მაჩვენებელი აღემატება რუსეთის ღამისთევის საშუალო მაჩვენებელს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ღამისთევის საშუალო მაჩვენებელი 7.9 ღამეა, დანარჩენი ევროპის - 7.8 ღამე, ხოლო სხვა ქვეყნების კი 8.5 ღამე. რუსეთის ღამისთევის საშუალო მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებით 5.9 ღამე იყო.

"

მსგავსი მაჩვენებელი გვაქვს 2018 წელსაც, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები საშუალოდ უფრო ნაკლები ღამე რჩებიან საქართველოში, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. რუსეთი - 6.3 ღამე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა - 7.7 ღამე, სხვა ევროპა - 8.3 ღამე.~

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების ჯგუფის მიხედვით რუსი ტურისტების ერთიანი დანახარჯი 2019 წელს 2.1 მილიარდი ლარი იყო, სხვა ქვეყნის ტურისტების ჯამური მაჩვენებელი 6.3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველო მხოლოდ რუს ტურისტებზე არ არის დამოკიდებული და ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების შემთხვევაში, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს, რაც ქართულ ეკონომიკას კრემლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ნაკლებად მოწყვლადს გახდის. 

"
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღნიშნულ თემაზე 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით “მითების დეტექტორი” გასულ წელსაც წერდა.

  • რუსეთიდან ფრენების შეწყვეტის მიუხედავად ტურისტების რაოდენობა 2019 წელს გაიზარდა

2019 წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას საპროტესტო აქციები მოყვა. აღნიშნული სამოქალაქო პროტესტი 21 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალეს. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ ("გავრილოვის ღამე") ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს აეკრძალათ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელება. ამის მიუხედავად, TBC Research-ის 2019 წლის 31 ივლისის მონაცემებით, აკრძალვიდან მომდევნო თვეს ანუ 2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში ტურისტების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის სრული სურათის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით გაიზარდა ტურისტების მთლიანი რაოდენობაც. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები შეადგენდა 7 203 350 ადამიანს, ხოლო 2019 წელს - 7 725 774 ადამიანს. შესაბამისად ტურისტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ 7.2%-ით გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, წინასწარი მონაცემებით 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს, რაც 47 მილიონით (+1.4%) მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

2020 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს აზერბაიჯანიდან. მას მოსდევს სომხეთი, რუსეთი და თურქეთი. აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა.

ჯონდი ბაღათურიას იდენტური ნარატივი, თითქოს საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულია და 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციებმა რუსი ტურისტების დაკარგვით ქვეყანა დააზარალა, 2019 წელს როგორც რუსულ ასევე კრემლისტური გზავნილების გამტარებელ ქართულ მედიაშიც აქტიურად ვრცელდებოდა

ასავალ-დასავალი, 1 -7 ივლისი, 2019
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი:
„მოსკოვთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დალაგებამ გამოიწვია ის, რომ ქართული ეკონომიკის მთავარი სეგმენტი - ტურიზმი რუსი ტურისტების სიუხვით დიდ სარგებელს ნახულობდა. და აი, ეს ყველაფერი, ბოლო 7 წლის განმავლობაში მიღწეული ეს სტაბილურობა, სააკაშვილის ნაცმოძრაობამ და ბოკერიას ევრონაცმოძრაობამ ერთი ხელის დაკვრით, რუსთველის გამზირზე ერთი ანტისახელმწიფოებრივი გაფართხალებით, წყალს გაატანეს.“

საქართველო და მსოფლიო, 3 ივლისი
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი:
"საინტერესოა, რით ჩაუნაცვლებენ რუსულ ბაზარს (რომელიც ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ძლივს გაგვიხსნეს და გლეხზე უკეთ არავინ იცის, რამხელა შვება იყო ეს ქვეყნისთვის), ქართულ ღვინოს, ვაშლს, ციტრუსს, ბოსტნეულს… ალბათ, ეტყვიან, რომ ყველაფერი “ბოროტი რუსეთის” ბრალია და სამშობლოს დაცვა მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ იმ ფაქტს რას უზამენ, რომ 20 ივნისს პროვოკაცია მოაწყვეს?! (ცხადია, დასავლეთის გლობალისტური ძალების დირიჟორობით, რომლებსაც ბოლო პერიოდში რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუმჯობესება სერიოზულად აშფოთებდათ)". https://bit.ly/2XrORi7  

მსგავსი მანიპულაციები მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დათესვასა და საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზვიადებულად წარმოჩენას.


მოამზადა მაიკო რატიანმა