პოლიტიკა

რამდენი ადამიანი მივიდა 26 თებერვლის აქციაზე და ვინ გააყალბა ნათელაშვილის პოსტი?

2 მარტი, 2021

2021 წლის 26 თებერვალს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართა. “მარში თავისუფლებისთვის” მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრნენ.

სახელისუფლებო, ანტიოპოზიციური ფეისბუქ-გვერდები და ანტილიბერალური ჯგუფები პროტესტის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას მიტინგის მონაწილეების რაოდენობაზე  მანიპულირებით შეეცადნენ:

ონლაინ გამოცემა “მარშალპრესის” ფეისბუქ-გვერდის მიხედვით, 26 თებერვალს პარლამენტის წინ  სულ 2 000 ადამიანი იყო შეკრებილი ჟურნალისტების, ოპერატორებისა და რიგითი გამვლელების ჩათვლით. 

;

ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შეფასებით კი, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა სულ რაღაც 3 000 იყო.

;

„მითების დეტექტორმა“ mapchecking.com-ის ხელსაწყოს გამოყენებით 26 თებერვლის აქციის მონაწილეთა დაახლოებითი რაოდენობა გამოთვალა - ტელევიზიების კადრებზე დაყრდნობით, აქციის მონაწილეთა მიერ დაკავებული არეალი და მათი სიმჭიდროვე განისაზღვრა. ამ გამოთვლით,  მომიტინგეების რიცხვმა მიახლოებით 11 449 ადამიანი შეადგინა. ფეისბუკ გვერდების “რეალობა” და “პოლიტიკური სარკაზმი” მიერ გავრცელებული შალვა ნათელაშვილის პოსტის სქრინი, სადაც ის მიტინგის დამსწრე 250 000 ადამიანზე საუბრობს, გაყალბებულია.

როგორ შეაფასეს 26 თებერვლის აქცია სახელისუფლებო აქტორებმა, ანტიოპოზიციურმა გვერდებმა და ანტილიბერალურმა ჯგუფებმა?

26 თებერვლის საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობის შესახებ პოსტები გაავრცელეს ხელისუფლების მხარდამჭერმა შემდეგმა ფეისბუქ-გვერდებმა: ტერენტი გლდანელი, სექტა, პოლიტიკური სარკაზმი, მიხეილ უკრაინოლოგი, ალტერნატიული სარკაზმი.
;;

;;

; 

პოლიტიკური სარკაზმისა და ალტერნატიული სარკაზმის ფოტოებში კი არ ჩანს, თუ რომელ საათზეა ისინი გადაღებული, სავარაუდოა, რომ ისინი პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების მხოლოდ ნაწილის შეკრებას ასახავს. პოლიტიკური სარკაზმის ერთ-ერთ  ფოტოს “მთავარი არხის” ლოგო აქვს დართული, “მთავარ არხს” კი ამ წარწერით ფოტო არ გაუვრცელებია. 

 ;;

“სექტისა” და ალტერნატიული სარკაზმის” პოსტები საჯარო ჯგუფებში “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა”,  “კონსერვატორები”, “თავისუფალი სიტყვის პარტიზანები” ყალბმა ანგარიშებმა Kviri Ka-მ და ნიკა ჯაყელმა გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ პირველს ხელისუფლების მხარდამჭერი და ანტიოპოზიციური გვერდები აქვს მოწონებული, მეორე კი ახლადშექმნილი ანგარიშია.

;;

;

;
;; 

ხელისუფლების მხარდამჭერმა გვერდებმა რეალობა, პოლიტიკური სარკაზმი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გაყალბებული სქრინი გამოაქვეყნეს. სქრინშოთზე ჩანს, თითქოს ნათელაშვილმა დაწერა, რომ აქციაზე 250 ათასი ადამიანი მივიდა. ნათელაშვილის ფეისბუქზე მსგავსი პოსტი არ იძებნება, გარდა ამისა, სქრინშოთზე 23 თებერვალია მითითებული, აქცია კი 26-ში გაიმართა.

;;
აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობას გამოეხმაურა სახელისუფლებო ექსპერტი, გია აბაშიძე, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ 26 თებერვალს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მხარდამჭერების 1%-ის მობილიზებაც კი ვერ შეძლო. 

გია აბაშიძის შეფასება აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის შესახებ საინფორმაციო სააგენტო resonancedaily.com-მა გამოაქვეყნა. სახელისუფლებო ექსპერტის რიტორიკული შეკითხვა აქციის ფოტოსა და რეზონანსის მასალის ბმულთან ერთად გააზიარა ფეისბუკ გვერდმა FunTube, ხოლო იგივე ფოტო ყალბმა ანგარიშმა Levan Shonia-მ  საჯარო ჯგუფში  რჩევები ツ  გაავრცელა.

;;
ოპოზიციის აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობრივ სიმცირეზე ხაზის გასმის მიზნით ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები (პოლიტიკური სარკაზმი, კონსერვატიული პლატფორმა  მიხეილ უკრაინოლოგი) ულტრა-ნაციონალისტურ და ანტილიბერალურ ჯგუფებთან  ერთად (სანდრო ბრეგაძე, გიორგი გიგაური, "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" მხარდამჭერთა ჯგუფი, ანტილიბერალური სივრცე)  26 თებერვლის ოპოზიციის აქციას ქუთაისში 28 თებერვალს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას ადარებდნენ.

;

დაახლოებით რამდენი ადამიანი მივიდა 26 თებერვლის აქციაზე? 

26 თებერვალს გამართული “მარში თავისუფლებისთვის” მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრნენ. მსვლელობის მონაწილეებმა პარლამენტის წინ შეკრებილებთან შეერთება დაახლოებით 14:00 საათიდან დაიწყეს. “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, 14:14 საათზე ჩანს, რომ ხალხი პარლამენტის წინ მჭიდროდაა განლაგებული, ასევე ჩანს, რომ მოქალაქეები თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ ტერიტორიის ნაწილზეც იმყოფებიან.

;

“იმედის” ეთერში, ქრონიკის მთავარ გამოშვებაში აჩვენეს კადრი აქციიდან, რომელზეც ჩანს, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი 9 აპრილის ქუჩის ნაწილსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ მცირე ტერიტორიასაც იკავებენ, ისევე როგორც ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის ნაწილსა და თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ ტერიტორიის ნაწილს.

;

;

გარდა ამისა, “მთავარი არხის” ეთერში გასული კადრებიდან ჩანს, რომ უშუალოდ პარლამენტის წინ, სიტყვით გამომსვლელთა გასწვრივ შეკრებილები საკმაოდ მჭდიროდ დგანან, პარლამენტის უკიდურეს მარცხენა მხარეზე კი სიმჭიდროვე შედარებით დაბალია.

;

;

აქციაზე მისული მოქალაქეების მიახლოებითი რაოდენობის გამოსათვლელად შეკრებილი ხალხის რაოდენობის მთვლელი ონლაინ ხელსაწყო mapchecking.com გამოვიყენეთ. Mapchecking-ი საშუალებას გვაძლევს გეოლოკაციით ვიპოვოთ კონკრეტული ადგილი, მოვნიშნოთ არეალი, სადაც შეკრებილი ადამიანები იდგნენ და მათ სიმჭიდროვის მაჩვენებელი მივუსადაგოთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული ხელსაწყო ადამიანების მიახლოებულ რაოდენობას ითვლის.

“მთავარი არხისა” და “იმედის” ეთერში გასულ კადრებზე დაყრდნობით, რუკაზე ის მონაკვეთი მოვნიშნეთ, რომელზეც 26 თებერვლის აქციის მონაწილეები იყვნენ განლაგებული.

;

იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვა სიმჭიდროვით იდგნენ, ტერიტორია ორ ძირითად ნაწილად გავყავით - 1. უშუალოდ პარლამენტის წინ ტერიტორია (მისი უკიდურესი მარცხენა ნაწილის გარდა) და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ ტერიტორიის ნაწილი; 2. პარლამენტის უკიდურესი მარცხენა ნაწილი და 9 აპრილის ქუჩის და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ პატარა ტერიტორია.

სიმჭიდროვის განსასაზღვრად Mapchecking-ის ვებ-გვერდზე მითითებული რესურსი გამოვიყენეთ, რომელზეც კონკრეტული სიმჭიდროვის ვიზუალური გამოსახულებებია მოცემული.

აქციის მონაწილეები ყველაზე მჭიდროდ უშუალოდ პარლამენტის წინ, ასევე ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე და პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ მდებარე ტერიტორიის ნაწილზე იდგნენ. აქ მდგომთა სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 2 ადამიანით შევაფასეთ, ამ არეალში არ მოვაქციეთ პარლამენტის უკიდურესი მარცხენა ნაწილი, რადგან, როგორც კადრებიდან ჩანს, აქ სიმჭიდროვე ცენტრთან შედარებით ნაკლებია. mapchecking-ის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე 8 554 ადამიანი განლაგდა.

;

;

რაც შეეხება პარლამენტის მარცხენა ნაწილის, 9 აპრილის ქუჩისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ პატარა ტერიტორიას, აქ სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 1.5 ადამიანით შევაფასეთ და მივიღეთ 2 895 ადამიანი.

;

;

ამ ორი რიცხვის დაჯამებით კი მივიღეთ 26 თებერვლის აქციაზე დამსწრეთა დაახლოებითი რიცხვი - 11 449 ადამიანი.

“მარშალპრესის” თქმით, 26 თებერვლის აქციაზე სულ 2 000 ადამიანი იყო, გიორგი გიგაურის თქმით კი - 3 000. მათ მიერ დასახლებული რიცხვები რეალური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილი ადამიანების მიერ დაკავებული არეალზე მათი სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 0.35 და 0.50 ადამიანი იქნებოდა, რაც 26 თებერვლის აქციას არ შეესაბამება.

;


მოამზადეს მარიამ ტალახაძემ და ანი ქისტაურმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.